BBC Eye-მ გამოავლინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც გლობალური თაღლითობის უკან დგანან. გთავაზობთ BBC-ის სტატიას სრულად.

ჯერ ტელეფონის ზარი ისმის. მოხუცი კაცი პასუხობს.

ტელეფონის მეორე მხარეს არსებული ადამიანი ადრესატს უილიამ გრანტად ეცნობა, სავაჭრო კომპანია Solo Capitals-დან.

ამბობს, რომ მისთვის "ძალიან კარგი შემოთავაზება" აქვს.

მოხუცი კაცი დაბნეული და შეწუხებული ჩანს. "არ ვარ დაინტერესებული, არ ვარ დაინტერესებული", — იმეორებს ის.

მაგრამ უილიამ გრანტი დაჟინებულია. "მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს" — ეუბნება ის მოხუც კაცს, — "ფულის შოვნით დაინტერესებული ხართ?".

ჯენ ერიკი, 75 წლის შვედი პენსიონერი ცოტა ხანში თაღლითობის მსხვერპლი გახდება, ისევ. ზარი სოლო კაპიტალსის ოფისიდან ხორციელდება. სოლო კაპიტალსი თითქოსდა კრიპტოვალუტით მოვაჭრე კომპანიაა, რომელიც საქართველოშია განთავსებული. ჩანაწერი რთული მოსასმენია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცი კაცის ხმა ბუნდოვნად ისმის, არამედ იმიტომ რომ პენსიონერი ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ კაცს ეუბნება, რომ უკვე დაკარგული აქვს ერთი მილიონი შვედური კრონა (250 000 ლარამდე) მსგავს სქემებში.

თუმცა "უილიამ გრანტმა" ეს ისედაც იცის. ისიც იცის, რომ ეს პენსიონერი კარგი სამიზნეა მომდევნო სქემისათვის. ის ჯენ ერიკს ეუბნება, რომ თუ კაცი ბარათის მონაცემებს გადასცემს და €250-ს დეპოზიტს განახორციელებს, სოლო კაპიტალი სპეციალურ პროგრამას გამოიყენებს მისი დაკარგული ინვესტიციის მოსაძიებლად და ფულის უკან დასაბრუნებლად.

"ჩვენ მთელი თანხის დაბრუნებას შევძლებთ", — ჰპირდება უილიამ გრანტი.

ჯენ ერიკის დაყოლიებას საკმაო დრო სჭირდება, მაგრამ დაახლოებით 30 წუთის შემდეგ პენსიონერი საკუთარი ბარათის დეტალების კარნახს იწყებს.

"William Sweden scammed (უილიამი შვედეთი მოტყუებული)" — ამ სახელით ინახება აუდიოჩანაწერი კომპანიაში. BBC-მ ფაილი ყოფილი თანამშრომლისგან მოიპოვა, თუმცა კომპანიას ის დიდად არც გაუსაიდუმლოებია. ამ ჩანაწერს კომპანია ახალი თანამშრომლების ტრენინგისათვის იყენებს.

ეს იყო გაკვეთილი, როგორ გავძარცვოთ ადამიანი.

სქემა

მილტონ ჯგუფის ოფისი კიევში

ფოტო: Alexander Mahmoud/DG

BBC Eye უკვე ერთ წელზე მეტია, ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდისგან შემდგარი გლობალური თაღლითური ქსელის საქმეს იძიებს. ამ ქსელმა ჯენ ერიკის მსგავს მომხმარებლებს მილიარდზე მეტი დოლარი გამოსძალა.

ჩვენი გამოძიება ფარდას ხდის თაღლითობის მასშტაბებს, ისევე, როგორც იმ პირების ვინაობას, რომლებიც ამ ჩრდილოვანი ქსელის უკან დგანან.

პოლიცია ამ ქსელს მილტონის ჯგუფის სახელით იცნობს, ამ სახელს 2020 წლამდე სქემერები (თაღლითები) თავადაც იყენებდნენ. ჩვენ გამოვავლინეთ 152 ბრენდი, მათ შორის სოლო კაპიტალსიც, რომლებიც ამ ქსელის წევრები იყვნენ. ქსელი მიზანში იღებს ინვესტორებს და მათ ათასობით ფუნტს — ზოგ შემთხვევაში კი ასობით ათას ფუნტს სძალავს.

მილტონის ჯგუფის წარმომადგენელი ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი ესპანურ საფეხბურთო კლუბსაც ასპონსორებდა და დიდ გაზეთებში ათავსებდა რეკლამას, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობის მოპოვებას ახერხებდა. ნოემბერში BBC Eye გერმანულ და ქართულ პოლიციას თბილისში არსებული ქოლცენტრის ოპერაციაზეც გაჰყვა. კომპიუტერის ეკრანზე რიგებად ჩამოწერილი ბრიტანული ნომრები ვნახეთ. რამდენიმეს გადავურეკეთ და ბრიტანეთის მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, რომ ცოტა ხნის წინ ინვესტიცია განახორციელეს.

ერთ-ერთ მაგიდაზე ხელნაწერი ბარათიც იყო ზედ სახელებით და სქემერებისთვის სასარგებლო დეტალებით: "სახლის მფლობელი, ვალდებულებები არ აქვს", "50კ დანაზოგი", "პოლონეთიდან, ბრიტანეთის მოქალაქე", "50კ აქციების სახით".

ერთ-ერთი ბრიტანელი კაცის სახელის გვერდით ეწერა: "10კ-ზე ნაკლები დანაზოგი, მარტივად "მისაჩმორებელი", მალე უნდა გამოვძალოთ".

მსხვერპლების უმრავლესობა სოციალურ მედიაში არსებულ რეკლამას ეხმაურება. 48 საათის შემდეგ მათ ოფისიდან ვინმე უკავშირდება და დღეში 90%-მდე მოგებას სთავაზობს. ტელეფონის მეორე მხარეს, როგორც წესი, მოწესრიგებული ქოლცენტრია, რომელიც ერთ შეხედვით, კანონიერ ბიზნესს ჰგავს — თანამედროვე, კომფორტული ოფისით, HR განყოფილებით, თვის მიზნებითა და ბონუსებით, შვებულებებითა და შიდა კონკურენციით საუკეთესო გაყიდვების მენეჯერის ტიტულის მოსაპოვებლად. ზოგ ქოლცენტრში უკანა ფონზე ენერგიული მუსიკაც ისმის, თუმცა იმ ელემენტებსაც ნახავთ, რომელთაც კანონიერ ბიზნესში ვერ წააწყდებით — მაგალითად, დაწერილ ინსტრუქციას, როგორ უნდა გამოავლინო პოტენციური ინვესტორის სისუსტეები და გამოიყენო მის საწინააღმდეგოდ. პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ მსხვერპლებს ხან რეგულირებადი კომპანიებისკენ ამისამართებენ, ხანდახან კი დაურეგულირებელი, ოფშორული ორგანიზაციებისაკენ. ზოგიერთ მსხვერპლს, რომლებიც მილტონ ჯგუფში არსებული რეგულირებადი ბრენდების მომხმარებლები ხდებიან, ბროკერი უბიძგებს, ისეთი ოპერაცია განახორციელოს, რომელიც მომხმარებელს ფულს დააკარგვინებს, ბროკერს კი — აშოვნინებს. მსგავსი ქმედება გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ზოგიერთ მსხვერპლს უბიძგებენ, გადმოწეროს პროგრამა, რომელიც თაღლითს საშუალებას მისცემს, დისტანციურად აკონტროლოს მისი კომპიუტერი და სავაჭრო ოპერაციები კლიენტის ნაცვლად განახორციელოს — ესეც უკანონობაა. მილტონ ჯგუფის ყოფილი თანამშრომლების თანახმად, ზოგი კლიენტი ფიქრობს, რომ სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებს, მაგრამ სინამდვილეში მისი ანგარიშიდან თანხა უბრალოდ ნელ-ნელა გადმოაქვთ.

"მსხვერპლები ფიქრობენ, რომ კომპანიაში რეალური ანგარიში აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ვაჭრობა საერთოდ არ ხორციელდება, ეს უბრალოდ სიმულაციაა", — ამბობს ალექსი, მილტონ ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კიევში, უკრაინაში მუშაობდა.

"ჩემი დაბადების დღე იყო, როცა ამას მივხვდი", — ამბობს ჯეინი, — "პანდემია იყო და ჩემმა ოჯახმა ღია ცისქვეშ პატარა წვეულება მომიწყო. ტორტი მომიტანეს. ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, მაგრამ სინამდვილეში დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ამ პლანეტაზე ყოფნა აღარ მინდოდა".

იმისთვის, რომ უკეთ გაგვეგო, როგორ მუშაობდა სქემა, BBC-მ დაინტერესებული კლიენტის როლი მოირგო და Coinevo-ს, მილტონ ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას მიმართა. ჩვენ მრჩეველთან დაგვაკავშირეს, რომელიც პატრიკის სახელით გაგვეცნო და გვითხრა, რომ დღეში 70% ან 80% ან 90% მოგებას ვნახავდით. გვითხრა, რომ ვაჭრობის დასაწყებად $500 ღირებულების ბიტკოინი უნდა გაგვეგზავნა. პატრიკმა ჩვენს დაფარულ კლიენტს აიძულა, პასპორტის ასლი გაეგზავნა, მან ყალბი საბუთი გაუგზავნა. ამ საბუთის გამოყენებით ანგარიშით სარგებლობა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შევძელით, სანამ Coinevo-მ სიყალბე არ აღმოაჩინა. ამის შემდეგ პატრიკმა გინებით სავსე იმეილი მოგვწერა და კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა BBC-ის მიერ განთავსებული თანხა უკვე სისტემაში იყო. ჩვენ თვალს ვადევნებდით, როგორ დაიყო ის მცირე ფრაგმენტებად და ბიტკოინის მრავალ საფულეზე გადანაწილდა — სავარაუდოდ, ყველა მათგანი მილტონ ჯგუფთან იყო დაკავშირებული. ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ რეალური ფინანსური დაწესებულებები ფულს ამგვარად არ ანაწილებენ. ლუის ებოტმა, ადვოკატმა, რომელიც კრიპტოვალუტებზე და თაღლითობის სქემებზე სპეციალიზდება, შეისწავლა ფულის გადინება და თქვა, რომ ეს "მაღალი კალიბრის ორგანიზებული დანაშაულია". ებოტის თქმით, ფულის ასე დანაწევრების მიზანი ისაა, რომ სპეციალურად გართულებული და ჩახლართული სქემის პირობებში ფულის პოვნა ვერც მსხვერპლმა და ვერც ამ თემაზე მომუშავე იურისტებმა ვერ შეძლონ.

იდეალური სამიზნე

თაღლითები, როგორც წესი, პოტენციური მსხვერპლების წინააღმდეგ მათ სოციალურ და ფინანსურ გარემოებებს იყენებენ. მათ, ვისაც დიდი დანაზოგი აქვთ, დიდი ინვესტიციებისკენ უბიძგებენ. თუ ადამიანი თავს მარტოდ გრძნობს, მას სქემერები უმეგობრდებიან.

ცოტა ხნის წინ პენსიაზე გასული ჯეინი (სახელი შეცვლილია) იდეალური სამიზნე აღმოჩნდა მილტონ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის. სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ მას £20,000 გამოუჩნდა, რომლის ჭკვიანურად დაბანდებაც უნდოდა, რათა სიცოცხლის ბოლო წლები მშვიდად გაეტარებინა. 2020 წლის ივნისში, პირველი ლოქდაუნის დროს, მას ინტერნეტში კომპანია EverFX-ის რეკლამა შეხვდა. იმ პერიოდში EverFX ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური საფეხბურთო კომპანიის, სევილიას სპონსორი იყო. კლუბის ვარსკვლავები სავაჭრო პლატფორმას სოციალურ მედიაში ღიად უწევდნენ რეკლამას. ჯეინმა შეამოწმა და კომპანია გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სამმართველოს მიერ იყო რეგულირებული.

ჯეინმა EverFX-ს ვებსაიტის დახმარებით მიმართა. მას ცოტა ხანში გადმოურეკეს და, როგორც უთხრეს, უფროს ტრეიდერთან (აქციებით მოვაჭრე) დააკავშირეს. წარმომადგენელმა უთხრა, რომ ოდესიდან, უკრაინიდან ურეკავდა და მისი სახელი დევიდ ჰანტი იყო. სლავური აქცენტი ჰქონდა, თუმცა, ჯეინმა ვერ დაადგინა, კონკრეტულად რომელი. დევიდმა მაშინვე მოიპოვა მისი სიმპათია.

"იცოდა, რაზე საუბრობდა, იცოდა, როგორ მუშაობს ბირჟა", — ყვება ჯეინი, — "მაშინვე ჩამითრია".

ჯეინმა საპენსიო დანაზოგი დაკარგა. "ძალიან მრცხვენოდა", — ამბობს ის, — "აღარ მინდოდა, ამ პლანეტაზე ვყოფილიყავი".

ფოტო: Joel Gunter/BBC

დევიდი და ჯეინი თითქმის ყოველ დილას საუბრობდნენ და ჯეინი უყვებოდა, კონკრეტულად რისთვის სჭირდებოდა ფული — მაგალითად, სახურავის შესაკეთებლად, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ჰანტმა ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა, ეუბნებოდა, რომ კონკრეტული ოპერაციები "მის სახურავს უზრუნველყოფდა" და "მომავალში დაეხმარებოდა".

მომდევნო თვეების განმავლობაში ჯეინმა ინვესტიციის სახით £15,000 ჩადო, თუმცა შედეგები იმედისმომცემი არ ჩანდა. ჰანტმა ურჩია, თანხა უკან გამოეტანა და სხვა სავაჭრო პლატფორმა, BproFX ეცადა, სადაც უკეთეს შედეგს მიიღებდა.

ამ მომენტისთვის ჯეინი სრულიად ენდობოდა დევიდ ჰანტს. "ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კარგად ვიცნობდი და ჩემი ინტერესების გათვალისწინებით მაძლევდა რჩევებს", — გვიყვება და თვალებზე ცრემლი ადგება, — "ამიტომ დავეთანხმე, რომ გაგვეგრძელებინა".

ჯეინმა არ იცოდა, რომ BproFX დაურეგულირებელი კომპანიაა, ოფშორული ორგანიზაცია, რომელიც დომინიკაშია დაფუძნებული. რეალურად, რეგულაციური სტატუსი არც EverFX-ს უშლიდა ხელს ბრიტანეთის მოქალაქეების გაძარცვაში, თუმცა BproFX-ზე გადასვლა ჯეინს იმ მცირე უსაფრთხოებასაც დააკარგვინებდა, რაც მას ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნოდა. BBC-მ რამდენიმე მსხვერპლი იპოვა, რომელთაც, ჯეინის მსგავსად უბიძგეს დაურეგულირებელ კომპანიებზე გადასვლა.

2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა, რომ BProFX-ze £20,000 განეთავსებინა. მომდევნო თვეებში ჰანტი მას სხვადასხვა ოპერაციისაკენ უბიძგებდა, თუმცა ჯეინი ისევ და ისევ კარგავდა ფულს.

სხვა მსხვერპლებსაც მსგავსი ისტორია აქვთ. ლონდონელი ბერი ბარნეტი ამბობს, რომ ინვესტირება EverFX-ის რეკლამის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა და რამდენიმე მომგებიანი ოპერაციის შემდეგ, მოულოდნელად 24 საათში £10,000 დაკარგა. მრჩეველმა დააძალა, კიდევ £25,000 ჩაედო, რათა მთლიანად ამოეღო დაკარგული თანხა.

"ორი საათის განმავლობაში 20-მდე ზარი მივიღე", — ამბობს ბერი, — "მეხვეწებოდნენ, რომ ფული ჩამედო".

ჯეინს დევიდ ჰანტისგანაც ახსოვს მსგავსი ზეწოლა. "მეუბნებოდა, რომ რაც უფრო მეტს ჩავდებდი, მეტი შანსი იყო დანაკარგის ანაზღაურების", — ამბობს ის.

ჯეინმაც და ბერიმაც გადაწყვიტეს, დანებებულიყვნენ. ბერიმ £12,000 დაკარგა, ჯეინმა კი —£27,000.

"დამუნჯებული ვარ", — ამბობს ბერი.

ჯეინმაც და ბერიმაც უამრავი ზარი განახორციელეს, სცადეს, დაკარგული ფულისთვის მიეკვლიათ, თუმცა უშედეგოდ. დევიდ ჰანტი ზარებს აღარ პასუხობდა. ჯეინმა იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგა.

"ჩემი დაბადების დღე იყო, როცა ამას მივხვდი", — ამბობს ის, — "პანდემია იყო და ჩემმა ოჯახმა ღია ცისქვეშ პატარა წვეულება მომიწყო. ტორტი მომიტანეს. ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, მაგრამ სინამდვილეში დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ამ პლანეტაზე ყოფნა აღარ მინდოდა".

ჯეინს სიმამაცის მოსაკრებად, რომ ეს ამბავი ვინმესთვის გაემხილა, თვეები დასჭირდა.

სრული სურათი — კავშირები

მილტონ ჯგუფის საქმიანობა აქამდეც გამოუძიებია შვედურ ჟურნალს - Dagens Nyheter-სა და სხვებს, მაგრამ BBC-მ დეტალურად შეძლო გლობალური თაღლითობის უკან მდგარი ზემდგომი პირების იდენტიფიცირება.

ჩვენ ჯერ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების სიღრმისეული შესწავლა დავიწყეთ, რომ მილტონ ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის კავშირები დაგვედგინა. ხუთი სახელი მუდმივად ტრიალებდა — მილტონის სავაჭრო პლატფორმების ან დამხმარე ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორების სია — დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

ეს ხუთი სახელი პანამის დოკუმენტებში დავძებნეთ [2016 წელს ოფშორულ კომპანიებზე გაჟონილ ინფორმაციაში] და იქ ოთხი მათგანი — ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი აღმოვაჩინეთ. ისინი დასახელებულნი იყვნენ ამ ჯგუფში შემავალი ოფშორული ან შვილობილი კომპანიების დირექტორებად თუ მაღალი რანგის პირებად. ეს კომპანიები მილტონ ჯგუფამდე არსებობდნენ. ამ არა-მილტონური კომპანიების კვალი ერთ პირამდე მიდის — დავით კეზერაშვილამდე, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დავით კეზერაშვილი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, როგორც ჩანს, მილტონის სქემაშია ჩართული.

ფოტო: Alamy/BBC

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით 5 მილიონ ევროზე მეტი საბიუჯეტო თანხის მითვისებისთვის მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. ამ პერიოდში ის ლონდონში ცხოვრობდა, გაერთიანებულმა სამეფომ კი საქართველოს მის ექსტრადიციაზე უარი უთხრა.

საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ამ მილტონამდელ ქსელთან აკავშირებს, მაგრამ როცა პანამის დოკუმენტებს ვსწავლობდით, მისი სახელი ისევ და ისევ გვხდებოდა ამ მშობელი კომპანიების დამაარსებლის ან საწყისი მეწილის პოზიციაზე. ჩანდა, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ცენტრში უნდა ყოფილიყო.

მილტონ ჯგუფს რაც შეეხება, აქაც არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებს, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას მილტონის ბრენდთან დაკავშირებით რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ამოძრავებს, თუმცა მილტონთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ კეზერაშვილთან პირდაპირ ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები და იცოდნენ, რომ ის მილტონ ჯგუფში ჩართული იყო.

კეზერაშვილი ხშირად იყენებდა სოციალურ პლატფორმებზე საკუთარ ანგარიშებს თაღლითური პლატფორმების პოპულარიზაციისათვის. ლინქდინზე მისი პროფილი ძირითადად მილტონ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიებისა და სიახლეების გაზიარებას ემსახურებოდა.

ბიბისიმ შეძლო და არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს მილტონის ბრენდთან აკავშირებს. კეზერაშვილის მფლობელობაში მყოფი რამდენიმე კომპანია ელექტრონული ფოსტის იმ სერვერს იყენებდა, რომელზეც სხვა მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. მისი ვენჩურული კაპიტალის კომპანია, Infinity VC, ფლობდა ბრენდინგსა და ვებ დომენებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფდა.

კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევში იმ საოფისე შენობას, რომელშიც გახსნილი იყო EverFX -ის თაღლითური ქოლცენტრი და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც თაღლითურ სქემას პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდნენ. ამ ოფისებში ნოემბერში პოლიციამ რეიდი მოაწყო. ის ასევე ფლობს საოფისე შენობას თბილისში, რომელშიც ამავე ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები იყო განთავსებული.

როცა ბიბისიმ მილტონ ჯგუფთან დაკავშირებული ამ ოთხი მაღალჩინოსნის სოციალური მედიის პროფილები გამოიკვლია, ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების ფოტოებით ცხადი გახდა, რომ თითოეულ მათგანს კეზერაშვილთან ახლო სოციალური კავშირი ჰქონდა. კეზერაშვილი მილტონ ჯგუფის სქემასთან დაკავშირებულ მინიმუმ 45 ადამიანთან მეგობრობს ფეისბუქზე, ზემოთ ნახსენები იდენტიფიცირებული ოთხი პირიდან კი ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC-მ კეზერაშვილს 18-მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ ლონდონურ სასახლეში მიაკითხა, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ შეძლო. მან BBC-ს თავისი იურისტების სახელით უთხრა, რომ უარყოფდა მილტონ ჯგუფში რაიმე სახის ჩართულობას ან იმას, რომ მან ფინანსური შემოსავალი თაღლითობისგან მიიღო. მან განაცხადა, რომ EverFX, მისი ინფორმაციით, კანონიერი ბიზნესი იყო, ხოლო მისი იურისტი ამტკიცებდა, რომ ის კავშირები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან მდგომ ადამიანებთან და ტექნოლოგიებთან აღმოვაჩინეთ, "არაფერს ადასტურებდა".

თაღლითობის მსხვერპლები სავაჭრო პლატფორმას იწერენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი არც ერთ რეალურ შესყიდვას არ ახორციელებს.

ფოტო: Joel Gunter/BBC

ჭელიძემ და გოგეშვილმა ასევე მკაცრად უარყვეს ჩვენი ბრალდებები და თქვეს, რომ EverFX კანონიერი, რეგულირებული პლატფორმაა. მათ განაცხადეს, რომ მილტონზე ან EverFX-სა და სხვა დაურეგულირებელ ბრენდებს შორის კავშირზე არაფერი იციან. მათი [ჭელიძის და გოგეშვილის] თქმით, თაღლითური კომპანიები ბოროტად იყენებდნენ EverFX-ის პროგრამულ კოდსა და ბრენდს, რათა მომხმარებლები დაებნიათ. მათ თქვეს, რომ EverFX-ს არასდროს ჰქონია კრიპტო საფულის სერვისი და ვერ აკონტროლებდნენ იმას, თუ როგორ ანაწილებდნენ თანხას გადახდების დამმუშავებელი გარე კომპანიები.

მგელაძემ ასევე უარყო ჩვენი ბრალდებები და გვითხრა, რომ მის მფლობელობაში არასდროს ყოფილა რაიმე ქოლცენტრი და რომ მილტონ ჯგუფზე ინფორმაცია არ აქვს.

ბენიმინმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

EverFX-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ის კანონიერ, რეგულირებულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდ განმარტავს ინვესტიციის რისკებს. მათ თქვეს, რომ გამოიძიეს ბერი ბარნეტის შემთხვევა და ის საკუთარ დანაკარგებზე პასუხისმგებელი თავად იყო.

ჯეინის შემთხვევაში, გვითხრეს, რომ მისი დანაკარგები სხვა, დაუკავშირებელ კომპანიაში გადასვლამ გამოიწვია. მათ თქვეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ მარეგულირებთან ითანამშრომლეს და რაიმე დამატებითი საჩივარი აღარ არსებობს.

საფეხბურთო კლუბმა სევილიამ BBC-ს განუცხადა, რომ მათი კონტრაქტი EverFX-თან დასრულდა და ამ კომპანიასთან აღარაფერი აკავშირებთ.


გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში თაღლითური სქემებით მოპოვებულმა თანხამ ჯამში 4 მილიარდ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა, ონლაინ საინვესტიციო თაღლითობების სათავეში მდგომი კომპანიები კი ყოველწლიურად ასობით მილიონ ფუნტს იგებენ. მსხვერპლები ბრიტანულ პოლიციას ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ისინი თაღლითების წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ იღებენ.

ჯეინმა საკუთარი საპენსიო დანაზოგის დასაბრუნებლად ყველა ზომას მიმართა, როგორც ბრიტანეთში, ისე საზღვარგარეთ, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ლონდონის პოლიციამ მისი განაცხადი მიიღო, მაგრამ მისი თქმით, "არაფერი გამოვიდა". ბანკიც ვერ დაეხმარა, "თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მიწერილ წერილს"

"მართლაც, რა უნდა ექნათ", — მხრებს სევდიანად იჩეჩავს ჯეინი.

ამიტომ ჯეინმა ის გააკეთა, რაც მოაფიქრდა. ასობით ვებსაიტზე დაწერა მიმოხილვა იმ ბრენდებზე, რომლებმაც მისი ფული მიითვისეს.

"მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინც შეიძლება მოტყუვდეს", — ამბობს ის, — "ამაში დიდ ძალისხმევას ვდებ. იმედია, ვინმე ნახავს".