მთიანი ყარაბაღი "ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე"
ლაჩინის დერეფანი, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია, რის გამოც რეგიონში საკვებისა და სამედიცინო მარაგის იმპორტი შეწყდა. სამშაბათის საღამოდან რეგიონს გაზმომარაგებაც შეუწყდა.
ორშაბათს, 10:30 საათიდან აზერბაიჯანელმა მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს, სავარაუდოდ, მართაკერტის (აღდარა) რაიონში უკანონო მაღაროების გასაპროტესტებლად.
მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი ღია კავშირია მთიან ყარაბაღსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. გზა კვლავ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშაა.
სამშაბათს საღამოს, როგორც ჩანს, შეწყდა გაზის მიწოდება მთიან ყარაბაღში, რის გამოც მოსახლეობა სითბოს გარეშე დარჩა. მთიანი ყარაბაღის მთავრობის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანი დაადანაშაულეს გაზის მიწოდების შეფერხებაში, რომელსაც მათ სომხეთი აწვდის, მაგრამ გადის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
მთიანი ყარაბაღი ძლიერ არის დამოკიდებული სომხეთზე საკვებითა და სამედიცინო მარაგით. რეგიონის ადამიანის უფლებათა დამცველის, გეგამ სტეპანიანის თქმით, სომხეთიდან ყოველდღიურად შემოდის 400 ტონაზე მეტი "საჭირო" საქონელი, — "მარცვლეულის, ფქვილის, ბოსტნეულის, ხილის ჩათვლით".
გზის ჩაკეტვის დაწყების დღიდან, მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადის, რათა, მისი სიტყვებით, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ "პირველად ინფორმაცია" გაავრცელოს. ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში ვარდანიანმა განაცხადა, რომ "კრიზისი რეალობად" იქცა და ხალხს "მომჭირნეობისკენ" მოუწოდა, რადგან ვერ ადასტურებს, რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული ვითარება.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ამის შესახებ, ნახონ აზერბაიჯანის ნამდვილი სახე, — გავაგებინოთ, რომ მათთან ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია", — განაცხადა ვარდანიანმა.
ოთხშაბათს დილით, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ რეგიონი საწვავის, გაზისა და დიზელის დეფიციტის შესახებ გააფრთხილა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გაზს გასათბობად იყენებენ და ხალხს ენერგიის დაზოგვისა და მანქანების მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებისკენ მოუწოდა.
მთიანი ყარაბაღის ათასზე მეტმა მცხოვრებმა, მათ შორის, ორასზე მეტმა ბავშვმა, საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ შეძლო. მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ პაციენტები, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ ერევანში, ჩარჩენილები არიან სტეფანაკერტში, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.
"გენოციდური პოლიტიკა" თუ "ეკოლოგიური პროტესტი"?
გზის ჩაკეტვის დაწყების შემდეგ, ერევანი და სტეფანაკერტი წინააღმდეგობაში არიან ბაქოსთან, სადაც ორივე მხარე სრულიად განსხვავებულ ანგარიშებს წარადგენს.
სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა ოფიციალურად დაადანაშაულეს აზერბაიჯანი ბლოკადის ორგანიზებაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსენეს აზერბაიჯანის "გენოციდის პოლიტიკა" მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რეგიონი "სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისის გარდაუვალი საფრთხის წინაშეა".
თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო პასუხისმგებლობა გზის გადაკეტვაზე და განაცხადა, რომ "ეკოლოგიური აქტივისტების [...] აქციის მიზანი არ არის რაიმე გზის გადაკეტვა და სამოქალაქო მანქანებს ორივე მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ". სანაცვლოდ, სამინისტრო ამტკიცებს, რომ გზა რუსმა სამშვიდობოებმა გადაკეტეს.
თავად აქტივისტები დამატებით აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის "ჰუმანიტარული დერეფანი" უზრუნველყოფილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობო მანქანები შევიდნენ, დერეფანში სამოქალაქო ან სამედიცინო მანქანების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გზის გადაკეტვაზე პასუხისმგებლობის უარყოფისას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ "ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი აზერბაიჯანის შიდა საქმეა".
"ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და ამ რეგიონში მცხოვრები სომხური წარმოშობის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად".
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმათ ჰაჯიევმა კონკრეტულად ახსენა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი და განაცხადა, რომ მას "არ მიეცემა აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების გაძარცვისა და გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების უფლება". ეს ეხმიანებოდა მომიტინგეების ბრალდებებს, რომლებიც ითხოვენ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკებისა და სპეციალისტების დაშვებას აღდარაში მაღაროების მონახულების მიზნით, იმის მტკიცებით, რომ უკანონო მოპოვება რეგიონში გარემოს ზიანს აყენებს.
გაზის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის პროვაიდერმა Azerigas-მა 14 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უარყო მტკიცება, რომ გათიშვაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანი იყო.
"აზერბაიჯანს არაფერი აქვს საერთო ამ საკითხთან. გაზის მიწოდებას იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, ახორციელებს სომხეთი და აღნიშნული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემაში ინტეგრირებული არ არის", — ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო ქმედება "უადგილოა"
სომხეთში, როგორც სახელმწიფო მოღვაწეებმა, ისე ფართო საზოგადოებამ დაგმო გზის გადაკეტვა და აქციის მონაწილეებმა ქუჩაში გამოსვლის გზით მოითხოვეს მოქმედება მთიანი ყარაბაღის სომხების მხარდასაჭერად.
ოთხშაბათს, სომხურმა ოპოზიციამ სიტუაციის განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც რუსეთს მოუწოდებს "უზრუნველეყოს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრული შესრულება" რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს — "აღკვეთონ ჰუმანიტარული კატასტროფა მთიანი ყარაბაღში", გაეროს კი სთხოვეს "ჰუმანიტარული სიტუაციის მონიტორინგისთვის" მთიან ყარაბაღში უშიშროების საბჭოს და ეუთოს მინსკის ჯგუფს გაგზავნა.
ოთხშაბათს, ოპოზიციური სომხეთის ალიანსის უფროსმა დეპუტატმა, არცვიკ მინასიანმა განაცხადა, რომ სომხეთი, საჭიროების შემთხვევაში მზად უნდა იყოს "სამხედრო ინტერვენციისთვის". მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ქმედებებს მიზანშეწონილად არ თვლიან.
ასევე, ხალხი ქუჩებში გამოვიდა მთიანი ყარაბაღის სომხების მხარდაჭერის გამოსახატავად. 14 დეკემბერს, ერევნის ცენტრში, ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობით გამართულ აქციას ათასზე მეტი მომიტინგე დაესწრო. მომიტინგეებმა და დამსწრეებმა, მათ შორის სომხეთის მესამე პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა, სომხეთის მთავრობა რეგიონის მიტოვებაში დაადანაშაულა.
საპროტესტო აქცია დაიწყო მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, არტაკ ბეგლარიანმაც, რომელმაც ერევანში სამუშაო ვიზიტით წასვლის შემდეგ სტეფანაკერტში დაბრუნება ვერ შეძლო. მან ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ იწყებს მოძრაობას მთიანი ყარაბაღის მოვლენებზე ყურადღების მიქცევისა და ქმედების მოთხოვნის მიზნით, დაწყებული გაერო-ს ქალაქის ოფისის წინ განუსაზღვრელი მჯდომარე პროტესტით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამ საკითხს ჯერჯერობით მხოლოდ დერეფნის გადაკეტვის პირველ დღეს, გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ მეოთხე გლობალური ფორუმის გახსნაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ლაჩინის დერეფნის ოპერაციის შეჩერება ნიშნავს "მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის გენოციდის მისჯას".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ქმედებებმა შეიძლება ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს — ხოლო ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკის "პრაქტიკული გამოვლინება" უწოდა.
საერთაშორისო რეაქციები
სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერმა, პიტერ სტანომ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდეს აღადგინონ თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფანში.
ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურმა მოწოდება გაიმეორა — "აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება დერეფნის გასწვრივ, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად" და განაცხადა, რომ მზადაა "წვლილი შეიტანოს" დიალოგსა და კონსულტაციებში მონაწილე მხარეების ჩართულობით".
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე ნედ პრაისმა განაცხადა, რომ "ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთრის თვეებში შევდივართ".
"თუ ეს მიზანმიმართულია, მიუღებელია მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება", — თქვა პრაისმა.
საფრანგეთი ასევე ითხოვს, "მთიან ყარაბაღში წვდომისა და მიწოდების უპირობო აღდგენას, იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების პატივისცემით".
დერეფნის დახურვის მეორე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მდგომარეობა დაადასტურა და განაცხადა, რომ სამშვიდობო კონტინგენტი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები