კრემლის პრესსპიკერი ირწმუნება, რომ საქართველოში ინიციირებული აგენტების კანონი მსგავსი შინაარსის რუსულ კანონთან კავშირში არ არის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტიდან, საქართველოს ქალაქებში რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება. აქციას უერთდება ყველა საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი, მათ შორის — მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კრემლის გავლენით შთაგონებული კანონის პირდაპირი სამიზნეები არიან.

  • მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევს.
  • თუმცა, პარალელურად, მმართველი გუნდი დაიწყებს ხალხთან დიალოგს და შემეცნებითი ხასიათის კონსულტაციებს ჩასაგდებად გადადებული რუსული კანონის ავკარგიანობაზე.

დეტალები: პესკოვის მტკიცებით, მსგავსი კანონპროექტების პიონერი მე-20 საუკუნის აშშ-ია.

  • მსგავსი პოზიცია ჰქონდათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, როცა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დასამორჩილებელ კანონს ამერიკულად ასაღებდნენ.
  • "არაფერი არ ყოფილა შთაგონებული კრემლის მიერ. ამასთან კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო", — ირწმუნება პესკოვი.