ახალი კვლევის მიხედვით, გულის დაავადებებსა და სიკვდილიანობას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს. სიგარეტის გამო მიღებული დაზიანება იმდენად ძლიერია, რომ ეს რისკი მოწევის შეწყვეტიდან ათწლეულების განმავლობაში რჩება.

ძველი კვლევებით უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ მოწევა კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ამის მიუხედავად, მოწევის სიხშირესა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირი აქამდე არ გამოკვეთილა. დღესდღეისობით ადამიანები იმაზე ნაკლები სიხშირით ეწევიან ვიდრე წარსულში, ამიტომ მსუბუქი მწეველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ფოტო: Getty Images

"ეს არის სიგარეტის მოწევასა და კარდიოვასკულარული დაავადებების შესახებ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა. საოცარია, თუ რამდენად საზიანო ეფექტები აქვს მოწევას. სიგარეტის პატარა დოზაც კი მნიშვნელოვან კარდიოვასკულარულ რისკებს იწვევს", — აღნიშნავენ მკვლევრები.

კვლევა 22 ნაშრომს ეფუძნება და ჯამში იგი 19.9 წელი გრძელდებოდა. მონაცემები 300 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ანალიზებს ეფუძნება და მათგან კვლევის მიმდინარეობისას 125 ათასი სიკვდილისა და 54 ათასი კარდიოვასკულარული დაავადების შემთხვევა აღირიცხა.

კვლევამ აჩვენა, რომ არამწეველებთან შედარებით დღეში ორიდან ხუთი სიგარეტის მოწევა გულის დაავადებების რისკს 50%-ით, ხოლო სიკვდილიანობას 60%-ით ზრდის. კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკის კლება ყველაზე აშკარა მოწევის შეწყვეტიდან პირველი 10 წლის განმავლობაში იყო და შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა.

იმის გამო, რომ ორგანიზმის სერიოზული დაზიანება იშვიათად მოწევასაც კი შეუძლია, მკვლევრები აღნიშავენ, რომ სიგარეტისთვის თავის ადრეულ ასაკში დანებება ზიანის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზაა. უბრალოდ მოწევის სიხშირის შემცირებას იგივე დამცველობითი ეფექტები არ აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.