ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები
ფოტო: Jodie Mulkearns/iStock
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლების ყველა ჯიშის თითქმის ორ მესამედში მგლის დნმ გვხვდება. ამის მიუხედავად, ეს კვალი 20 000 წლის წინანდელი პერიოდიდან არაა შემორჩენილი, როცა ისინი მგლებს გენეტიკურად გამოეყვნენ, არამედ ბოლო რამდენიმე ათას წელში მათი შეჯვარების შედეგია.
სავარაუდოდ, ამან თანამედროვე ძაღლების ზომაზე, ყნოსვასა და ხასიათზეც იქონია გავლენა. რაც შეეხება მგლებთან შეჯვარებას, მიიჩნევა, რომ ეს იშვიათია, თუმცა მათ შთამომავლობის ყოლა შეუძლიათ.
"ამ კვლევამდე არსებული წამყვანი სამეცნიერო ვარაუდის თანახმად, ძაღლი რომ ძაღლი იყოს, მას მგლის ზედმეტი დნმ არ უნდა ჰქონდეს, თუკი საერთოდ ექნება", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ოდრი ლინი.
მან და მისმა კოლეგებმა საჯარო ბაზებში არსებული ათასობით მგლის გენომი შეისწავლეს; აღმოაჩინეს, რომ ძაღლების თანამედროვე ჯიშების 64%-ზე მეტში მგლის დნმ გხვდება, მათ შორის ჩიხუახუებშიც — 0.2%.
ყველაზე მეტი ასეთი დნმ ჩეხოსლოვაკიურ და საარლოსის მგელძაღლებშია, რომლებშიც 40%-ს შეადგენს; იმ ჯიშებიდან, რომლებიც სახლში შინაურ ცხოველებად გვყავს, პირველობას დიდი ანგლო-ფრანგული სამფერა იკავებს — მასში მგლის დნმ-ს დაახლოებით 5% უკავია; მაღალი მაჩვენებელია მწევრებშიც.
ამგვარი გენეტიკის ძაღლები, როგორც წესი, დიდი ზომითაც გამოირჩევიან, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. მაგალითად, სენბერნარს მოზრდილი სხეული აქვს, მაგრამ მასში მგლის დნმ-ს ვერ მიაგნეს.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მგლის გენეტიკა აქვს იმ ძაღლების 100%-ს, რომლებიც დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ შინაურ ცხოველებად არ გვყავს. ესენი არიან ე.წ. სოფლის ძაღლები, რომლებიც შეიძლება მგლებთან უფრო ხშირად იკვეთებოდნენ და ხროვიდან გამოცალკევებულ მდედრებთან წყვილდებოდნენ.
საინტერესოა, რომ ის ძაღლები, რომლებშიც მგლის გენეტიკა ნაკლებადაა, უფრო მეგობრულები აღმოჩნდნენ. ასევე, ისინი მარტივად იწვრთნებიან და მოსიყვარულეები არიან. მეორე მხრივ, "მგლური" ძაღლები სტატისტიკურად უფრო ხშირად მიიჩნიეს დამოუკიდებლებად, უცხოებისადმი უნდობლებად და ტერიტორიის დამცველებად. ამის მიუხედავად, ეს აღწერები ძაღლების ინდივიდუალური ქცევის პროგნოზირებაში ვერ დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

კომენტარები