ათასობით გაფიცული მაღაროელი — რეპორტაჟი ჭიათურიდან
საქართველოს მთავარ სამთო-მომპოვებელ ქალაქ ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ და ანაზღაურების გაზრდასა და გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეებმა OC Media-ს უთხრეს, რომ 3 000-ზე მეტი მშრომელი გაიფიცა, მათგან ათმა კი ორშაბათს შიმშილობა დაიწყო.
მოთხოვნების 24-პუნქტიანი სია მოიცავს გაზრდილ ანაზღაურებას, ანაზღაურებად დასვენების დღეებს და ბიულეტენს, უკეთეს კვებას, ჯანმრთელობის უფრო ყოვლისმომცველ დაზღვევაზე გადასვლას, გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ ვითარებას ჭიათურაში. ასევე, იმ შახტების სრულად გაიხსნას, რომელთა მუშაობა იანვარში შეიზღუდა.
დასაქმებულების თანახმად, წლის დასაწყისიდან მშრომელების უმეტესობა სახლში გაუშვეს, ხელფასის 60% გადაუხადეს და მხოლოდ მათ გააგრძელეს მუშაობა, ვინც გვირაბების სიმტკიცეს იცავს.
გაფიცულებმა მომპოვებელი კომპანია, ჯორჯიან მანგანეზი, მაღაროელებისთვის მანგანუმის მოპოვების კვოტების საგრძნობლად გაზრდაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ეს მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
მანგანუმის მაღაროები, ჭიათურაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი, წლების განმავლობაში არაერთი გაფიცვისა და პროტესტების მიზეზი გახდა. კითხვები ჩნდება მათ უსაფრთხოების შესახებ და იმ ზარალზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს მიადგა, მათ შორის მაცხოვრებლების სახლებს.
ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროში სამუშაო ცვლების შეზღუდვა ფეროშენადნობზე გლობალური მოთხოვნის ვარდნას დააბრალა. 9 ივნისის განცხადებაში მათ თქვეს, რომ წლის დასაწყისიდან არაფერი გააქვთ ექსპორტზე. თქვეს, რომ იძულებული გახდნენ, შეეზღუდათ მუშაობა, რათა შეენარჩუნებინათ თანამშრომლები და კომპანიის უწყვეტობა და ამტკიცებდნენ, რომ შემოსავლებს კარგავდნენ.
თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებმა აჩვენა, რომ ფეროშენადნობი, გასულ წელთან შედარებით 28%-ით კლების მიუხედავად, იანვარ-თებერვალში ქვეყნის მესამე ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია. კომპანიამ მოგვიანებით თქვა, რომ ეს გასული წლის ნაშთები იყო.
6 ივნისს დაწყებული გაფიცვის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები დემონსტრანტებს რამდენჯერმე უშედეგოდ შეხვდნენ. რამდენიმე გაფიცულმა მშრომელმა OC Media-ს უთხრა, რომ შემოთავაზების ნაცვლად, კომპანიამ ისინი მასხრად აიგდო.
ჯორჯიან მანგანეზმა ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი მშრომელებთან "კონსტრუქციულ" მოლაპარაკებებს აგრძელებდნენ.
დემონსტრანტები დაჟინებით აცხადებენ, რომ გაფიცვას მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ოპტიმიზებული" მუშაობა
გაფიცვის დაწყების შემდეგ ჯორჯიან მანგანეზმა განცხადებაში, თქვა, რომ ისინი სექტემბრისთვის ელოდებოდნენ ბაზრის გაუმჯობესებას და უკვე იწყებდნენ ზოგიერთი თანამშრომლის სამსახურში გამოძახებას.
კომპანიამ აღნიშნა, რომ გეგმავდნენ მაღაროებში მუშაობის "ოპტიმიზაციას".
მიუხედავად ამისა, მშრომელებმა განაცხადეს, რომ უკან გამოძახებული თანამშრომლები "არაჰუმანური მოთხოვნების" წინაშე დგანან. ეს გულისხმობს შემცირებულ ცვლებში დაწესებულ მოპოვების გაზრდილ გეგმებს. მათი თქმით, ეს ასევე ნიშნავს ხელფასების შემცირებას პირველ თებერვლამდე არსებულ მაჩვენებლამდე, რამაც იმ დროს გაფიცვა გამოიწვია.
მერაბ სარალიძე, რომელიც მაღაროში შვიდი წელია მუშაობს, მათ შორისაა, ვინც ორშაბათს შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, ეს კომპანიის დამოკიდებულებების გამო იმედგაცრუებითაა განპირობებული.
"როცა ამ სამი თვის შემდეგ დაგვიბარეს ისევ სამუშაოდ, სრულიად განსხვავებული სურათი დაგვხვდა. მათ გაზრდილი გეგმები შემოიღეს, რაც ჩვენს დატვირთვას 40%-ით ზრდიდა. ეს ძალიან რთულია. ორმაგი ძალისხმევა უნდა ჩადო დამატებითი ანაზღაურების გარეშე", — უთხრა სარალიძემ OC Media-ს.
სარალიძემ განაცხადა, რომ მისი საქმე — ახალი გვირაბების გათხრა — ერთ-ერთი ყველაზე საფრთხისშემცველია.
"ვფიქრობთ, ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი საქმის კეთება. ჩვენ ამ სამსახურში ჯანმრთელობას ვიზიანებთ, სიცოცხლეს ვრისკავთ", — თქვა მან.
ცუდი პირობები
ხელფასისა და ახალი სამუშაო პირობების გარდა, უკმაყოფილებების სია მოიცავს ბევრ მოთხოვნას, რომელიც წინა გაფიცვებზეც ჟღერდებოდა.
რამდენიმე მშრომელმა OC Media-ს უთხრა, რომ ისინი შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ უსაფრთხოება სერიოზულად არ აღიქმებოდა და მუდმივად ეჩეხებოდნენ აღჭურვილობასა და უნიფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
"24 მოთხოვნიდან ცხრამეტი არის ის, რაზეც კომპანია ვალდებულია, იზრუნოს, მათ შორის, ჭიათურაში ეკოლოგიურ სიტუაციაზე", — თქვა დავით ჩინჩალაძემ, რომელიც მაღაროში სამი წელია მუშაობს.
2017 წელს სასამართლომ ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანიის სპეციალურ მენეჯერად დანიშნა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ "განსაკუთრებით მწვავე ეკოლოგიური მდგომარეობა" შექმნა ჭიათურაში და სპეციალური მენეჯერი სიტუაციის გასაუმჯობესებლად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები და აქტივისტები ამბობენ, რომ მისი დანიშვნიდან ექვსი წლის შემდეგაც, ეკოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია.
ჩიქოვანი დემონსტრანტებს არ შეხვედრია და გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
"ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც უკვე არის ხელშეკრულებებში", — უთხრა ჩინჩალაძემ OC Media-ს, — "საკვები რომ ცუდია, რომ არ მაქვს კარგი აღჭურვილობა, სათანადოდ დაბანის შესაძლებლობა, უსაფრთხოება — ეს ყველაფერი ჩვენს კონტრაქტებშია".
მან დაამატა, რომ გაფიცვების დროს კომპანია დაჰპირდათ ისეთი პრობლემების მოგვარებას, რაც ისედაც მათი ვალდებულებაა.
"ისინი ამბობენ, რომ დააკმაყოფილებენ 19 მოთხოვნას, მაგრამ ერთი და ერთადერთი, რისი შესრულებაც არ უნდათ, ხელფასების გაზრდაა. ეს არასამართლიანია", — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები