აზერბაიჯანის სოფელ სოიუდლუში მაღაროების მუშაობა შეჩერდება — ალიევი "პროვოკატორებს" დაემუქრა
დასავლეთ აზერბაიჯანის სოფელ სოიუდლუს მახლობლად არსებული მაღაროების მუშაობა პროტესტის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ შეჩერდება. საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ პოლიციამ სოფელში ლოქდაუნი გამოაცხადა. სიახლე ერთ დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პროტესტის შესახებ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
12 ივლისს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "სამუშაო ოპერაციების დროებით შეწყვეტა" მომპოვებელ კომპანიასთან შეთანხმებულია.
ბაბაევმა დაამატა, რომ რეგიონში ჰაერის ხარისხის ტესტირებამ აჩვენა, რომ "სახიფათო ნივთიერებები ნორმას არ აჭარბებდა". პროტესტის მონაწილეების მტკიცებით ქიმიური ნივთიერებების მაღაროდან ხელოვნურ ტბაში ჩადინებამ ჰაერის ხარისხის გაუარესება და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სოფელი უკვე სამი კვირაა პოლიციის საგუშაგო პოსტებით არის გამაგრებული, რომლებიც სოფლის მაცხოვრებლების გარდა ნებისმიერ ადამიანს უკრძალავენ სოფელში მიმოსვლას.
20-21 ივნისის საპროტესტო გამოსვლების პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა პირველად გააკეთა კომენტარი, რომლითაც გააკრიტიკა ეკოლოგიის სამინისტრო და "პროვოკატორები".
11 ივლისს, შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრები და ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა, 2023 წლის პირველი ექვსი თვის "შედეგებს" განიხილავდნენ. ალიევმა განაცხადა, რომ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო "სულ მცირე დაუდევრად მოიქცა, კონტროლის ნაკლებობა აჩვენა [...] და შედეგად, უცხოელმა ინვესტორმა მოწამლა ჩვენი ბუნება".
"ნუთუ სამინისტროში არ იცოდნენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს? ან იცოდნენ და თვალები დაიბრმავეს, ან არ იცოდნენ. ორივე მიუღებელია".
ოქროს მაღაროებს ოფიციალურად ბრიტანული კომპანია Anglo Asian Mining Plc ამუშავებს, რომელიც ირანელი ბიზნესმენის, რეზა ვაზირის მიერ იმართება. თუმცა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოვლენის 2016 წლის გამოძიების მიგნებით, მაღაროები რეალურად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შვილების მფლობელობაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ალიევის თქმით, ხალხმა გასაპროტესტებლად "ხმა მართებულად აიმაღლა", მან მოქალაქეები დაადანაშაულა, რომ "პროვოკატორების აგიტაციას" აჰყვნენ და "უხამსი" და "უკანონო" ქმედებები ჩაიდინეს.
"პროვოკატორების ნაწილი აზერბაიჯანში იმალება, ნაწილი კი საზღვარგარეთ არის. აზერბაიჯანში მყოფები უკვე იდენტიფიცირებული არიან და რამდენიმე მართლმსაჯულების წინაშეც წარდგა. საზღვარგარეთში მყოფებსაც მოვთხოვთ პასუხს", — აღნიშნა ალიევმა, "როგორც ამბობენ, დაე, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დავივიწყეთ".
საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მოყოლებული არაერთი მონაწილე, ჟურნალისტი და ის ადამიანი დააპატიმრეს, ვინც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. ადგილობრივები დამატებით ამტკიცებენ, რომ აქციების ორგანიზებაში ჩართული სოფლის 5 მაცხოვრებელი დააკავეს, ბაქოში გადაიყვანეს და მათ შესახებ სიახლე აღარ გავრცელებულა.
პროტესტის სულ მცირე 5 მონაწილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ერთს კი 1 500 სომხური მანათის (2 276 ლარი) ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ ბიზნესის მესაკუთრე, რომელმაც საპროტესტო ბანერები დაბეჭდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.
ივნისის მიწურულს გავრცელებულმა მასალამ, რომელშიც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ჩანს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ორშაბათს, საუბრისას ალიევმა განაცხადა, რომ პოლიციამ "შემწყნარებლობა" აჩვენა, თუმცა გაიმეორა ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცება, რომ პროტესტის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები ესროლეს.
"ჩვენ არ ვთამაშობთ", — თქვა მან, "დავსჯით ისე, როგორც საჭიროა, თუ ჩავთვლით, რომ საჭიროა, ვინც საჭიროა, რათა ინანოს [მისი ქმედებები]".
სოიუდლუს მცხოვრებმა, რომელიც OC Media-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, აღნიშნა, რომ მიუხედავად პრეზიდენტის მიერ პროტესტის აღიარებისა, პოლიციის პუნქტები სოფლის შესასვლელში ისევ არის.
"ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმური იყო. მაგრამ პრეზიდენტმა გამოსვლაში ისინი დაგმო, ვინც პოლიციის მისამართით ქვა ისროლა. სადაც ჩვენ ვიდექით, ქვა არავის უსვრია", — თქვა მან.
მან ასევე დაამატა, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა "სახელმწიფო ინსტიტუტებს" დიდი ხნის წინ მიმართეს, თუმცა მოქმედება მხოლოდ ალიევის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
"მაშინ რატომ არავინ დაინტერესდა, როცა ვთქვით, რომ სოფელი იწამლებოდა და დაავადებები ვრცელდებოდა? მაგრამ ახლა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, უწყებები [...] ხალხს ელაპარაკებიან და დაინტერესდნენ. მოგვიანებით ისევ დავაინტერესებთ?" — იკითხა მან.
მან ასევე მოითხოვა, რომ გაათავისუფლონ პროტესტის ორგანიზებაში ჩართული 5 ადამიანი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს.
"ისინი უდანაშაულონი არიან და მათ მიმართ ბაქოში გამოძიება მიმდინარეობს. მათ სიცოცხლეზე ვდარდობთ", — აღნიშნა მან.
პრეზიდენტი ხალხთან ახლოს
აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა და სამშვიდობო აქტივისტმა, ბაჰრუზ სამადოვმა OC Media-სთან განაცხადა, რომ ალიევის მხრიდან ეკოლოგიის სამინისტროსადმი მძაფრი და ადგილობრივების მიმართ შედარებით რბილი კრიტიკა, მიზნად ისახავდა საკუთარი პრესტიჟის შენარჩუნებას.
"ალიევის სიტყვით გამოსვლა [...] წინასწარ გათვლილი იყო, რათა დაეცვა ხალხთან ახლოს მდგომი პრეზიდენტის რეპუტაცია, რომელიც ომის შემდგომ განმტკიცდა", — აღნიშნა სამადოვმა — "ილჰამ ალიევს აქამდეც გაუკრიტიკებია ოფიციალური უწყებები და აღუნიშნავს, რომ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ხალხს ვნებს. როცა მსგავსი კომენტარები ვრცელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მართლაც არ იცის იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, მინისტრები და ჩინოვნიკები ატყუებენ, მაგრამ თვითონ სამართლიანია და ხალხთან ახლოს".
თუმცა, სამადოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან პოლიციის დაცვა "წითელი ხაზის" გადაკვეთა იყო.
"რაც არ უნდა იყოს, წესრიგისა და სტაბილურობის დაცვას წმინდათაწმინდად წამოაჩენს", — აღნიშნა სამადოვმა.
აღნიშნულის Facebook-ზე გამოეხმაურა აქტივისტი და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, რუფატ საფაროვი.
"გუშინდელ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ მადლობელი უნდა ვიყოთ, თუ კრიტიკის [ხელისუფლების] გამო არ გვკლავენ", — დაწერა მან — "როგორც მოვლენების აქტიური დამკვირვებელი, ვაცხადებ, რომ სახელმწიფოს მეთაურმა რეპრესიული მეთოდები, ძალადობა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გაამართლა. ეს მიუღებელია".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები