აზერბაიჯანმა ირანელი დიპლომატები გააძევა
აზერბაიჯანში, ირანის საელჩოს ოთხ თანამშრომელს პერსონა ნონგრატად გამოცხადების შემდეგ ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.
ხუთშაბათს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეიედ აბას მუსავი, ირანის ელჩი აზერბაიჯანში სამინისტროში დაიბარეს და ამ ზომების შესახებ აცნობეს.
მოვლენები ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე განვითარდა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ აზერბაიჯანთან მიმართებაში "ირანის პროვოკაციული ქმედებების" გამო. ამასთანავე, დასძენენ, რომ ირანის საელჩოს თანამშრომლები გააძევეს იმ "საქმიანობების საფუძველზე, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგება ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციას".
ეს ქმედება მოჰყვა ირანის პარლამენტის განცხადებას, სადაც დაგმობილია გასულ კვირას აზერბაიჯანის მიერ თელ-ავივში საელჩოს გახსნა. ირანი ირწმუნება, რომ "ამ ნაბიჯს ბევრი უარყოფითი პოლიტიკური შედეგი მოჰყვება".
განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო გაიხსნა "ისლამური სამყაროსადმი უნდობლობისა და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ" და ირანი მოუწოდებს არაბულ და ისლამურ ქვეყნებს, დაგმონ ეს ნაბიჯი.
ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო ირანის "პოლიტიკური პროვოკაცია" და "აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა".
განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩოს გახსნა აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა და რომ არაერთ მუსლიმურ ქვეყანას, მათ შორის მაროკოს, ბოსნიას, ყაზახეთსა და თურქეთს, აქვს საელჩოები ისრაელში.
31 მარტს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასირ კანანმა აზერბაიჯანი და ისრაელი "ერთიანი ანტიირანის ფრონტის" შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
"აზერბაიჯანსა და სიონისტურ რეჟიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მდგომარეობა მათი ანტიირანის პოზიციის მდუმარე დადასტურებაა. შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ", — განაცხადა ქანანმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები