პირველი შემთხვევა: DataFest Tbilisi-ს საბავშვო პროგრამა ემატება
ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, თქვენთვის საინტერესო კონფერენციაზე შვილთან ერთად შეგძლებოდათ წასვლა და იქ მასაც დახვედროდა ასაკის შესაბამისი საინტერესო აქტივობები?
DataFest Tbilisi-ს, წელს პირველად 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, საბავშვო პროგრამა ემატება.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალია, რომლის წლევანდელი გამოშვებაც მთლიანად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ თემებს ეძღვნება. წელს პირველად კი ფესტივალი ტექნოლოგიებითა და მონაცემებით დაინტერესებულ ბავშვებსაც უმასპინძლებს.
ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება, საბავშვო პროგრამა კი ღონისძიების მესამე დღეს, 29 ნოემბერს გაიხსნება. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ 7-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.
ღონისძიების საბავშვო პროგრამა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ინტერაქციულ ინსტალაციებსა და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. მონაწილეები მხიარული თამაშებისა და ტრენინგების დახმარებით გაეცნობიან ისეთ სერიოზულ თემებს, როგორებიცაა:
- ტექნოლოგიები;
- პირადი მონაცემები;
- ინტერნეტ უსაფრთხოება;
- მონაცემების გამოყენება;
- თამაშის დიზაინი და სხვ.
სახალისო აქტივობებისა და ექსპოს პარალელურად, ყველა ასაკის ბავშვს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს უფრო სიღრმისეულ პრაქტიკულ სესიებს რობოტიკისა და ინჟინერიის თემებზე, რომლებსაც წარუძღვებიან Robocode-ის, IT Step Academy-ისა და TUMO-ს გამოცდილი ტრენერები.
სტუმრებს ასევე დახვდებათ საქართველოს რობოტიკის ასოციაციის კუთხე მინიატიურული რობოტების შეჯიბრისთვის მოწყობილი მინი არენით, სადაც შეძლებენ, თავად ჩაერთონ აქტივობაში და მინი რობოტებით ებრძოლონ ერთმანეთს.
საბავშვო კუთხეში ასევე წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტალაციები, სადაც ბავშვებს, მშობლებთან ერთად, საკუთარი პასუხების მონიშვნით რეალური ფიზიკური დიაგრამების აგება შეეძლებათ.
DataFest Tbilisi-ის საბავშვო პროგრამის მიზანია, ბავშვებში ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს მიმართ ჯანსაღი ინტერესი, კრიტიკული აზროვნება და უსაფრთხო ქცევის უნარები გააღვივოს.
პროგრამის ბოლოს, საფესტივალო სივრცეს მონაცემთა პატარა მკვლევრები სპეციალური სერტიფიკატებითა და დიდი შთაგონებით დატოვებენ.
რაც შეეხება DataFest Tbilisi-ის მთავარ ნაწილს — უფროსებისთვის განკუთვნილ პროგრამას — ის 4 ძირითად მიმართულებას ფარავს და იკვლევს, როგორ გამოიყენება თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და ხელოვნებაშიც კი.
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.
DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ბავშვთა პროგრამის პარტნიორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში. ხოლო ბავშვთა პროგრამის მხარდამჭერები არიან: რობოტექნიკისა და პროგრამირების სკოლა რობოკოდი, IT Step აკადემია, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს რობოტიკის ასოციაცია.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
კომენტარები