მეცნიერებმა ლომის ღრიალის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელსაც შუალედური ღრიალი უწოდეს. იგი უფრო მოკლეა და დაბალი ბგერებით ხასიათდება. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ლომის ღრიალის მხოლოდ ერთი ტიპი არსებობს. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, შუალედური ღრიალი "სრულ" ღრიალს ყოველთვის მოსდევს თან.

ზოგადად, ლომების ღრიალს ორნაირი დანიშნულება აქვს: სხვა ლომებთან კომუნიკაცია და ტერიტორიულობის გამოხატვა. როგორც ადრე ჩატარებული კვლევით ვიგებთ, ნებისმიერი ლომის ღრიალი უნიკალურია. გარდა ამისა, მისი გაშიფვრით ცხოველის სქესის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების გაგებაა შესაძლებელი.

ამჯერად მეცნიერებმა ტანზანიის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში 50 მიკროფონი განათავსეს, 5 ლომს კი საყელოზე აკუსტიკური სენსორები მიამაგრეს. საბოლოოდ, მკვლევრებმა აფრიკული ლომების ღრიალის 3 149 ჩანაწერი გააკეთეს, რომელთა გასაანალიზებლადაც მათ ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს. სწორედ ასე გამოვლინდა შუალედური ღრიალი.

როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, AI-ის გარეშე ღრიალის სრული გაგება და ვოკალიზაციის მიხედვით ლომების ამოცნობა სუბიექტური იყო. თავისთავად, ლომები სხვა ხმებსაც გამოსცემენ, მაგალითად, იღრინებიან და კნავიან; თუმცა იდენტიფიცირებად "ხელწერებს" მხოლოდ ღრიალი თუ შეიცავს.

მკვლევრებმა 50 მიკროფონი დაამონტაჟეს, რომლებიც ხმებს 60 დღის განმავლობაში იწერდა.

ფოტო: Growcott et al. 2025

აღსანიშნავია, რომ AI მოდელის გამოყენებით მეცნიერებმა ლომის გამოცემული ხმების კლასიფიკაცია 95%-იანი სიზუსტით მოახერხეს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებაში დაახლოებით 23 000 აფრიკული ლომიღაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახეობა წითელ წიგნშია შეყვანილი. ახალი კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნაშრომი ლომების უფრო ზუსტი რაოდენობის განსაზღვრაში შეიტანს წვლილს.

კვლევა გამოცემაში Ecology and Evolution გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.