ამერიკელი მოსამართლე, ჯოზეფ ბელიპანი ქართული სასამართლოს თავისებურებებზე გვესაუბრა
ჯოზეფ ბელიპანს ამერიკის პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, არასრულწლოვანთა და ოჯახურ საკითხებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის და შეურაცხადობის დადგენასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს და სხვა მრავალ თემას განიხილავდა. სასამართლო პროცესებს წარმართავდა როგორც უშუალოდ, ასევე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, ხოლო რთული საქმეების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა შერჩევას ზედამხედველობდა.
ბელიპანი 10 წელი მუშაობდა მთავარ მოსამართლედ და პასუხისმგებელი იყო სასამართლოს მართვის ყველა ასპექტზე, ბიუჯეტის და პერსონალის მენეჯმენტის ჩათვლით. 20 წლის განმავლობაში კი სასამართლო არბიტრის ჯგუფში 2 000-ზე მეტ სხვადასხვა სახის საქმეს შუამავლობდა.
2022 წელს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოწვევით მან საქართველოში გრძელვადიანი გამოცდილების გაზიარების პროგრამა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეებისთვის. ექვსი თვის განმავლობაში ბელიპანი პროცესებს აკვირდებოდა, ქართველ მოსამართლეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა და ამერიკული იურისპრუდენციის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე აწვდიდა ინფორმაციას.
საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩვენ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ვესაუბრეთ გამოწვევებზე, რაც ქართულ სასამართლო სისტემაში შეამჩნია და მათი გამოსწორების გზებზე. გთავაზობთ ინტერვიუს სრულად.
საუბარი დავიწყოთ იმით, როგორ გაიგეთ ამ პროგრამაზე და აღმოჩნდით საქართველოში?
საიტზე ვიპოვე ვაკანსიის განცხადება და ძალიან საინტერესო მომეჩვენა.
რას საქმიანობდით პროგრამის ფარგლებში?
საქალაქო სასამართლოში გამოცდილების გაზიარების პროგრამაში ვიყავი ჩართული. 50 მოსამართლის მიერ განხილულ 150 საქმეს დავაკვირდი და მომეცა საშუალება, შემდეგ მათთან მესაუბრა. ჩემი როლი იყო მხარდაჭერა და ნებისმიერ პრობლემასა და პროცედურაზე კითხვების მოსმენა. ასევე, ამერიკული სამართლებრივი სისტემის შეხედულებები გავუზიარე, რომლებიც შეიძლება მათთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი პროცესი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რით იყო გამორჩეული?
ერთი კონკრეტული შემთხვევა საინტერესო, მაგრამ ამავდროულად იმის მსგავსიც იყო, რაც ამერიკაში ხდება — ადვოკატი უპირატესობის მოსაპოვებლად მოსამართლის აცილებას ცდილობდა. პროცესის შემდეგ ეს მოსამართლესთან განვიხილეთ და ვუთხარი, რომ მსგავსი გამოცდილება მეც მქონდა. ბევრ ადვოკატთან არა, მაგრამ ყოველთვის არიან ასეთები.
თქვენთან მუშაობის პროცესში რამდენად გამოავლინეს ქართველმა მოსამართლეებმა მზაობა და ინტერესი ცვლილებებისადმი?
ძალიან აინტერესებდათ იმ ტექნიკის შესწავლა, რომელიც უნდა გამოეყენებინათ საქმეების ეფექტურად წარსამართად. მე მოსამართლეთა შორის იდეების გაცვლას ვუწყობდი ხელს.
საქართველოში სასამართლოსადმი ნდობა ძალიან დაბალია. თქვენი აზრით, რითაა ეს გამოწვეული და როგორ შეიძლება აღმოფხვრა?
შემიძლია გითხრათ ის, რაც დავინახე — იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობდნენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ. ყველა საქმეში ყოველთვის არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მოსამართლე განიხილავს საქმეს კანონსა და ფაქტებზე დაყრდნობით. შესაბამისად, ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს.
თქვენი დაკვირვებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ქართული მართლმსაჯულების სისტემაში?
არ გყავთ საკმარისი მოსამართლეები.
ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროთ. არასამთავრობო სექტორიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ პროცესების ხანგრძლივობა შემცირდეს და ეფექტურობა გაიზარდოს?
ზოგიერთმა მოსამართლემ შეიმუშავა საქმეების დაჩქარების ტექნიკა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი საქმეა ძალიან ცოტა მოსამართლისთვის. დიდი დატვირთვის გამო, მეტი მოსამართლეა საჭიროა, რომ ეფექტური პროცესები უზრუნველყონ.
კიდევ ერთი განხილვადი პრობლემა ქართულ სასამართლოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და კლანური მმართველობაა. თუ გსმენიათ რამე ამის შესახებ?
დიახ, მსმენია. რისი თქმაც შემიძლია, ჩემი დაკვირვებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში პოლიტიკური გავლენა არ არის. აქ მოსამართლეები წყვეტენ, ვინ იყო დამნაშავე ავტოსაგზაო შემთხვევაში და ვინ უნდა გადაიხადოს მანქანის ზარალი. შესაბამისად, თუ ვივარაუდებთ, რომ საქმეში ჩართული არიან ჩვეულებრივი პირები, პოლიტიკური ინტერესი არ არის.
თქვენ, როგორც გარე დამკვირვებელი, ამჩნევდით თუ არა რაიმე პროგრესს, რომელიც სასამართლო რეფორმებმა მოიტანა?
ინფორმირებული ვარ რეფორმებზე, რადგან წავიკითხე მათ შესახებ. ვიცი, რომ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი მოსამართლეების არჩევის საკითხზე. არის მცდელობები, რომ მიხვიდეთ იქამდე, როცა მოსამართლეებს აირჩევენ პოლიტიკური საკითხების გათვალისწინების გარეშე. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელზეც ევროკავშირი საუბრობს.
სისტემისადმი საზოგადოების ნდობა მოსამართლის შერჩევის არაპოლიტიკურ პროცესს ეყრდნობა. პროცესს, რომელიც პრიორიტეტს განათლებასა და სამართლიანობას ანიჭებს. ასე ხალხს სჯერა მოსამართლეების და იმისიც, რომ სამართლიანები არიან. ასეთი სისტემის შემუშავება გადამწყვეტია.
რით ჰგავს ქართული სამართალწარმოება ამერიკულს?
შეერთებულ შტატებსა და საქართველოში სამართლებრივი სისტემები განსხვავებულია. აშშ მიჰყვება თავის კანონს, საქართველოს კი აქვს საკუთარი სამართლებრივი პრინციპები. ამის მიუხედავად, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მსგავსია — ფაქტებს უსმენ, კანონს იყენებ და გადაწყვეტილება გამოგაქვს. ეს ზუსტად იგივეა.
როგორ ფიქრობთ, რა კულტურული და საზოგადოებრივი თავისებურებები ახდენს გავლენას ქართულ სასამართლოზე?
რაც გავიგე ისაა, რომ ქართულ სასამართლოში მოსამართლე უფლებას აძლევს ყველას, ილაპარაკოს. ამერიკულ სისტემაში არ გაქვს ლაპარაკის უფლება იქამდე, სანამ ტრიბუნასთან არ გახვალ და კითხვებს არ დაგისვამენ. ქართულ სასამართლოში მხარეები პირდაპირ იწყებენ ლაპარაკს, რადგან მათ აქვთ რაღაც სათქმელი, მოსამართლე კი ამის უფლება აძლევს.
მოსამართლეების განმარტებით, ეს ადამიანებს აგრძნობინებს, რომ მათ უსმენენ. ეს კულტურული განსხვავებაა. ახლა ვფიქრობ, შეიძლება, კარგი რამ იყოს.
ზოგჯერ ჩვენს სისტემაში ადამიანებს არ აქვთ შეგრძნება, რომ უსმენენ, რადგან საუბარი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა კითხვას უსვამენ. სხვა შემთხვევაში, როცა ვინმე რამის თქმას ცდილობს, ეუბნებიან, რომ ჩუმად იყოს, რადგან ტრიბუნასთან არ დგას.
თავიდან ვიფიქრე, რომ ეს საშინელება იყო. მერე კი ვიფიქრე, იქნებ არც ისე ცუდია და კარგია, რომ ხალხს ლაპარაკის საშუალება მივცეთ.
შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ქართველი მოსამართლეებისგანაც ისწავლეთ რამე და ახალი გამოცდილება შეიძინეთ?
როგორც ვთქვი, ხალხისთვის ლაპარაკის უფლების მიცემამ ჩემი ხედვა შეცვალა. ახლა რომ პროცესები მქონდეს, ამ მხრივ უფრო სხვანაირად მოვიქცეოდი. როცა მოსამართლე ვიყავი, ლაპარაკის უფლებას არავის ვაძლევდი.
შუამავლის როლში, რა თქმა უნდა, ხალხს ვალაპარაკებ და ასე თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ. ამ მიმართულებით როცა ვმუშაობ, ყველაფრის თქმის უფლებას ვაძლევ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედიაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები განსხვავდება.
დასასრულს, რაიმე რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ ქართველი მოსამართლეების და საზოგადოების მიმართ?
ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლეებს, რომლებიც იღებენ არაპოპულარულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს. არსებობს კონტრაქტი სასამართლო სისტემას და მოქალაქეებს შორის.
კონტრაქტში საზოგადოება ამბობს, ჩვენ გენდობით, თუ ხართ გულწრფელები და ცდილობთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სასამართლო კი ამბობს, თუ ჩვენ ვიღებთ კარგ გადაწყვეტილებებს, ვცდილობთ სწორად მოქცევას, თქვენ მხარი დაგვიჭირეთ. ეს არის კონტრაქტი, ხალხს და სასამართლოს შორის, რომელიც გჭირდებათ.
თუ წინააღმდეგი არ ხართ, ერთ კითხვას სხვა თემაზეც დაგისვამთ და დაგემშვიდობებით. რა მოგეწონათ საქართველოში და გაქვთ თუ არა დაბრუნების სურვილი?
საუკეთესო რამ საქართველოში ქართველი ხალხია. ეს ნამდვილად საუკეთესოა და ის არის, რითაც ყველაზე მეტად ვისიამოვნე. თქვენ გაქვთ მთები და სხვა დიდებული რამეები, მაგრამ ქართველი ხალხი ქმნის საქართველოს ისეთ ქვეყნად, სადაც წასვლა გინდება. ბედნიერი ვიქნები, თუ დავბრუნდები.
ინტერვიუ მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ინტერვიუ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The interview was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this interview are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები