რა ხდება, როცა მოსამართლე კანონს არღვევს
კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა — ეს ის ორი მთავარი პირობაა, რომელსაც მოსამართლეობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს და მისი შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებიც ესაა. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლე კანონისა და სამართლის აღსრულების გარანტიაა, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა სწორედ მოსამართლეა ის, ვინც კანონის დამრღვევად გვევლინება.
იმისთვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, პირველ რიგში, ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა გადავხედოთ, სადაც განმარტებულია, რომ კანონით მოსამართლე ხელშეუხებელია.
- დაუშვებელია მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ დროს, თუ საბჭო არ მისცემს თანხმობას პატიმრობაზე, მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თანხმობის გადაწყვეტილებას კი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს.
- რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართლდარღვევას, მოსამართლეს პასუხისმგებლობისგან არანაირი ნორმატიული აქტი არ ათავისუფლებს.
რა არის და რა შემთხვევაში დგება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი
სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე On.ge-სთან განმარტავს, რომ მოსამართლე გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან კონსტიტუციით იმ შემთხვევაში, თუ ის ეხება უშუალოდ მის სამოსამართლო საქმიანობას. მას არ შეიძლება, პასუხი მოეთხოვოს იმის გამო, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.
"მოსამართლე არ აგებს პასუხს, თუ არასწორად განმარტა კანონი გადაწყვეტილების მიღების დროს. პირობითად, არასწორად გამოთვალა და შეუფარდა სანქცია პირს. მოსამართლეს ანგარიშვალდებულად აქცევს მისი პროფესიული პასუხისმგებლობის სტანდარტი, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა", — ამბობს ბაქრაძე.
მისივე განმარტებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დგება, თუ:
- მოსამართლეს ისეთი დარღვევები აქვს, რომელიც ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას ან ჯეროვნად ვერ ასრულებს ფუნქციას.
მაგალითად, მუდმივად აჭიანურებს სასამართლო პროცესებს და არღვევს სასამართლო ეთიკას. ასეთ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭო განიხილავს დამოუკიდებელი ინსპექტორის მოკვლეული მასალების საფუძვლებს, მიიღებს მისი დევნის ან საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი არჩევით ორგანოზეა — დისციპლინურ კოლეგიაზეა.
"შემდეგ უკვე საჩივრდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეს არის ერთადერთი წესი, როცა რაიმე გადაცდომის გამო შესაძლებელია მოსამართლე გაათავისუფლონ თანამდებობიდან. პასუხისმგებლობის სახით მოსამართლე გათავისუფლება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზეა შესაძლებელი", — განმარტავს ბაქრაძე.
დისციპლინური გადაცდომის სახეები:
- კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება — ასეთ სამართალდარღვევად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთან შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს;
- მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;
- მოსამართლისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოს მიმართ ნდობას;
- საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება;
- მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
- მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;
- დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;
- მოსამართლის ეთიკის ნორმების დარღვევა.
როგორ შევიტანოთ დისციპლინური საჩივარი — ეს იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ მიიჩნევთ, რომ მოსამართლემ დაარღვია კანონი ან მოიქცა არაეთიკურად. მოსამართლე, ისევე, როგორც ყველა მოქალაქე, თანასწორია კანონის წინაშე და პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თუ ფიქრობთ, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, საჩივარი წარედგინება პროკურატურას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში — იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ან უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს, ან სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს.
მოსამართლის ეთიკის ნორმები
როგორც უკვე ვთქვით, იმისთვის, რომ მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, მან ეთიკის ნორმები უნდა დაიცვას. ის საყოველთაოა, თუმცა პრაქტიკა და კრიტიკა, რომელსაც წლებია, ქართულ სასამართლოს უყენებენ, აჩვენებს, რომ ყველა მოსამართლე ასე არ მიიჩნევს.
ამ სიტყვებით იწყება საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები. ის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სამოსამართლო ეთიკის სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტადარტებს ეყრდნობა. კონკრეტულად კი მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნას.
ამ ტექსტის თანახმად, მოსამართლეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მხოლოდ სამოსამართლო ფიცის ერთგული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი, წესიერი, თანასწორობის პრინციპის დაცვით მოქმედი, კომპეტენტური და გულმოდგინე მოსამართლეები უზრუნველყოფენ სამართლიანი სასამართლოს არსებობას.
ნათქვამია, რომ როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების, ისე, არასამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლის სათანადო ეთიკური ქცევა სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის გარანტია.
ბოლოს კი მითითებულია, რომ ამ წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ, დისციპლინურ, სამოქალაქოსამართლებრივ თუ სხვა სახის პასუხისგმგებლობას მხოლოდ შესაბამისი, სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.
და მაინც, რას გულისხმობს ეს ნორმები:
- დამოუკიდებლობას — მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს სხვა მოსამართლეებთან ისეთი კომუნიკაციისგან, რომლის მიზანია ამ მოსამართლეების მიერ განსახილველი საქმის შედეგზე გავლენის მოხდენა;
- მიუკერძოებლობას — ეს მნიშვნელოვანია სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად. ის ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც, რომლის შედეგად გადაწყვეტილება მიიღება;
- კეთილსინდისიერება (შეუვალობა) — მას აქვს არსებითი მნიშვნელობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საქციელი ინფორმირებული, ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო;
- წესიერებას (შესაბამისობა) — ეს არის არსებითი მოსამართლის ყოველგვარ საქმიანობაში;
- თანასწორობას — სასამართლოს წინაშე ყველას მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას.
- კომპეტენტურობას, გულისხმიერებას და სამართლიანობას — ესენი სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების წინაპირობებია;
- არასამოსამართლო საქმიანობას — იმყოფება რა საზოგადოების მუდმივი დაკვირვების ქვეშ, მოსამართლემ უნდა აიტანოს ყველა ის პერსონალური შეზღუდვა, რომელიც შესაძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს ძნელად მოეჩვენოს და ეს უნდა გააკეთოს თავისუფლად და ნებაყოფლობით.
რამდენიმე ზოგადი მაგალითი
ვენის უმაღლესი საოქლო სასამართლოს პალატის პრეზიდენტი, მოსამართლე შარლოტე ჰაბლი ევროკავშირის მხარდაჭერით 2021 წელს ჩატარებულ კვლევაში რამდენიმე სიტუაციურ მაგალითსა და კერძო შემთხვევაზე საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, მოსამართლემ საქმიანობა მიუკერძოებლად უნდა განახორციელოს, ხოლო მიკერძოება სახეზეა, თუ ის თავად ან მისი ახლო ნათესავი პროცესის მხარე, მოწმე ან ექსპერტია. ასევე, აკავშირებს მეგობრობა/მტრობა/ახლო ურთიერთობა პროცესის მხარესთან, წევრია, ან ახლო კავშირი აქვს პოლიტიკურ პარტიასთან და ა.შ. მოსამართლე ვალდებულია, საქმეში თავისი აცილების საფუძველი განაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამის მაგალითად ასეთი შემთხვევები მოჰყავს:
- "მოსამართლემ ან მისმა ახლო ნათესავმა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ ხანგრძლივად მიმდინარე ხარჯიანი დავა წააგო. მოგვიანებით მას დაეწერა საქმე, სადაც ეს სადაზღვევო კომპანია მხარეა, ამის მიუხედავად, მოსამართლე თვითაცილებას არ აყენებს".
- "მოსამართლე გახდა პოლიტიკური პარტიის წევრი, დაწერა სტატია პარტიის ვებგვერდზე და მონაწილეობს საჯარო გამოსვლებში"
კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის მაგალითებად ასახელებს შემდეგს:
- "უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მომხსენებელი მოსამართლის მიერ კომპიუტერში დამახსოვრებული გადაწყვეტილების პროექტს მოიპოვებს უნებართვოდ და თანხის სანაცვლოდ გადასცემს ერთ-ერთი მხარის ადვოკატს. შეთავაზება: დაკვალიფიცირდეს როგორც დისციპლინური".
- "მოსამართლე იცნობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მისთვის ამზადებს სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებისთვის სხვადასხვა წერილობით დოკუმენტს სასამართლოში წარსადგენად, სადაც ის თავად მუშაობს. სანაცვლოდ, მოსამართლეს ეპატიჟებიან საფეხბურთო თამაშებზე, ასევე, უფინანსებენ საზღვარგარეთ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს".
ქართული პრაქტიკა
სამართლის სფეროს სპეციალისტები ცხადებენ, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულირება პირდაპირ კავშირშია მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან, ამიტომ, ეს საკითხი ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
მართლმსაჯულების საბჭოების ევროპული ქსელის ანგარიშში ახსნილია, რომ მოსამართლეებს არ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა სამართლის განმარტების, ფაქტებისა და მტკიცებულებათა შეფასებისთვის კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული პასუხისმგებლობა წარმოიშვას გამიზნული ქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.
საქართველოში მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები ხელახლა მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღის დროს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა. ამიტომ, 2021 წლის კვლევის თანახმად, სამართალწარმოების ორგანოებს, ჯერ კიდევ ცოტა დრო ჰქონდათ, რომ მდგრადი პრაქტიკა ჩამოეყალიბებინათ.
მაია ბაქრაძის განმარტებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი დიდი ხნის განმავლობაში იხვეწებოდა — იცვლებოდა მიდგომებიც და საკანონმდებლო ჩანაწერებიც. კერძოდ, იმ დარღვევების ჩამონათვალი, რის გამოც, მოსამართლემ პასუხი უნდა აგოს.
მისივე თქმით, საქართველოში მოსამართლის უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო მოსამართლის პასუხისმგებლობა არაერთელ დაუკისრებიათ და გაუთავისუფლებიათ კიდეც. თუმცა, აღნიშნავს, რომ სამოსამართლეო საქმიანობაში კანონის ინტერპრეტაციის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება, ზოგადად მოქმედ სტანდარტს არ შეესაბამება.
"ეს უფრო რაღაც ძველი საბჭოური სისტემიდან წამოსული იყო. ახლა შეცვლილია ეს მიდგომები", — ამბობს ბაქრაძე.
მას მაგალითად ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმის სახელით ცნობილი შემთხვევა მოჰყავს, შემდეგ კი განმარტავს, რომ დღეისთვის ასეთი საფუძველი სასამართლო პასუხისმგებლობის საკითხს უკვე აღარ წარმოადგენს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი ამბები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები