ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის ნებისმიერი სახით ხსენება მიუღებელია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შაბათს ერთობლივ პანელში მიიღეს მონაწილეობა. ამის შემდეგ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსის ნებისმიერი ხსენება "მიუღებელია".
ალიევმა განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან პანელური დისკუსიის შემდეგ გააკეთა.
დისკუსიის დაწყებამდე ალიევი და ფაშინიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდნენ, რომელმაც დაადასტურა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლობისთვის ვაშინგტონის მზადყოფნა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმების პროცესში სამი ძირითადი საკითხი გადაუწყვეტელია: ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაცია, სატრანსპორტო კავშირების გახსნა და მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს, მისი საზღვრები "ისტორიული რუკების მიხედვით განისაზღვროს" და სომხეთმა უნდა "დათმოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები" აზერბაიჯანის მიმართ.
ალიევმა დებატების დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა საერთაშორისო პარტნიორებს, განეხილათ მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის "უფლებები და გარანტიები", თუმცა ინტერვიუში დასძინა, რომ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებაში ხსენების წინააღმდეგია.
მან ასევე დაადასტურა, რომ სომხეთმა ცოტა ხნის წინ უპასუხა აზერბაიჯანის წინადადებებს სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რითაც დაადასტურა სომხეთის განცხადება, რომ გასულ კვირას თავისი სამშვიდობო პირობები წარადგინეს.
"ერთი შეხედვით, სომხეთის პოზიციაში არის პროგრესი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის", — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, მან ოფიციალურად დააყენა ორმხრივი საგუშაგოების შექმნის საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მათ შორის ერთი ლაჩინის დერეფანზე და ერთი ზანგეზურის დერეფნის ორივე ბოლოზე.
ზანგეზურის დერეფანი არის ბაქოს მიერ შეთავაზებული გზა, რომელიც აზერბაიჯანს დასავლეთ ექსკლავას ნახჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრის დელიმიტაციაზე, ეს შეუძლებელია საგუშაგოების გარეშე", — განაცხადა მან.
ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხია მთიანი ყარაბაღისა და მისი ხალხის სტატუსი: გასულ წელს, ერევნის რიტორიკამ საგრძნობლად იკლო. რეგიონის ავტონომიის მოთხოვნის შემდეგ ახლა ერევანი სომეხი მოსახლეობისთვის "სამშვიდობო გარანტიებს" ითხოვს.
ტონის ამ ცვლილებას სომხური ოპოზიციისა და სტეფანაკერტის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოჰყვა, ერევანი ორივემ დაადანაშაულა "დესტრუქციულ განცხადებებში".
სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ამბობს, რომ ერევნის მიერ წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების უახლესი ვერსიაში ნამდვილადაა ნახსენები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ ტექსტი "დასრულებული არ არის".
ლაჩინის დერეფანი და ვარდანიანი
პანელის დისკუსიის დროს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეთანხმდა საერთაშორისო პარტნიორებთან, განიხილონ "ყარაბაღში სომხური უმცირესობის უფლებები და გარანტიები".
"ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ, მაგრამ სომხური თემის იმ წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობენ ყარაბაღში".
მან მიუთითა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრ რუბენ ვარდანიანზე და თქვა, რომ ბაქოს არ სურს მოლაპარაკება იმ პირთან, რომელიც რუსეთიდანაა ექსპორტირებული, რათა წამყვანი პოზიცია ჰქონდეს ყარაბაღში".
"შესაძლოა "ექსპორტი" არ არის სწორი სიტყვა", — დასძინა მან. "მირჩევნია გამოთქმა "კონტრაბანდულად შემოტანილი"".
ალიევმა ასევე უარყო, რომ აზერბაიჯანი ბლოკავს ლაჩინის დერეფანს — გზას, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და თქვა, რომ თებერვლის დასაწყისში ვარდანიანის სავარაუდო ვიზიტი მოსკოვში იყო იმის დასტური, რომ რეგიონი არ არის ბლოკადაში.
"არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა [ვარდანიანი] ყარაბაღში და როგორ ახერხებს წასვლას ერევანში, შემდეგ მოსკოვში, შემდეგ კი ერევანში და შემდეგ ყარაბაღში. მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბლოკადა არ არის."
ნოემბერში მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ვარდანიანი ხშირად ყოფილა აზერბაიჯანის კრიტიკის საგანი, ალიევი და სხვა მაღალჩინოსნები ხშირად ითხოვდნენ მის თანამდებობიდან გადაყენებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალიევთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა არღვევს 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ხაზს უსვამს, რომ ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის კონტროლის მიღმა უნდა იყოს. 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დიდი ყურადღება მიაქციონ ლაჩინის დერეფანში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს "შეუქცევადი ჰუმანიტარული შედეგები მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები