ჯუჯა მარმოსეტი ძალიან პაწაწინა არსებაა. ეს პრიმატი მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის მაიმუნია, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ბინადრობს.

მისი ორი სახეობა არსებობს: დასავლური ჯუჯა მარმოსეტი (Cebuella pygmaea) და აღმოსავლური ჯუჯა მარმოსეტი (Cebuella niveiventris). ისინი ძირითადად ამაზონის ჯუნგლებში ბინადრობენ და მდინარის პირას მდებარე ტყიან ჰაბიტატებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ეს ცხოველები ხმებს აქტიურად გამოსცემენ და ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა ვოკალიზაციას მიმართავენ.

ფოტო: Vladislav T. Jirousek/Shutterstock

ჯუჯა მარმოსეტის ზომა საშუალოდ 12-15 სანტიმეტრია და იგი 85-140 გრამს იწონის; მათ ზოლებიანი მომწვანო-მოყავისფრო ბეწვი აქვთ, კუდი კი სხეულზე გრძელია და ის მარმოსეტებს ჯუნგლებში გადაადგილებაში ეხმარება.

Cebuella-ს გვარის წარმომადგენლები ხილით, მომცრო მწერებითა და ხის ფისით იკვებებიან. პატარა ზომის გამო ისინი მტაცებლების საკვებად თავადაც იქცევიან — კერძოდ, ჯუჯა მარმოსეტები არწივების, ქორებისა და გველების მსხვერპლები ხშირად არიან. ამ საფრთხითაა განპირობებული ის, რომ აღნიშნული მაიმუნები, როგორც წესი, ოჯახთან ერთად გადაადგილდებიან და მტაცებლის მოახლოებისას ერთმანეთს აფრთხილებენ.

მარმოსეტებში მაკეობის პერიოდი 4.5 თვეა. საინტერესოა, რომ ხშირად მდედრ მაიმუნებს ტყუპი ნაშიერი უჩნდებათ, ოჯახის ახალ წევრებზე კი მეტწილად მამა ზრუნავს და პატარებს ზურგით დაატარებს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მონაცემებით, ცხოველის ორივე სახეობა მოწყვლად სახეობათა სიაშია შეყვანილი, რადგან ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. სპეციალისტების თქმით, დასავლური ჯუჯა მარმოსეტის პოპულაცია ბოლო სამი თაობის განმავლობაში 30%-ითაა შემცირებული, რისი ძირითადი მიზეზიც ჰაბიტატის გაქრობა, გაუტყეურება და მათზე ნადირობაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.