როგორ ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე? — კრიტიკით, პროტესტით, დაკავებით
26 მაისი დამდგარიც კი არ იყო, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფორმა საკამათო რომ გახდა. წელს ხელისუფლებამ პარლამენტის ოფიციალური გაფორმებიდან ევროკავშირის დროშები ამოიღო, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, ტრადიციულად, არ მიიღო.
კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკით შეხვდა. პროგრამაში არ იყო ევროკავშირის ჰიმნი და არც ავიაციას აფრიალებინეს ევროკავშირის დროშა.
სანამ მეგობარი ქვეყნები გვილოცავდნენ, პრემიერმინისტრი ტრიბუნიდან მშვიდობაზე გველაპარაკებოდა, პოლიცია მოქალაქეებს თავისუფლების მოედნისკენ არ უშვებდა, ქართული ოცნების თავმჯდომარე აუზზე ისვენებდა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს კი უკმაყოფილო შეძახილები გვესმოდა. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად პოლარიზებულია მთელი ქვეყანა.
- როგორ მოგვილოცა მსოფლიომ დამოუკიდებლობის დღე
- როგორ მიულოცეს მეზობელმა ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, როგორ ჩაიარა 26-მა მაისმა და ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11 საათზე დაიწყო. ჩოხოსნებმა საქართველოს დროშა აღმართეს, რეკრუტებმა კი ფიცი დადეს.
სცენასთან პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სამთავრობო გუნდის სხვა წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო გამოჩნდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიებაზე მედია შეზღუდვებით მუშაობდა. ჟურნალისტები სცენიდან შორს, გვერდითა მხარეს, ჯებირებს მიღმა დააყენეს, საიდანაც სიტყვით გამომსვლელების გადაღება შეუძლებელი იყო.
ჟურნალისტებმა ვერც ის შეძლეს, კითხვები დაესვათ თავდაცვის მინისტრისთვის, რომელიც მათთან "კომენტარზე ჩავიდა". მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს მიღმა მოუწიათ დარჩენა, პრესსამსახურმა მათ მიკროფონები და ტელეფონები გამოართვა, ჯუანშერ ბურჭულაძის საუბარი ჩაუწერა და უკან დაუბრუნა.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართებოდა, რა დროსაც, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით ერთი ადამიანი დააკავეს.
პარლამენტის შენობაზე თუ არა, მის წინ დღეს ევროკავშირის დროშის ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. ოღონდ ეს მოქალაქეების დამსახურება იყო და არა მთავრობის.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თავისით არ მოსულა, ჩვენმა წინაპრებმა ამას სიცოცხლე მიუძღვნეს", — ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.
მისი სიტყვა ანტირუსული და ძალიან კრიტიკული იყო, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ. ისაუბრა ფრენების აღდგენაზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, სერგეი ლავროვის ოჯახის ქეიფზე და ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
სანამ პრეზიდენტი საუბრობდა, რამდენიმე შეძახილი გაისმა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც ზურაბიშვილს სიტყვა დაუწუნა. მალევე კრიტიკას მისი თანაგუნდელებიც შეუერთდნენ. დიტო სამხარაძემ პრეზიდენტს ქვეყნის მტერი და აგენტიც კი უწოდა.
მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ რუსთაველისა და თავისუფლების გამზირზე განლაგებული შემეცნებითი, გასართობი, სპორტული სივრცეებით ესარგებლათ. ტრადიციულად, ბავშვები ყველაზე უკეთ გაერთნენ.
კომენტარები