გიფიქრიათ, რა მოხდება, ჩვენს სხეულში მიკროსკოპული ზომის შავმა ხვრელმა რომ გაიაროს? ამ უცნაურ კითხვაზე პასუხი ფიზიკოს რობერტ შერერს აქვს, რომელიც ვანდერბილტის უნივერსიტეტში მუშაობს.

მისი თქმით, ზიანი საკმაოდ მცირე იქნება, თუკი შავი ხვრელის მასა კონკრეტულ ნიშნულზე დაბლა აღმოჩნდება. ამის მიუხედავად, ჩვენზე დარტყმითი ტალღა იმოქმედებს, რომელიც სხეულში გადაადგილებისას ხორცს გააპობს. ეს დაახლოებით ე.წ. ბალისტიკურ შოკს შეგვიძლია შევადაროთ, რომელიც ტყვიის მოხვედრას მოჰყვება. მეცნიერის ანალიზის თანახმად, 100 მილიარდი ტონის შავი ხვრელიც კი მაინც იმაზე ნაკლებად დაგვაზიანებდა, ვიდრე 0.22 კალიბრის ტყვია.

"მახსოვს 1970-იან წლებში წაკითხული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, რომლის პერსონაჟიც სხეულში შავი ხვრელის გავლის გამო კვდება. მინდოდა გამერკვია, რამდენადაა ეს შესაძლებელი", — აცხადებს ფიზიკოსი.

მიიჩნევა, რომ შეიძლება სწორედ ე.წ. სუბვარსკვლავური მასის მქონე პირველადი შავი ხვრელები ასოცირდებოდეს ბნელ მატერიასთან, რომელიც სამყაროში არსებულ ზედმეტ გრავიტაციაზეა პასუხისმგებელი. ეს დადასტურებული არაა, თუმცა ასეთ პატარა შავ ხვრელებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის მათ პოტენციურ ზიანზე.

რობერტ შერერის კვლევის მიხედვით, ამგვარმა შავმა ხვრელმა ჩვენი სხეული საგრძნობლად რომ დააზიანოს, მისი მინიმალური მასა დაახლოებით 140 კვადრილიონი გრამი უნდა იყოს. ეს 140-ამდე მილიარდი მეტრული ტონის ეკვივალენტურია, ანუ ასტეროიდ ტაუტატისის მასას 7-ჯერ აღემატება.

ფოტო: Robert Lea

ამ მასის შავი ხვრელი ძალიან პატარა იქნება — შვარცშილდის დიამეტრით მხოლოდ 0.4 პიკომეტრი (მეტრის 1 მეტრილიონედი). შედარებისთვის, წყალბადის ატომის დიამეტრი დაახლოებით 106 პიკომეტრია. გამოდის, რომ ასეთი შავი ხვრელი 200 კმ/წმ სიჩქარით რომ "შეგვეჯახოს", ჩვენი სხეულის შემადგენელი ქსოვილების უმეტესობასთან ურთიერთქმედებაში ვერც შევა.

ამის მიუხედავად, ეს სისწრაფე მშრალ ჰაერში ბგერის სიჩქარეს აჭარბებს, ამიტომ ზებგერით შოკს წარმოქმნიდა. შედეგად, როგორც უკვე ვახსენეთ, ხორცი გაიგლიჯებოდა; არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამგვარ ობიექტებს ძლიერი მიზიდულობა აქვს, რომელიც მათთან ახლომდებარე გარემოზე ზემოქმედებს. მით უფრო დიდია მიზიდულობის გავლენა ობიექტის კონკრეტულ ნაწილზე, რაც უფრო მცირე დისტანციაა შავ ხვრელსა და მას შორის. მოქცევითი ძალა ამ ნაწილს "წელავს" და ისე შთანთქავს, რასაც სპაგეტიფიკაცია ეწოდება.

შავი ხვრელის დარტყმითმა ტალღამ ყველაზე მგრძნობიარე ქსოვილი — ტვინი — სერიოზულად რომ დააზიანოს, მისი მასა სულ მცირე 7 კვინტილიონი გრამი უნდა იყოს, ანუ 7 ტრილიონი მეტრული ტონა (ასტეროიდ ირიდას მსგავსი). ესაა მინიმალური ზღვარი, რომლის შემთხვევაშიც სპაგეტიფიკაციაა შესაძლებელი.

რობერტ შერერმა ისიც გამოითვალა, თუ რამდენად ხშირად შეიძლება ასეთი შავი ხვრელები ადამიანს "შეეჯახოს". თეორიულად, ეს დაახლოებით ყოველ კვინტილიონ წელში ერთხელაა შესაძლებელი, ჩვენი სამყარო კი მხოლოდ 13.8 მილიარდი წლისაა. შესაბამისად, თუკი მსგავსი შავი ხვრელები არსებობს, სანერვიულო არაფერი გვაქვს.

შერერის ნაშრომი გამოცემაში Journal of Modern Physics D გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.