თხრობა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. საკუთარ თავს ცნობისმოყვარედ ახასიათებს — ბევრი რამის მიმართ ჰქონდა ინტერესი და დღემდე ასე გრძელდება. განსაკუთრებით უყვარდა ხატვა და ეს იყო პირველი, რასაც მომავალ პროფესიად განიხილავდა.

ოჯახის გადაწყვეტილებით, ლილითს ბაღში არ უვლია. სკოლაში 7 წლის ასაკში შევიდა.

"იქ ყველაფერი ნორმალური იყო", — ამბობს და ამატებს, რომ სკოლა უყვარდა, განსაკუთრებით, ქართული ენის გაკვეთილები. ნაწილობრივ ეს ქართულის მასწავლებლის დამსახურებაცაა, რომელიც მათთან მე-7 კლასში შევიდა.

სწორედ ამ ასაკიდან დაიწყო საყვარელი სერიალის, შუა ქალაქშის ყურება. ამბობს, რომ ასე გააუმჯობესა ქართულიც. მასწავლებელიც დაეხმარა, თუმცა ძირითადად, ეს თავად მოახერხა. ენის დაუფლებასთან ერთად ლილითისთვის დამატებითი შესაძლებლობები გამოჩნდა — აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ბანაკსა და ტრენინგში.

როცა ვისწავლე ქართული, ძალიან შემიყვარდა ქართველი ერი და მინდოდა მათთან ურთიერთობა. ამიტომაც ყოველთვის ვირჩევდი ისეთ ბანაკებს, სადაც, ძირითადად, ქართველები იყვნენ, რომ მათთან ურთიერთობა მქონოდა.

ლილითი

სკოლა

ლილითმა მე-9 კლასიდან ქართულენოვან სკოლაში სიარულის სურვილი გამოთქვა, თუმცა უთხრეს, რომ "უკვე გვიანია". უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სომხურენოვან სკოლებში ქართული ლიტერატურა არ ისწავლება. ამბობს, რომ ეს მომავალში ბევრ პრობლემას იწვევს. მისი გამოცდილება ასეთია — უნივერსიტეტში სურდა ჩაბარება და 1+4 პროგრამა აირჩია.

"საერთოდ არ არის ლიტერატურა წიგნებში. არის უბრალოდ ტექსტები, ან სიტყვები. არ ვიცი. ტექსტებია ძირითადად, გრამატიკაც არც ისე ბევრია. ანუ მე-7 კლასამდე მე ბრუნვებიც არ ვიცოდი. მერე ვისწავლეთ, რომ არსებობს ასეთი რამე".

ძირითადად ინტერესს ენების მიმართ ამჟღავნებდა. მათემატიკაში რეპეტიტორთან სიარული დასჭირდა — ერთი თვე იარა, შემდეგ კი მიხვდა, რომ მის ცოდნას ასე ბევრი არაფერი შემატებია და მეცადინეობა საკუთარი ძალისხმევით გააგრძელა. ახლა იხსენებს, რომ ვერც იფიქრებდა, თუ ამ საგნის სწავლასაც ასე კარგად შეძლებდა.

ცვლილება

"ახლა ძალიან სხვანაირი ვარ. უნივერსიტეტში ის არ ვიყავი, რაც სკოლაში. ძალიან შეიცვალა ბევრი რამ ჩემში", — გვეუბნება ლილითი.

ცვლილებები მე-11 კლასში დაიწყო. ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან ახალქალაქში სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების შესასწავლად ჩავიდნენ, ლილითი კი ამ სფეროთი იყო გატაცებული.

"დავიწყე იქ სწავლა და ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. კამერის წინ უფრო კარგად ვსაუბრობდი. ადამიანებთან არც ისე ჩაკეტილი ვიყავი".

ფოტო-ვიდეო ხელოვნებას 3 წლის განმავლობაში ეუფლებოდა, ამ სფეროს მიმართ სიყვარული ახლაც აქვს. საკუთარი ნამუშევრები ჩვენც გაგვიზიარა.

ფოტო: ლილით კარახანიანი

განათლება და საქმიანობა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ქართული ენის სიყვარულთან ერთად, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მომავალი სტუდენტებისთვის რეგიონში ბევრი სხვა არჩევანი არ არის. ამბობს, რომ ამ პროფესიის გარდა ალტერნატივა მხოლოდ ერთი — ეკონომიკა იყო, რაც მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა.

"მომწონდა და სიამოვნებით ვსწავლობდი", — გვეუბნება ლილითი.

უნივერსიტეტის შემდეგ ერთი წელი შეისვენა. პანდემიის პერიოდში კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა და თავს კარგად არ გრძნობდა.

ამის შემდეგ კვლავ აქტიურად დაიწყო გამოცდილების დაგროვება. ახლა გეგმავს, ბავშვებს ხელოვნება ასწავლოს.

სადაც არის ხელოვნება მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს. მნიშვნელოვანია ჩემთვის, მიყვარდეს, რასაც ვაკეთებ. იმედი მაქვს, ბავშვებთან შევძლებ მუშაობას.

ლილითი

სექტემბრიდან სკოლებში ბილინგვური მეთოდით სწავლის პროცესში ჩაერთვება, რომლისთვისაც უკვე გადის მოსამზადებელ პერიოდს.

ბილინგვური სწავლის მეთოდი 2022-2023 სასწავლო წლის გეგმაში იყო გაწერილი. 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით დაიწყო, რაც სამინისტროს შეფასებით, ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პარალელურად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ამზადებს სტატიებს იმ ქალების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიეს. ასე ცდილობს, სხვა ქალებს აჩვენოს, რომ ეს მათაც შეუძლიათ.

ცხოვრება ახალქალაქში

"გართობის საშუალება არაა" — გვითხრა ლილითმა, როცა ვკითხეთ, როგორ ატარებენ ის და მისი თანატოლები თავისუფალ დროს. გვიყვება, რომ გასართობი სივრცეების არარსებობასთან ერთად, ქალაქში არაფორმალური განათლებაც არაა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც სხვაგან.

ლილით კარახანიანი

ლილით კარახანიანი

"თითქმის არაფერი არ არის იმისთვის, რომ რაღაც ისწავლო სკოლისა და უნივერსიტეტის გარდა".

ამ საკითხზე საუბრისას, ლილითი იმ გენდერულ სტერეოტიპებზეც გვიყვება, რომელსაც გოგოები ახალქალაქში ყოველდღიურად აწყდებიან. მაგალითად, ამბობს, რომ გოგოები ისეთ გასართობ სივრცეებში, როგორიც კაფე და რესტორანია, იშვიათად ახერხებენ სიარულს და ამატებს:

"რაღაც ადგილებში ისე გიყურებენ, თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადიხარ, რომ მიდიხარ კაფეში".

დროს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად სახლში, ან სეირნობაში ატარებს. ხშირად ხატავს, ფოტოებსა და ვიდეოებს იღებს, ვლოგებს წერს და იუთუბ არხზე ათავსებს — თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თავისთვის.

"ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი. ჩვენი რეგიონისთვის ეს არანორმალურია. არ ვიცი, ალბათ, ოდესმე გავასაჯაროებ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ასეთი მასალა მაქვს. რაღაც პერიოდი ლექსებსაც ვწერდი. ყველაფერს [ვაკეთებდი], რაც ხელოვნებას ეხება".

ყველაზე მეტად დღის ის ნაწილი უყვარს, როცა რაღაც ახალს სწავლობს, ან იმას უყურებს, რაც აინტერესებს. ძირითადად, კორეული ფილმებისა და სერიალების ყურებითაა გატაცებული.

ცხოვრებას თან სოციალური ბარიერებიც ახლავს. ლილითის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი თანატოლები უნივერსიტეტში სწავლობენ, არსებული გარემოს გათვალისწინებით, ხშირად მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ — ქორწინდებიან, რის შემდეგაც მათი პროფესიული კარიერა არ გრძელდება.

ადრეული ქორწინების პრობლემას, რომელიც, ჩვენი რესპონდენტის დაკვირვებით, ახლა ნაკლებად დგას, ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს. ლილითის თქმით, ახალგაზრდებმა არ იციან, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რა საფრთხეები ემუქრებათ მათ და რა ბარიერებს შეიძლება გადააწყდნენ როგორც განათლების მიღების კუთხით, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბევრმა არ იცის, რომ რაღაცები არსებობს, რომ შეიძლება უკეთ იცხოვრო, ვიდრე ახლა. ბევრია ისეთი შემთხვევა სოფლებში, როცა ცხოვრობ ყველა ერთნაირად. ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია და სხვა არაფერი გვჭირდება. უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრობენ. მათთვის ეს უკვე ნორმალურია.

ლილითი

მომავალი

კორეულის სწავლა და კორეაში მოგზაურობა უნდა, ეს მას შემდეგ, რაც ცნობილი ადგილობრივი ჯგუფის, BTS-ის მოსმენა დაიწყო. ამ ენასაც თავისით სწავლობს. ახლო მომავალში სკოლაში მუშაობა, შემდეგ კი რეჟისორის პროფესიის შესწავლაც სურს.

"ყოველთვის მქონდა ამის სურვილი. ვფიქრობ, ოდესმე ვისწავლი, ახლა არ ვიცი, როდის მაგრამ ძალიან მინდა".

გვეუბნება, რომ ცხოვრებას მომავალში სხვა ქალაქში, თუმცა "რა თქმა უნდა, საქართველოში" გეგმავს. აპირებს, ტრენინგები ჩაატაროს ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, რადგან ძალიან აინტერესებს, რას და როგორ ფიქრობენ იქ ახალგაზრდები და რით არიან დაკავებული.

"უფრო მეტი ისწავლონ და მეტად ცნობისმოყვარეები იყვნენ, რომ აისრულონ თავისი ოცნებები" — გვიპასუხა ინტერვიუს მიწურულს, როცა ვთხოვეთ, გაეზიარებინა, რას ურჩევდა თანატოლებს.

დასასრულს გვითხრა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში "რაღაცები არის", სახელმწიფო ენის არცოდნა ბევრ პრობლემას ქმნის.

მინდა, რომ ყველამ იცოდეს სახელმწიფო ენა და უკეთ იქნებოდა ყველაფერი. მე, როცა არ ვიცოდი, არაფერი იყო ჩემ ირგვლივ. როცა ვისწავლე, უფრო მეტი და მეტი შესაძლებლობა მომეცა.

ლილითი

ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი პროგრამა უნდა დანერგოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის და ეს ყველაფერი სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში" ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge