აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, აღიარების იმედები სუსტდება
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს უპრეცედენტო ვიზიტის შემდეგ, აფხაზეთსა და ბელარუსს შორის უფრო ღრმა ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო კავშირებიც კი ვითარდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს თანამშრომლობა გააძლიეროს თავის მოკავშირეებს შორის, ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარება შეიძლება არც კი განიხილებოდეს.
აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას საინტერესო ამბები ჰქონდა გასაზიარებელი. 10 ნოემბერს, მან სიტყვით მიმართა საზოგადოებას და განაცხადა, რომ ბელარუსი ოჩამჩირეში, სამხრეთ აფხაზეთში მსხვილი პროექტის განხორციელებას აპირებს და ივარაუდა, რომ ეს შეიძლება წინ უძღოდეს აფხაზეთში დიპლომატიურ გადატრიალებას.
"ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ბელარუსს წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ისინი საელჩოებს ხსნიან. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა კი 50 მილიონ დოლარზე ბევრად მეტი იქნება", — განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზეთსა და ბელარუსს დიდი ხანია მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ. აფხაზეთის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება ბელარუსიდან შემოტანილი საკვები, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და სხვა პროდუქტები, ხოლო სეზონურად, მანდარინის საპირისპირო მიმართულებით ექსპორტირება ხდება. თუმცა, მჭიდრო პოლიტიკური კავშირები ამბის სულ ახალი განვითარებაა.
გაერთიანება დასავლური წნეხის წინაშე
სექტემბრის ბოლოს ლუკაშენკოს ვიზიტი პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ მოსალოდნელია აფხაზურ-ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავება.
მიუხედავად მისი ვიზიტის და ბჟანიასთან შეხვედრის არაფორმალურობისა, ღონისძიება მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული. აფხაზეთს და მის მთავრობას ამჟამად მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია ცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტები იქ ძალიან იშვიათია.
ლუკაშენკოს ვიზიტმა სოხუმში გაურკვევლობა და დაძაბულობა გამოიწვია, ასევე ოპტიმისტური მოლოდინი, რომ მინსკმა, შესაძლოა, მალე აღიაროს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასევე, სიფრთხილე, თუ რას შეიძლება მიანიშნებდეს ეს სტანდარტული მდგომარეობიდან გადახრა.
მაგრამ ვინც ფიქრობდა, რომ ეს შესაძლოა ლუკაშენკოს ერთჯერადი ვიზიტი იყო, მალევე დადასტურდა, რომ არასწორი იყო. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, პირველ ნოემბერს, ბელარუსის პარლამენტის წევრები რუს დეპუტატებთან ერთად ჩავიდნენ აფხაზეთში, პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
დელეგაციის ნაწილი იყო ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის თანამშრომლობას ეფუძნება. ბელარუსი და რუსი დეპუტატები შეხვდნენ აფხაზ კოლეგებს, ასევე აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.
შეხვედრების მთავარი ფოკუსი ის იყო, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, საბჭოთა კავშირის დროს არსებული ბმები ზრუნვას და აღდგენას საჭიროებს, რათა შესაძლებელი იყოს ორმხრივი მხარდაჭერა დასავლეთის სანქციების ფონზე.
"ჩვენ ვხედავთ, რა დიდი ზეწოლაა ახლა ჩვენს ქვეყნებზე. და მხოლოდ ერთად, ერთიანობით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სანქციებს, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურსაც", — განაცხადა რუსმა დეპუტატმა არტემ ტუროვმა აფხაზ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე.
"ჩვენ ვხედავთ ამ მუდმივ საინფორმაციო ომს […] ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს — ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორიული მეხსიერება —გვაერთიანებს იმისათვის, რომ ერთად ვიყოთ და დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ ქვეყნებს აქვთ".
საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის ყოფნა მთლად ახალი არ არის. 2008 წლიდან აფხაზეთი მუდმივი დამკვირვებელია ბელარუსი-რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში, სოხუმიდან ჩამოსული დელეგატები აკვირდებიან ასამბლეის საარჩევნო კამპანიას. პატივისცემა ორმხრივი იყო — 2009 წელს საკავშირო სახელმწიფოს დამკვირვებლები დაესწრნენ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს.
მაგრამ სოხუმსა და მინსკს შორის თანამშრომლობის მარცვლები 1996 წლიდან უნდა ვიძიოთ. ამ წლის იანვარში, ლუკაშენკომ უარი თქვა შეერთებოდა აფხაზეთის ეკონომიკურ ბლოკადას, რომელსაც მხარს უჭერდა თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის მიერ მართული პოსტსაბჭოთა რეგიონული ორგანიზაციის, დამოუკიდებელ თანამეგობრობის მეთაურთა შეხვედრაზე.
ქმედება დავიწყებული არ იქნა. სექტემბერში, პიცუნდაში ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე, ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ ახსოვს და აფასებს ლუკაშენკოს მხარდაჭერის ჟესტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა აფხაზეთი დიდწილად მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოს.
კეთილი განზრახვები და სამხედრო მხარდაჭერა
აფხაზეთის ბრძოლა საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ და ლეგიტიმურობისათვის თითქმის ოცდაათი წლის შემდეგაც გრძელდება.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებას აპირებს. თუმცა, თუ მინსკი არ შეუერთდება მოსკოვს აფხაზეთის სუვერენულ ქვეყნად აღიარების საქმეში, სამმხრივი გაერთიანებული სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელი იქნება.
ლუკაშენკოს ასეთ ნაბიჯს კი შედეგები მოჰყვება. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, იმ ურთიერთობის, რომელმაც მინსკისთვის ნაყოფი გამოიღო.
ლუკაშენკომ სექტემბერში ბჟანიასთან გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ ისაუბრა თავის პოზიციაზე აფხაზეთსა და საქართველოს შესახებ.
"საქართველოს ყოფილ ლიდერებთან აფხაზეთზე ბევრი ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ, ამაზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ, თუმცა ცუდი არაფერი შემინიშნავს, [იმაში, რაც ითქვა] რამაც გამაკვირვა, ანუ ჩვენ არაფერს ვაშავებთ, არც ამ მხარეს, არც ქართველების მხარეს. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით", -— განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ მან ვლადიმერ პუტინთან განიხილა ის საკითხები, რომელთა წინაშე აფხაზეთი დგას. მან აღნიშნა, რომ პუტინი მასზე კარგად იცნობს რეგიონის "პრობლემებსა და საქმეებს".
"მაგრამ ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი რუკიდან არ წაიშლება. ამას ვერანაირი სანქციები ვერ შეძლებს. აფხაზეთის მიტოვება, [პუტინის თქმით] არ შეიძლება, საჭიროა დახმარება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს".
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მას აფხაზეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევა სურდეს და აღნიშნა, რომ მან ადრე უკვე შემოიყვანა ბელარუსის ჯარები აფხაზეთში და ბელარუს გენერალს "სიტუაციის შესწავლა" სთხოვა.
აღიარება საჩქარო არაა
აფხაზეთში ბელარუსული ინვესტიციების ახალი ტალღის გამოცხადებისას, ბჟანიამ უგულებელყო იმის გამხელა, თუ რა ფორმის შეიძლება იყოს "მთავარი პროექტი". ბელარუსთან მზარდი მეგობრული ურთიერთობის ფონზე, გაურკვევლობა იმის შესახებ, გადაიქცევა თუ არა სიტყვები ქმედებად, რჩება ურთიერთობის განმსაზღვრელ მახასიათებლად.
"ჩვენ ბელარუსისგან ველით აღიარებას, რა თქმა უნდა, ოდესმე, მომავალში", — თქვა ინალ ხაშიგმა, დამოუკიდებელი აფხაზური გაზეთის ჩეგემსკაია პრავდას რედაქტორმა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ ლუკაშენკოზე განცხადების დასაჩქარებლად ზეწოლა არ არის.
"თავად ლუკაშენკოს ეს სიტუაცია არანაირად არ ემუქრება. აფხაზეთში ჩამოსვლამ მასზე გავლენა ვერ მოახდინა. საქართველოს არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები", — განუცხადა ხაშიგმა OC Media-ს. "აქ მას შესაძლებლობა აქვს მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. ასეთი თანამშრომლობა აღიარების გარეშე მას, პრინციპში, აწყობს".
"თუ მოსკოვი ძალიან დაინტერესებულია აფხაზეთის აღიარებით, ის ამას გააჭიანურებს. ჩვენი ხალხი ამას მკაცრად არ ითხოვს".
ხაშიგმა დაადასტურა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია ტურიზმში ბელარუსული ინვესტიციების პერსპექტივით და ბელარუსული მანქანებისა და აღჭურვილობის შეძენით.
"სავაჭრო ბრუნვა და მასთან დაკავშირებული კონტაქტები, რომლებიც გაჩნდება ლუკაშენკოს ვიზიტის შედეგად, ისინი, რა თქმა უნდა, აინტერესებს როგორც აფხაზეთს, ასევე ბელარუსს.
მიუხედავად ამ საერთო ინტერესებისა, არსებობს დიდი ეჭვები, რომ ბელარუსის მხრიდან რაიმე გახმაურებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში არ გაკეთდება.
სექტემბერში ლუკაშენკოს მიერ მისი პოზიციების შეჯამება დაახლოებით იმავეს მიუთითებს. ის ამტკიცებდა, რომ მისი ვიზიტი არ იყო დაკავშირებული რაიმე ფართო პოლიტიკურ სიტუაციასთან და რომ, ფაქტობრივად, მას "არ აინტერესებს გეოპოლიტიკა".
"ჩვენც, როგორც თქვენ, გვინდა, რომ მშვიდობიანი, კეთილი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობდეს ჰარმონიაში. ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. სხვაგვარად არ შეიძლება".
კომენტარები