ფსიქოლოგთა პროფკავშირი: იზოლაცია 10-14 წლის ბავშვებისთვის პრობლემური სასჯელია
"რეალური ცვლილებები იწყება პრევენციაზე ზრუნვით, მხარდაჭერით და იმ გარემოს გაჯანსაღებით, რომლის ანარეკლიც ეს ბავშვია".
ფოტო: საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი
ქართულმა ოცნებამ არასრულწლოვანებთან დაკავშირებული კანონპროექტი დააინიციირა: 10-იდან 14 წლამდე მოზარდები კანონის დარღვევის შემთხვევაში სასჯელს "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდიან. ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში 14 წელს მიუღწეველ პირებზე სამართლებრივი დევნა არ იწყებოდა.
კანონპროექტს საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი განცხადებით ეხმაურება. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემური ქცევის საპასუხოდ ეს მიდგომა ადეკვატური არ არის, ამას კი ბავშვის განვითარების სპეციფიკით, შესაბამისი რისკებითა და საერთაშორისო რეკომენდაციებით ასაბუთებენ.
საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი წერს, რომ კანონპროექტი "წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერების მიერ დაგროვილ ცოდნასა და შესაბამის რეკომენდაციებთან".
"10-14 წლის ბავშვებში იმპულსურობა, ქცევის შედეგების გაცნობიერების სირთულე და ზეგავლენის ქვეშ მარტივად მოქცევის ალბათობა ბავშვის განვითარების ბუნებრივი მახასიათებელია", — ვკითხულობთ განცხადებაში — "ეს ბუნებრივი მახასიათებელი პრობლემად მაშინ იქცევა, როცა ბავშვი არასათანადო გარემოში იზრდება. ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ამ გარემოს გაუმჯობესება და არა ბავშვის იზოლაცია".
პროფკავშირის განმარტებით, ბავშვების იზოლაცია არა გამოსავალი, არამედ პრობლემაა შემდეგი მიზეზების გამო:
- იზრდება თანატოლთა შორის არასასურველი ქცევის მიბაძვისა და გამეორების ალბათობა;
- ძლიერდება "პრობლემური ბავშვის" იარლიყი;
- ფერხდება ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება;
- იზრდება დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების ალბათობა.
"დახურული დაწესებულება, როგორც უკიდურესი ფორმა, შეიძლება მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ, როცა არსებობს მძიმე თვითდაზიანების/სუიციდის რისკი, ან ოჯახური გარემო ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და მხარდაჭერის ყველა სხვა ფორმა უკვე ამოწურულია", — ვკითხულობთ განცხადებაში —"შესაბამისად, იზოლაცია არის ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული დროებითი და უკიდურესი ღონისძიება და არა რეგულარული პასუხი რთულ ქცევაზე".
ფსიქოლოგები გამოსავალსაც გვთავაზობენ — წერენ, რომ სწორი მიდგომა ასეთ დროს ბავშვის მხარდაჭერაა თავისივე ბუნებრივ გარემოში. ამასთანავე, მათი თქმით, "ასეთი სივრცეები არა სამართალდამცავი სტრუქტურების, არამედ სოციალური ზრუნვის სისტემის ნაწილია, რაც ამცირებს დახურულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს".
უფრო ზუსტად, რეკომენდაციას შემდეგ ქმედებებს უწევენ:
- უზრუნველვყოთ სოციალური მუშაკის/მენტორის რეგულარული კონტაქტი ბავშვთან;
- გავაძლიეროთ ოჯახი და მხარი დავუჭიროთ მშობლებს;
- შევიმუშაოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ბავშვის სკოლაში დასაბრუნებლად;
- დროულად ჩავრთოთ პროფესიონალთა გუნდი კონფლიქტების მედიაციის პროცესში.
"ბავშვის მხარდაჭერა არ ნიშნავს მისი პასუხისმგებლობის უგულებელყოფას. პირიქით, მსგავსი მიდგომა ეხმარება მას, უკეთ გაიაზროს და შეცვალოს არასასურველი ქცევა.
რეალური ცვლილებები იწყება პრევენციაზე ზრუნვით, მხარდაჭერით და იმ გარემოს გაჯანსაღებით, რომლის ანარეკლიც ეს ბავშვია", — წერს საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი.
ცნობისთვის, 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პროფკავშირის შეხვედრაც გაიმართა.
კომენტარები