TikTok-ისა და Instagram Reels-ის გადაჭარბებული ყურება ჩვენს კოგნიტიურ პროცესებს აზიანებს — ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს მასშტაბური კვლევა, რომელიც ახლახან ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა.

ამ მეტაანალიზის ფარგლებში 71 კვლევა შეისწავლეს; ნაშრომებით სულ 98 299 ადამიანის მონაცემები მოიცვეს. მკვლევრებმა შემდეგი რამ შენიშნეს: რაც მეტ ხანმოკლე "კონტენტს" უყურებდნენ ადამიანები, მით უფრო სუსტი იყო მათი კოგნიტიური უნარებიც, კერძოდ ყურადღება და ინჰიბიტორული კონტროლი. სხვა სიტყვებით, მათთვის კონცენტრაცია უფრო რთულდებოდა.

"ძლიერად მასტიმულირებელი, სწრაფი კონტენტის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება შეჩვევა გამოიწვიოს. ამ დროს მომხმარებლებს მგრძნობელობა უქვეითდებათ უფრო ნელი კოგნიტიური დავალებების მიმართ, რომლებშიც მეტი ძალისხმევის ჩადებაა საჭირო, იქნება ეს კითხვა, პრობლემების გადაწყვეტა თუ ღრმა დასწავლა", — ვკითხულობთ ნაშრომში.

დაასკვნეს, რომ მოკლე ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოების ყურება უკავშირდებოდა როგორც უფრო სუსტ კოგნიციას (ყურადღება, ინჰიბიტორული კონტროლი, ენა, მეხსიერება და მუშა მეხსიერება), ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასაც, მათ შორის სტრესისა და შფოთვის მატებას. მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა სხეულის ხატსა და თვითშეფასებასთან მიმართებით.

"უწყვეტი ციკლი, როდესაც ახალ, ემოციურად მასტიმულირებელ კონტენტზე მონაცვლეობ, დოფამინის გამოყოფას უნდა იწვევდეს, რაც განმტკიცების წრეს ქმნის; ამას იქამდე მივყავართ, რომ ადამიანი ჩვევის გამო უყურებს; მეტია ემოციური დამოკიდებულებაც ციფრულ ინტერაქციებზე", — ვკითხულობთ ნაშრომში — "ჩვევად ქცეული ჩართულობა შეიძლება მომატებულ სტრესსა და შფოთვას უკავშირდებოდეს, რადგან ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ამის შეწყვეტა და რეალურ გარემოში ემოციების მართვა უჭირს".

კვლევის მიხედვით, მოკლე ქრონომეტრაჟიანი ვიდეოების ზედმეტად დიდხანს ყურებამ შეიძლება სოციალურ იზოლაციამდე მიგვიყვანოს.

უფრო ზუსტად, ნაშრომში აღნიშნულია, რომ აპლიკაციების გამოყენება სოციალური იზოლაციის გამძაფრებასთანაა კავშირში, რადგან რეალურ ინტერაქციებს პასიური ციფრული ჩართულობით ანაცვლებს და ამით მარტოსულობის შეგრძნებასაც ამძაფრებს. მკვლევრები დასძენენ იმასაც, რომ "ონლაინ ინტერაქციებზე ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებით უფრო დაბალ კმაყოფილებასთანაც კორელირებს".

ცხადია, ციფრულ ეპოქაში მეცნიერები აქამდეც გვაფრთხილებდნენ კოგნიტიური უნარების გაუარესებაზე.

MIT-ში ცოტა ხნის წინ კვლევა ჩაატარეს და კოგნიტიურ ფუნქციონირებაზე AI-ს გავლენა შეისწავლეს. მეცნიერებმა შემდეგი რამ შენიშნეს: სტუდენტებს, რომლებიც ესეის დასაწერად ChatGPT-ს იყენებდნენ, ტვინში გაცილებით სუსტი ნერვული აქტივობა ჰქონდათ და საკუთარი ნაწერიდან დეტალების გახსენებაც უჭირდათ.

იხილეთ: ამცირებს თუ არა ChatGPT ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს? — ახალი კვლევის შედეგები

მათ, ვინც წერისას ტექნოლოგიებს არ იყენებდა, ყველაზე მეტის გახსენება შეეძლო; იმ მონაწილეებს, რომლებიც პროცესში Google-ის საძიებო სისტემას მიმართავდნენ, ამ მხრივ საშუალო შედეგები ჰქონდათ.

გარდა ამისა, კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში ბავშვებს, რომლებიც სოციალურ მედიას ყოველდღიურად მოიხმარდნენ, გაცილებით დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ კითხვის, მეხსიერებისა და ლექსიკის საზომ ტექსტებში; ეს იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც სოციალურ მედიას არ მოიხმარდნენ.

APA-ს ახალი მეტაანალიზი კიდევ ერთი სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ სოციალური მედიის მოხმარებისას მეტი სიფრთხილე გვმართებს.