დეჟა-ვიუს ერთ-ერთი საიდუმლო ამოიხსნა: როგორ უკავშირდება ის მომავლის პროგნოზის განცდას?
ფოტო: linkedin/mindsjournal
მეცნიერებმა დეჟა-ვიუს ფენომენზე ახალი კვლევა ჩაატარეს. მათ ნაშრომში ექსპერიმენტული მტკიცებულება წარმოადგინეს იმაზე, რომ ეს შეგრძნება ზოგჯერ ილუზიას გვიქმნის, თითქოს მომავლის პროგნოზირება შეგვიძლია: როდესაც უცხო სიტუაციაში რაღაც ნაცნობს ვპოულობთ, სუბიექტური განცდა გვიჩნდება, თითქოს ისიც ვიცით, ამის შემდეგ რა მოხდება.
მეცნიერები დეჟა-ვიუს ფენომენს უკვე ათწლეულებია იკვლევენ, მათ შორის ზემოთ ნახსენებ ფსიქოლოგიურ ეფექტსაც. ადრე გამოქვეყნებული ნაშრომების თანახმად, როცა დეჟა-ვიუს უფრო ძლიერად ვგრძნობთ, მომავლის განჭვრეტის უნარშიც მეტად ვართ დარწმუნებულნი.
ასევე იხილეთ: დეჟავუ — რა იმალება ამ იდუმალი ფენომენის მიღმა?
უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე ჩატარებული კვლევები უმეტესად კორელაციური იყო: დეჟა-ვიუს ინტენსივობასა და პროგნოზის უნარს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ნაკლებად ადგენდა; ახალი ნაშრომის ავტორებმა კი სწორედ ამის გაუმჯობესება სცადეს.
მათი მეთოდი შემდეგნაირი იყო: ცდისპირების ნაცნობობის აღქმაზე უნდა მოეხდინათ ზეგავლენა, რა დროსაც დააკვირდებოდნენ, მომავლის პროგნოზირების შეგრძნება თუ გაიზრდებოდა. რაც მთავარია, კვლევის მონაწილეებისთვის პირდაპირ არ მიუთითებიათ, რომ დეჟა-ვიუზე ეფიქრათ.
მკვლევრებმა ვირტუალური რეალობის პარადიგმაზე დაფუძნებით 3 სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ რამდენიმე ვიდეო კლიპი გამოიყენეს, რომლებშიც ტურები ვირტუალურ გარემოში პირველპირისეული პერსპექტივით იყო წარმოდგენილი. ვიდეოებში სხვადასხვა გარემო იყო აღბეჭდილი, მაგალითად, კაფეტერიები და სასამართლო დარბაზები.
კვლევისთვის ის ცნება გამოიყენეს, რომელიც ფსიქოლოგიაში გეშტალტ ნაცნობობის ჰიპოთეზის სახელითაა ცნობილი. ამ თეორიის თანახმად, დეჟა-ვიუ მაშინ ხდება, როცა ახალი სცენარის სივრცული განლაგება რომელიმე მოგონებისას ემთხვევა, მაშინაც კი, თუ კონკრეტული დეტალები განსხვავდება.
პირველ ექსპერიმენტში ბაკალავრიატის 66 სტუდენტი მონაწილეობდა. თავიდან მათ ვირტუალურ ტურებს უყურეს, რომლებშიც ზოგი სცენარი მხოლოდ ერთხელ იყო ნაჩვენები, ზოგი კი — სამჯერ. ამის შემდეგ კვლევის სატესტო ნაწილი დაიწყო, რომელშიც ცდისპირებს სრულიად განსხვავებული სცენარები აჩვენეს. ახალი ტურების ნახევარში ზუსტად იგივე სივრცული განლაგება და მოძრაობის ტრაექტორია გვხვდებოდა, როგორიც კვლევის პირველ ნაწილში.
ვიდეოს ყოველ ჯერზე კამერის ბოლოჯერ მოტრიალების წინ აპაუზებდნენ. ამ დროს ცდისპირებს უნდა ამოეცნოთ, პირველ ნაწილში ნანახი სცენარებიდან რომელს ჰგავდა ამჟამინდელი ვიდეო. ამასთან, ისიც უნდა დაესახელებინათ, შეეძლოთ თუ არა შემდეგი სვლის პროგნოზი — რომელ მხარეს მიტრიალდებოდა კამერა, მარცხნივ თუ მარჯვნივ.
ანალიზის დროს მკვლევრებმა აქცენტი იმ ცდებზე გააკეთეს, რომლებშიც მონაწილეებმა სცენარის ამოცნობა ვერ შეძლეს. ამის მიზანი ის იყო, რომ პროგნოზის "უნარი" ნაცნობობის შეგრძნებაზე ყოფილიყო დაფუძნებული და არა მეხსიერებაზე.
პირველ ექსპერიმენტში ცდისპირებმა პროგნოზი ისეთი სიზუსტით შეძლეს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა ვერ იქნებოდა. კვლევის ავტორების ვარაუდით, ამ შედეგს გარკვეულწილად შეკითხვების თანმიმდევრობაც განაპირობებდა.
სწორედ ამიტომ მათ მეორე ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რომელშიც 94 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ცდაში ცდისპირებმა ჯერ პროგნოზთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს და მიმართულების გამოცნობა სცადეს; მათ მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეს შეკითხვას, თუ რომელ სცენარს აგონებდათ ეს ვიდეო პირველ ფაზაში ნანახი კადრებიდან.
აღმოჩნდა, რომ სივრცული ნაცნობობის შეცვლასთან ერთად ადამიანებს იმის შეგრძნებაც უმძაფრდებოდათ, თითქოს წინასწარ იცოდნენ, თუ საით მიტრიალდებოდა კამერა. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ ეფექტს გარემოს ნაცნობობა იწვევს და არა დეჟა-ვიუსთან დაკავშირებული რომელიმე "პარანორმალური" უნარი.
მესამე ექსპერიმენტში 124 ცდისპირი მონაწილეობდა. მათ შემთხვევაში მკვლევრებმა ის შეამოწმეს, თუ რამდენად მოქმედებდა მომავლის პროგნოზის განცდაზე ნაცნობობასთან დაკავშირებული შეკითხვები. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს: ერთმა ნაცნობისა და პროგნოზის შეგრძნებები შეაფასა, მეორემ კი მხოლოდ პროგნოზი. შედეგები ორივე ჯგუფის შემთხვევაში იდენტური აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ფსიქოლოგიური ეფექტი ავტომატურია და მის წარმოქმნას ნაცნობობის შეგრძნებაზე ყურადღების გამახვილება არ სჭირდება.
ისიც საინტერესოა, რომ 3-ჯერ ნანახი სცენარების შემთხვევაში ნაცნობობის განცდაც და პროგნოზის ილუზორული უნარიც უფრო ძლიერად აღიქმება, ვიდრე ერთხელ ნანახი კადრების შემთხვევაში. ეს იმას მოწმობს, რომ მეხსიერებასა და პროგნოზის უნარს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ ცდისპირებისთვის დეჟა-ვიუ საერთოდ არ უხსენებიათ. ამასთან, ნაცნობობის შეგრძნების გასაჩენად მათ მხოლოდ ერთმანეთის მსგავსი სივრცითი განლაგება გამოიყენეს. შესაბამისად, უცნობია, იგივე ეფექტი მაშინაც თუ გამოვლინდებოდა, ექსპერიმენტებში ნაცნობი სახე, ხმები ან სხვა რამე რომ გამოეყენებინათ.
კვლევა გამოცემაში Consciousness and Cognition გამოქვეყნდა.
კომენტარები