სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ხელშესახებია — ბლინკენი
ვაშინგტონში ოთხდღიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება "ახლო პერსპექტივაა".
ბლინკენმა, რომელიც მხარეებს შორის დიალოგს უზრუნველყოფდა, პარასკევს განაცხადა, რომ "მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების" მიუხედავად, პროგრესი ნამდვილად არსებობს. ეს აზრი ოფიციალური განცხადებებით დაადასტურეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც.
სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია და ამისთვის სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დიალოგია საჭირო.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოლაპარაკებების ეს რაუნდი ორშაბათს ბლინკენთან შეხვედრით დაიწყეს.
ეს მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ყველაზე მასშტაბური მცდელობა იყო დეკემბრის შუა რიცხვებში ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ. პოლიტიკოსები ბლინკენთან ერთად ჯეიკ სალივანსაც შეხვდნენ, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ქვეყნებმა საზღვრების დემილიტარიზაცია, დემარკაცია და მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
გასული წლის ბოლოს სომხეთი და აზერბაიჯანი 1991 წლის ალმატის დეკლარაციის საფუძველზე საზღვრების გარკვევაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ მოლაპარაკებები წინ არ წასულა.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, ლაჩინის დერეფანი გაეხსნა, რადგან დერეფნის ბლოკირებით მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები გარე სამყაროსგან თითქმის სრულიად მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ.
აპრილის ბოლოს აზერბაიჯანმა დერეფნის შესასვლელთან საგუშაგო პუნქტი მოაწყო, რაც 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევდა. ამ შეთანხმებით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო მისიის კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.
ერევანი მოლაპარაკებების შედეგებით გარკვეულწილად უკმაყოფილო დარჩა. სომეხი პოლიტოლოგის, ტიგრან გრიგორიანის შეფასებით, მოლაპარაკებები "უკან გადადგმული" ნაბიჯი იყო: "არსებობდა მოლოდინი, რომ რაიმე საერთო დოკუმენტს მაინც მოეწერებოდა ხელი".
RFE/RL-სთან ინეტრვიუში გრიგორიანმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ სომხეთი ისეთ "მნიშვნელოვან საკითხებზე" შეიცვლის პოზიციას, როგორიცაა ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.
ნატიგ ჯაფარლი, აზერბაიჯანის ReAl პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ეკონომისტი უფრო ოპტიმისტურად უყურებს საკითხს. მისი თქმით, მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.
"მსგავსი მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი ყოველთვის ძალიან რთულია", — წერს ჯაფარლი ფეისბუქზე.
მისი ვარაუდით, პრეზიდენტი ალიევი და პრემიერმინისტრი ფაშინიანი ჩარჩო შეთანხმებაზე მოლდოვაში მომავალი სამიტის ფარგლებში შეთანხმდებიან.
მოსკოვის პერსპექტივა
ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს, ერევანთან და ბაქოსთან საკუთარ სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლოს.
ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, "ვაშინგტონის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მონაწილეებისაგან მიიღოს". მისი თქმით, ერევანი და ბაქო უკვე დათანხმდნენ შეხვედრაზე, თარიღები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ხუთშაბათს ფაშინიანმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსეთი, რომელიც უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების მედიატორობით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში დასავლეთის შუამავლობას არ აღიარებს.
ამ წლის დასაწყისში მოსკოვმა ასევე დაგმო სომხეთში ევროპული სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის შექმნა და ერევანს CSTO-ს სახით ალტერნატივა შესთავაზა, რომელსაც სომხეთმა გვერდი აუარა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია კითხვის გასაადვილებლად ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას ამ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები