რა ვიცით კადიროვთან დაახლოებული პირების ესკორტზე
რა მოხდა: რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი, მერსედესის მარკის, ერთნაირი ავტომობილების კოლონა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
- მთავარი არხის გავრცელებული ეს კადრები სოფელ ნატახტართანაა გადაღებული.
- მოგვიანებით კი იგივე ავტომობილები მოქალაქეებმა ბათუმში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე შენიშნეს.
- სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მანქანები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ესკორტს ეკუთვნის.
რა ვიცით მანქანებზე: რუსულ სანომრე ნიშნებს შორის ერთ-ერთი, C777CE, ნამდვილად უკავშირდება ჩეჩნეთის გავლენიან ბიზნესმენს, ასლანბეკ ახმეტხანოვს, რომელიც კადიროვის ახლო წრის წევრად ითვლება.
- სწორედ იგივე სანომრე ნიშანი ჩანს ბიზნესმენის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეო კადრებში.
- შსს-ს ვებგვერდზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ხსენებულ რუსულინომრიან ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.
- მაგალითად, ახმეტხანოვთან დაკავშირებულმა ავტომობილმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ შეკვეთილთან, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, რუსთაველის გამზირზე და სხვ.
რა ვიცით ახმეტხანოვზე: რუსულენოვანი გამოცემის, კავკაზკი უზელის, ინფორმაციით, ახმეტხანოვი, მეტსახელად "ეშმაკი", მდიდარი ბიზნესმენი და იუგ ნეფტის მფლობელია, რომელსაც "ქურდულ სამყაროსთან" აქვს კავშირი.
- მედიის ყურადღება მან 2020 წელს მიიქცია, როცა კოვიდრეგულაციებს დასცინა, აგინა მათ, ვინც სასმელი აკრძალა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა.
- ამის გამო კადიროვმა ახმეტხანოვი ისლამის უპატივცემულობაში, ტრადიციებისა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ ყველა რაიონს ენით დაასუფთავებინებდა.
- მედიაში წერდნენ, რომ ახმეტხანოვმა ჩეჩნეთის ლიდერს ბოდიში მოუხდა, შემდეგ კი ქვეყანა დატოვა, თუმცა, მათივე ცნობით, მალევე კადიროვთან კავშირის გამო უკან დაბრუნების უფლება მიეცა.
გამოხმაურებები: ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ირწმუნება, რომ კადიროველების ესკორტის საქართველოში ყოფნა "ნაცების აწეული თემაა".
- მისი თქმით, საქართველოში გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყვნენ ჩამოსული.
- "არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ჰქონოდათ, არავინ შემოუშვებდა", — წერს სამხარაძე.
- პოსტის ბოლოს, ტრადიციულად, იგინება და ამბობს, რომ "ყველას დედებს მოიკითხავს, ვინც უზრდელობების კამპანიაშია ჩართული".
- მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი, გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ საზღვრის კვეთაზე კონტროლი "ინტენსიურია".
- "ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ რაღაც დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია", — თქვა მან.
- ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ასეთი ადამიანების საქართველოში ხილვა არ მოსწონს, თუმცა ამტკიცებს, რომ ისინი ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდნენ.
- "მეც მოვიკითხე პირადად და როგორც ვიცი, წავიდნენ, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ", — თქვა მან.
ოპოზიცია: გირჩის დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთი ადამიანების მიმართ უფრო გახსნილია.
- "ასეთ ხალთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ეს ნიშნავს, რომ ის რუსული წესრიგი ბევრად უფრო ახლოა მათთვის, ვიდრე ოპოზიციონერი რუსები, რომლებიც პუტინს ებრძვიან რაიმე ფორმით".
- პარტია საქართველოსთვის დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა თქვას, თუკი რუსეთის ჯაშუშების შემოსვლაზე პრობლემა არ აქვს.
- "ჩვენ არ ვიცით, რა მიზნებით შემოდიან ეს ადამიანები, რა აქვთ ჩანაფიქრი. ამიტომ დავაინიცირეთ ჩვენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. თუ სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაშინ თქვას".
კომენტარები