საიდან ვიცით, რომ დედამიწა 4.54 მილიარდი წლისაა?
მიჩნეულია, რომ დედამიწა დაახლოებით 4.54 მილიარდი წლისაა. ამ დროის განმავლობაში კონტინენტები იქმნებოდა და ქრებოდა, მყინვარული ქუდები ზომაში იზრდებოდა და მცირდებოდა, სიცოცხლე ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან ლურჯ ვეშაპებამდე და ადამიანებამდე მოვიდა...
ასევე იხილეთ: აფრიკა ორ კონტინენტად იყოფა, რაც ახალ ოკეანეს წარმოქმნის
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საიდან ვიცით, რომ ჩვენი პლანეტის ასაკი მაინცდამაინც 4.54 მილიარდი წელია? — ამას დედამიწის შიგნეულობის მიხედვით ადგენენ.
როდესაც მინერალები მაგმიდან ან ლავიდან ფორმირდება, მათში ხშირად მცირე რაოდენობის რადიოაქტიური მასალაც (მაგალითად, ურანი) გვხვდება. დროთა განმავლობაში რადიოაქტიური ელემენტები იშლება და რადიაციას ასხივებს. პროცესის შედეგად ახალი, მეტად სტაბილური ელემენტები მიიღება, რომლებიც მინერალს შიგნით რჩება.
შეგვიძლია, მაგალითისთვის ურან-238 ავიღოთ — ეს ურანის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული იზოტოპია (იზოტოპები ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის განსხვავებული ფორმებია, რომლებსაც სხვადასხვა ატომური მასები აქვს). ვინაიდან ეს ელემენტი რადიოაქტიურია, მისი ატომები დაიშლება და ენერგიას გამოყოფს, საბოლოოდ კი ტყვია მიიღება. პროცესი მუდმივი სიჩქარით მიმდინარეობს, რომელსაც ნახევრად დაშლის პერიოდს უწოდებენ — ეს დროის ის რაოდენობაა, რომელიც ნიმუშში ატომების ნახევრის დაშლას სჭირდება.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ურანის აქამდე უცნობი იზოტოპი აღმოაჩინეს — როგორ შეიქმნა ურან-241
ურან-238-ის ნახევრად დაშლის პერიოდი 4 მილიარდ წელს აღემატება, ანუ იმისათვის, რომ ურან-238-ის სინჯში ტყვიად ატომთა ნახევარი გარდაიქმნას, 4 მილიარდ წელზე მეტი დროა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ურანი უაღრესად ძველი ობიექტების დათარიღებისთვის ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია.
ნახევარდაშლის პერიოდების გათვალისწინებით შეგვიძლია, საწყისი რადიოაქტიური ელემენტისა და მისგან მიღებული სტაბილური ელემენტის თანაფარდობა შევამოწმოთ. ასე მინერალის სიძველეს გამოვთვლით — ამ მეთოდს რადიომეტრული დათარიღება ეწოდება.
მინერალ ცირკონში ურანი უხვად გვხვდება, ამიტომ რადიომეტრული დათარიღებისას მას ხშირად იყენებენ. არსებობს რადიომეტრული დათარიღების სხვა ვარიანტებიც, რომელთა შემთხვევაშიც სხვა ქიმიური ელემენტებით სარგებლობენ. მაგალითისთვის, ასეთი რადიონახშირბადული დათარიღებაა — ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მეთოდი, რომლის დროსაც ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება. ამ უკანასკნელის ნახევარდაშლის პერიოდი ათასობით წელია, ამიტომ იგი ორგანული მასალების სიძველის გამოსათვლელად გამოიყენება.
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ისეთი მინერალები აღმოაჩინეს, რომლებიც 4.4 მილიარდი წლით თარიღდება, ანუ პლანეტა მინიმუმ ამ დროის განმავლობაში არსებობდა. თუ მიჩნეულია, რომ დედამიწა 4.5 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა, მაშ დამატებითი 100 მილიონი წელი საიდანღა მოვიდა?
როგორც აღვნიშნეთ, პლანეტა უკვე მილიარდობით წელია, მუდმივად იცვლება. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ როლს ბაქნების ტექტონიკა ასრულებს — მისი წყალობით დედამიწის ქერქი მოძრაობს, მაგმისგან ახალი მიწები ჩნდება, ხოლო ძველები კი მიწისქვეშ ინაცვლებს. სწორედ ამიტომ, დედამიწის ადრეული ისტორიიდან შემორჩენილი ქვები არც ისე მარტივი საპოვნელია; ისინი უკვე გამოიფიტა ანდა სულაც დადნა და ისევ ნედლ მასალად იქცა.
აღსანიშნავია, რომ რადიომეტრული დათარიღებით მზის სისტემის სხვა ადგილებში არსებული ქვების სიძველეც შეიძლება დადგინდეს. ზოგიერთი მეტეორი 4.56 მილიარდ წელზე ადრეულ მასალებს შეიცავს; დაახლოებით 4.5 მილიარდი წლით დათარიღებულა მთვარისა და მარსის ქვებიც.
ეს თარიღები საკმაოდ ახლოსაა იმ დროსთან, როდესაც, მეცნიერების აზრით, მზის სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო. თუ ამ შედარებით ასაკებს დავადგენთ, თანდათან დედამიწის, მთვარის, მარსისა და ახლომდებარე კოსმოსში მოტივტივე სხვა "ქვების" დასაბამის დროის სკალასაც შევაკოწიწებთ.
საბოლოო ჯამში, არ უნდა დავივიწყოთ: დედამიწა მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა და მტვრიდან პლანეტად ასე უბრალოდ არ ქცეულა. შესაბამისად, შეუძლებელია, მისი "დაბადების" კონკრეტული წელი გამოვავლინოთ — განსაზღვრადია მხოლოდ პერიოდი, როდესაც ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბება დაიწყო.
კომენტარები