გიუმრიში რუსულ სამხედრო ბაზაზე ათობით ადამიანი დააკავეს
ათობით ადამიანი დააკავეს ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე გიუმრიში, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული.
კვირას რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, რომელიც ორგანიზებული იყო ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის, ნაციონალისტური, ანტირუსული ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც სასნა ცრერისა და რამდენიმე სხვა მცირე პარტიის შერწყმით ჩამოყალიბდა.
ჯგუფი ქალაქის გარეუბანში, იქ, სადაც რუსული 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული, ბაზის გაყვანის მოთხოვნით მსვლელობას გეგმავდა.
პროტესტის ორგანიზატორები ერევნიდან გიუმრიში გაემგზავრნენ და ბაზის შესასვლელების გადაკეტვას გეგმავდნენ, რაც სიმბოლური იქნებოდა, როგორც ლაჩინის დერეფნის ერთთვიანი ბლოკადა — იმ ერთადერთი გზის, რომელიც მთიან ყარაბაღს გარე სამყაროსთან აკავშირებს.
ისინი, რუსეთის სამშვიდობო მისიას მთიან ყარაბაღში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასაც სთხოვდნენ, რაც ლაჩინის დერეფნის გახსნასაც მოიაზრებდა.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაგიკ სარუხანიანმა რუსეთის მთავრობას "ტერორისტული რეჟიმი" უწოდა, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, მაგრამ "ასევე სურს ჩვენი განადგურება თურქულ ძალებთან ერთად".
მან აზერბაიჯანი რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინაში "რამდენიმე გენერატორის" გაგზავნის მცდელობა შეაფასა, როგორც აზერბაიჯანის მცდელობა — "მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ისინი ცივილიზებული სამყაროს მხარეს არიან". მისი თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთის "დაპყრობას" და ამ დროს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს, როგორც რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პარტნიორს.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა და ამით მათი ბაზასთან მიახლოება შეაჩერა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაძაბულობის გამწვავების შემდეგ, ექვს ათეულზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ანტირუსული სენტიმენტები სომხეთში დრამატულად გაიზარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სექტემბრის ბრძოლების შემდეგ. სომხეთის მიმართვა რუსეთისადმი და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი (CSTO), რომლებიც ხელშეკრულებით ვალდებულნი არიან დაიცვან სომხეთი თავდასხმის შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა.
რამდენიმე სხვა ჯგუფთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა ბოლო თვეებში არაერთი ანტირუსული საპროტესტო აქცია გამართა სომხეთის CSTO-დან გასვლის მოთხოვნით.
რუსეთისა და CSTO-ს კრიტიკას ადგილი ჰქონდა ასევე სომეხი ოფიციალური პირების მხრიდან, თუმცა, სომხეთის ალიანსიდან გასვლის ნებისმიერ შესაძლებლობაზე ხელისუფლება დუმს.
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი 2020 წელს, ძირითადად, პარტია სასნა ცრერმა ჩამოაყალიბა. თავად სასნა ცრერი პოლიტიკურ პარტიად მხოლოდ ორი წლით ადრე, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ დარეგისტრირდა.
პარტია შეიქმნა მებრძოლი ჯგუფის ბაზაზე, რომელიც ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც შეიარაღებული წევრები პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და რამდენიმე მძევალი აიყვანეს. ალყას სამი პოლიციელი ემსხვერპლა.
2022 წლის დასაწყისში პარტიის რამდენიმე ლიდერს, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, 6-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები