აზერბაიჯანის პოლიციამ ეკოლოგიური პროტესტის გამო სოფელი ჩაკეტა
ოთხშაბათს სოფელ სოიუდლუში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა. შეზღუდვას სპეცრაზმის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკება უძღოდა წინ. მაცხოვრებლები ოქროს მაღაროების მიერ გარემოსთვის მოტანილ ზიანს აპროტესტებდნენ. შეტაკების დროს 10 მომიტინგე დააკავეს. დაპირისპირების დროს 15 პირი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასევე ორი ჟურნალისტი. მათ საპროტესტო აქციის გაშუქებისას ტელეფონები ჩამოართვეს.
20 ივნისს გადაბაის რაიონის სოფელ სოიუდლუს ასზე მეტი მაცხოვრებელი შეიკრიბა, რათა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ ტერიტორიის დაბინძურება გაეპროტესტებინა. მაცხოვრებლებმა ხელოვნურ ტბასთან მოიყარეს თავი, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროების ტოქსიკური ნარჩენები იყრება.
მოსახლეობა სოფელში კიდევ ერთი ხელოვნური ტბის გაშენებასაც ეწინააღმდეგებოდა. აქციის მონაწილეების თქმით, სამთო საქმიანობის შედეგად დატოვებული ნარჩენები ადამიანების ჯანმრთელობასა და რეგიონის ბუნებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
მაცხოვრებლების თქმით, პოლიციის მიერ აქციის თავდაპირველი დაშლისას 15 ადამიანი დააშავდა, ხუთი კი დააკავეს. აქციის მეორე დღეს კიდევ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სოიუდლუში გადაღებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ პოლიცია აქციის დასაშლელად ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს. ვირუსულად გავრცელებულ კადრებში მოხუც ქალს, რომელიც სპეცრაზმისაგან გაცლას ცდილობს, სახეში წიწაკის სპრეის ასხამენ. მოგვიანებით ის მიწაზე წევს და სხვა მომიტინგეები მის დახმარებას ცდილობენ.
ამ კადრებმა მრავალი აზერბაიჯანელის აღშფოთება გამოიწვია. ისინი ითხოვენ, რომ პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისათვის პასუხი აგოს.
ოთხშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რეგიონის ხელმძღვანელმა აღიარეს, რომ დაშლისას მომიტინგეები დაშავდნენ, თუმცა თქვეს, რომ მომიტინგეები ძალადობას მიმართავდნენ და პოლიციამ სიტუაციის განმუხტვისას მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა.
მეორე დღეს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მუხტარ ბაბაევი გადაბაის რაიონს ეწვია და განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლის.
"მონიტორინგი უკვე დაწყებულია. ჩვენ შევეცდებით, სწრაფად გავცეთ დაგროვილ კითხვებს პასუხები და მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი რეკომენდაციები წარვუდგინოთ", — თქვა ბაბაევმა.
ოქროს მაღაროებს ოფიციალურად ბრიტანული კომპანია Anglo Asian Mining Plc განაგებს, რომელსაც ირანელი ბიზნესმენი რეზა ვაზირი მართავს, თუმცა, 2016 წელს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მაღაროებს სინამდვილეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ორი ქალიშვილი ფლობს.
მოწამლული წყალი
აქციის მონაწილეების თქმით, ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მათი თქმით, ტბა, რომელიც უკვე 11 წელია, ტოქსიკური ნარჩენების თავიდან მოსაცილებლად გამოიყენება, გარშემო არსებულ ბუნებას აზიანებს და მომწამვლელ ორთქლს წარმოქმნის, რომელიც სუნთქვას ართულებს და ფილტვებს აზიანებს.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით "ბუნებრივი წყლები იწამლება", "მდინარე კურა (მტკვარი) იწამლება" და "ადამიანები 50 წლის ასაკში ფილტვების დაავადებით იღუპებიან".
აქციაზე გააპროტესტეს ასევე ტერიტორიაზე მეორე ხელოვნური ტბის აშენების გეგმები.
"[პირველი ტბა] მჟავით არის სავსე. ის 100 მეტრის რადიუსში ბუნებას წამლავს. ახლა კი ოქროს მოპოვების გასაზრდელად სოფელში მეორე ტბას აშენებენ", — განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მისივე თქმით, მეორე ტბის გაშენება მდინარესთან ახლოს განიხილება.
"წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ეს ბუნებას გაანადგურებს შამკირში, ტოვუზში და განჯაშიც კი".
საპროტესტო აქციები მეორე დღეს, 21 ივნისსაც გაგრძელდა. ოთხშაბათს ღამით პოლიციამ სოფლის გზები გადაკეტა. სოფელში შესვლა და გამოსვლა მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის არის დაშვებული.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მედიას განუცხადა, რომ სამშაბათსა და ოთხშაბათს (20 და 21 ივნისს) ჯამურად ათი მოქალაქე დააკავეს და ახლობლებს დაპატიმრებულებთან შესვლა აუკრძალეს.
ერთმა ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციებზე ყველა "20 დღით დააპატიმრეს". მისი თქმით, მას დაკავებული შვილის მონახულების უფლება არ მისცეს.
ოთხშაბათს ნაშუადღევს გადაბაის რეგიონის ხელმძღვანელი ორხან მურსალოვი მომიტინგეებს შეხვდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მათი შეშფოთება უსაფუძვლოა და ისინი უბრალოდ სოციალურ მედიაში გავრცელებულ "დეზინფორმაციას" არიან აყოლილები.
"ეს მოხუცი ქალი 78 წლისაა", — თქვა მურსალოვმა ერთ-ერთი ქალის შესახებ, რომელსაც პოლიცია ვიდეოში წიწაკის სპრეის ასხამს, — "ტბა რომ მართლა მომწამვლელი იყოს, ამ ასაკში ბებიას ჩემზე უფრო მაღალი ხმა ვერ ექნებოდა".
"რა ვიცით ტბის ტოქსიკურობის შესახებ? ვინ ამბობს ამას? ეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციაა".
მან დაამატა, რომ სოფელში ამჟამად 50-ზე მეტი ორსული ქალი ცხოვრობს და ადგილობრივ ადმინისტრაციას მათგან რაიმე ტიპის საჩივარი ეკოდაბინძურების შესახებ არ მიუღია.
მურსალოვმა ასევე თქვა, რომ დაკავებული მომიტინგეების შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ისინი პოლიციას ქვებს ესროდნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.
ოთხშაბათს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიმართ წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"პოლიციელი ემოციას აჰყვა და მან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა ქალის წინააღმდეგ. ამას ვაღიარებთ", — თქვა ელჰად ჰაჯიევმა, თუმცა დაამატა ისიც, რომ პროტესტში მონაწილე ქალების მხრიდან არაერთი "მიუღებელი განცხადება და უკანონო ქმედება" დაფიქსირდა.
"აშკარაა, რომ პოლიციელებმა მაქსიმალური თავშეკავება და დისციპლინა გამოიჩინეს ამ ქალების მიმართ", — განაცხადა ჰაჯიევმა, — "რამდენჯერ გამხდარან პოლიციელები აზერბაიჯანელი ქალისთვის შეუფერებელი უკანონო ქმედებების სამიზნეები? ამ ქალების მიმართ არც რაიმე განსაკუთრებული ზომა ყოფილა გამოყენებული და არც დასჯის საკითხი დამდგარა".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები