დაღესტნელი რუსი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, ზედამხედველებმა აწამეს
დაღესტანში მცხოვრები კაცი, რომელიც უკრაინაში მსახურობდა, სავარაუდოდ, მეთაურის მხრიდან წამების შემდეგ რუსეთის კლინიკაში გადაიყვანეს. დედამისის თქმით, მისი შვილი უკან, უკრაინაში იქამდე დააბრუნეს, სანამ მკურნალობას დაასრულებდა.
ჯარისკაცის დედამ, რაისატ ზალიმხანოვნამ მოსკოვში დაღესტნის წარმომადგენელთან არსებული მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც ის ითხოვს, მისი შვილის მკურნალობის საქმე გამოიძიონ.
ზალიმხანოვნას უთხრეს, რომ მოსკოვის ოფისს მსგავსი საკითხები არ ეხება. ქალმა მოსკოვში არსებულ დაღესტნის მისიის ოფისს იმიტომ მიმართა, რომ მისი შვილი სწორედ მოსკოვში გაიწვიეს და არა — დაღესტანში.
"ჩემი შვილი თავდაპირველად მოსკოვში დაიბარეს. თუკი დაღესტნის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა ჩვენი სამხედრო პერსონალის უფლებებს არ იცავს, მაშინ საერთოდ რა არის მისი პასუხისმგებლობა?".
წერილში ზალიმხანოვნა წერს, რომ ჯარისკაცი გასული წლის სექტემბერში გაიწვიეს და "მასზე მეთაური და მისი ორი ქვეშევრდომი სისტემატურად ძალადობდნენ".
"ჩემი შვილი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინა] ზონაში რამდენიმე დღე ჰყავდათ ბოძზე ხელბორკილებით მიჯაჭვული და ხელკეტებით სცემდნენ", — ნათქვამია წერილში.
ჯარისკაცის დედა იმასაც წერს, რომ როცა მის შვილს ჯანმრთელობა ძალადობის გამო გაუუარესდა, მეთაურმა მის დახმარებაზე უარი თქვა. დამატებით, მეთაურმა სხვა ჯარისკაცებსაც აუკრძალა მასთან მიკარება და "წყლის მიტანა".
"მეთაური არაერთხელ დამუქრებია ჩემს შვილს, რომ კომენდანტთან გაუშვებდა, სადაც მას გარანტირებულად სცემდნენ", — ამბობს ქალი. მისი თქმით, მოსალოდნელია, ამ ყველაფრის გამჟღავნების შემდეგ მისი შვილი ფრონტის წინა ხაზზე გაუშვან, რათა სამხედრო პირების არალეგალურ ქმედებებს ფარდა არ აეხადოს.
დაღესტნელი ჯარისკაცი 19-29 ივლისის პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ის საბრძოლო ზონაში მკურნალობის დასრულებამდე დააბრუნეს.
ზალიმხანოვნას მიმართვის საპასუხოდ, დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ "სიტუაციას აკონტროლებს".
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების არც ერთი პრობლემა არ დარჩება უყურადღებოდ", — ნათქვამია მელიკოვის განცხადებაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები