გლობალური შიმშილის გამოწვევა მცირემასშტაბიან ბირთვულ ომსაც კი შეუძლია — რა უნდა ვიცოდეთ
მკვლევრების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ ლოკალურმა ბირთვულმა კონფლიქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კლიმატური კატასტროფა.
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გამართვაზე New START Treaty-ის (სტრატეგიული იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულება), ერთადერთი შეთანხმების შესახებ, რომელიც არეგულირებს მსოფლიოში ორ უდიდეს ბირთვულ არსენალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს, უდავოდ, კარგი ამბავია, წელს გლობალურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით უკრაინაში, ბირთვული კონფლიქტის შიში გაზარდა იმ დონემდე, რომელიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. 10 000-ზე მეტი ბირთვული ქობინი რჩება მსოფლიოში და კრემლის საუბარი მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით სულ უფრო საშიში ხდება 2022 წელს.
ასევე იხილეთ: ბაიდენის თქმით, ბირთვული "არმაგედონის" რისკი ძალიან მაღალია — რატომ
გარდა იმ საშინელი ბედისა, რომელიც ბირთვული აფეთქების ზონებში მოხვედრილ ადამიანებს დაემუქრებათ, ფართომასშტაბიანი ბირთვული ომი ღრმა გავლენას მოახდენდა ჩვენს კლიმატურ სისტემაზე. მკვლევრების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ ლოკალურმა ბირთვულმა კონფლიქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კლიმატური კატასტროფა.
გლობალური შიმშილობა და კლიმატის რღვევა
1982 წელს მეცნიერთა ჯგუფმა, მათ შორის კარლ სეიგანმა, შემოკრა განგაშის ზარს კლიმატის აპოკალიფსის შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ ომს. მარტივი კომპიუტერული სიმულაციებისა და ისტორიული ვულკანური ამოფრქვევების ბუნებრივი ანალოგების გამოყენებით, მათ აჩვენეს, თუ როგორ შეეძლო კვამლს, რომელიც სტრატოსფეროში ურბანული ხანძრის შედეგად მოდიოდა, მზე წლების განმავლობაში დაებლოკა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ამ "ბირთვულ ზამთარს", როგორც მას უწოდეს, შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული შიმშილობა ომის ადგილიდან მოშორებით. რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა, შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა 1980-იან წლებში, ამ ნაშრომზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია.
ასევე იხილეთ: რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენებითაც პუტინი იმუქრება?
თანამედროვე საფრთხემ გამოიწვია ბირთვული ომის კლიმატზე პოტენციური გავლენის კვლევის ახალი ერა. უახლესი გამოთვლითი ხელსაწყოების გამოყენებით, მეცნიერებმა გამოიკვლიეს შესაძლო შედეგები და აჩვენეს, რომ ბირთვული კონფლიქტი მასიურად დაარღვევს კლიმატის სისტემას და გამოიწვევს გლობალურ შიმშილს. მას ასევე შეუძლია მკვეთრად დააზიანოს ოკეანე და მისი ეკოსისტემები ათწლეულების განმავლობაში და პოტენციურად ათასობით წლის განმავლობაშიც კი.
როგორ დააზარალებდა ბირთვული ომი ოკეანეს და გაყინავდა ბალტიის ზღვას
მეცნიერებმა გამოიკვლიეს აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული ომის სცენარი, რომლის შედეგადაც 150 მილიარდი ტონა ჭვარტლი დამწვარი ქალაქებიდან მიაღწევს ატმოსფეროს ზედა ნაწილში. მათ აღმოაჩინეს, რომ დაბალი სინათლე და სწრაფი გაგრილება გამოიწვევს დიდ ფიზიკურ ცვლილებებს ოკეანეში და დრამატულად გააფართოებს არქტიკული ზღვის ყინულს. ამ ყინულის გაზრდა დაბლოკავს, ჩვეულებრივ, ყინულისგან თავისუფალ სანაპირო რეგიონებს, რომლებიც აუცილებელია თევზაობის, აკვაკულტურისა და ევროპაში გადაზიდვებისთვის.
ასეთი ომიდან სამი წლის შემდეგ, არქტიკული ზღვის ყინული 50%-ით გაფართოვდება და გაყინავს ბალტიის ზღვას მთელი წლის განმავლობაში და დახურავს ძირითად პორტებს, როგორებიცაა: კოპენჰაგენი და სანქტ-პეტერბურგი. ინდოეთსა და პაკისტანს შორის უფრო შეზღუდული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, 27-დან 47 მილიარდი ტონა ჭვარტლი მოხვდება ზედა ატმოსფეროში და გამოწვეული გაცივება სერიოზულად დააზარალებს ჩრდილოეთ ევროპაში გადაზიდვებს.
ამაზე უარესი ისაა, რომ სინათლისა და ოკეანის ტემპერატურის უეცარი ვარდნა გაანადგურებს საზღვაო წყალმცენარეებს, საზღვაო საკვები ქსელის საფუძველს, და გამოიწვევს ოკეანის მრავალწლიან შიმშილობას. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოკეანე დაზარალდება, ყველაზე ცუდი ეფექტები კონცენტრირებული იქნება მაღალ განედებზე, მათ შორის, მთელ ევროპაში და, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ოკეანის შუქი ისედაც დეფიციტურია.
არქტიკისა და ჩრდილო ატლანტიკის წყლები მიიღებს მთავარ დარტყმას, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს მთელი ეკოსისტემის კოლაფსს. მიუხედავად იმისა, რომ მეთევზეობა ევროპული ეკონომიკის შედარებით მცირე სექტორია, თუკი ხმელეთზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო სისტემები ჩამოიშლება, ეს გაზრდის ზღვისგან საკვების მიღებაზე ზეწოლას.
როდის აღდგებოდა დაზიანებული ოკეანე?
მკვლევრები ელოდნენ, რომ მზის შუქის შემცირება და დაბალი ტემპერატურა გამოიწვევდა უფრო მეტ ზღვის ყინულსა და ნაკლებ წყალმცენარეებს ოკეანეებში. თუმცა, ისინი შოკირებულნი იყვნენ იმით, რომ, მათ მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, ოკეანე ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში დარჩებოდა მატერიალურად გარდაქმნილი, მას შემდეგაც კი, რაც ტემპერატურისა და სინათლის პირობები დაუბრუნდებოდა ომამდელ მდგომარეობას. ზღვის ყინული, სავარაუდოდ, ასობით წლის განმავლობაში დარჩებოდა გაფართოებულ მდგომარეობაში.
კონფლიქტებიდან ათი წლის შემდეგ, გლობალური საზღვაო პროდუქტიულობა აღდგებოდა და საწყის მდგომარეობასაც კი გადააჭარბებდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოკეანის ცირკულაციის ცვლილებები საკვებ ნივთიერებებს სიღრმიდან ზედაპირზე ამოიტანდა. მას შემდეგ, რაც ჭვარტლი გაიწმინდებოდა და სინათლე აღდგებოდა, ფიტოპლანქტონი გამოიყენებდა ამ საკვებ ნივთიერებებს სწრაფად გაზრდისთვის.
სამწუხაროდ, ასეთი კარგი ამბავი ევროპამდე არასოდეს მიაღწევდა, რადგან საზღვაო პროდუქტიულობა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, დაბალი იქნებოდა არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონებში. ამის მიზეზი ისაა, რომ გარემოს ახალი მდგომარეობა ხელს შეუწყობდა სხვა, უფრო დიდი, ტიპის ზღვის წყალმცენარეებს, რომლებსაც შეუძლია ოკეანის ზედაპირული საკვები ნივთიერებების მოცილება მას შემდეგ, რაც ისინი დაიღუპება და ჩაიძირება.
ასევე იხილეთ: AI, რობოტები და 3D პრინტერები — როგორ იცავს თანამედროვე ტექნოლოგია ოკეანის სიცოცხლეს
რატომ გაუჭირდებოდა ოკეანეს ბირთვული კონფლიქტის შემდეგ აღდგენა? წყალი ძალიან ნელა თბება და ცივდება, ხოლო ოკეანე ძალიან განშრევებულია წყლის სხვადასხვა მასით, რომლებიც ერთმანეთზეა გადაფენილი. აღსანიშნავია, რომ ეს ოკეანეს ატმოსფეროზე დიდ "მეხსიერებას" აძლევს. და როცა ეს სისტემა დაირღვევა, ბევრი ცვლილება ან შეუქცევადი იქნება ადამიანური დროით ან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას.
ეს აღმოჩენები გვიჩვენებს ახალ პერსპექტივას იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია კაცობრიობას, გავლენა მოახდინოს დედამიწის სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეჭიდებით იმ ფაქტს, რომ სათბურის გაზების გამოყოფას შეუძლია შეცვალოს კლიმატი "გეოლოგიური დროის დახამხამებაში", უნდა გვახსოვდეს, რომ ბირთვული არსენალი რჩება საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ძირეულად შეცვალოს დედამიწის სისტემა თვალის დახამხამებაში.
ბირთვული იარაღის გამოყენების მორალურობა
ამ მკაფიო დასკვნებიდან გამომდინარე, არსებობს მორალური იმპერატიული კითხვა, თუ რა შეიძლება და უნდა გაკეთდეს ბირთვული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ცოტა ხნის წინ, ოქსფორდიდან დაიწყო გადააზრება ძველი ფილოსოფიისა, რომელიც ეხება "ლონგთერმიზმს". ლონგთერმიზმის მიხედვით, მომავალი თაობებისთვის ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ. იგი ეფუძნება იდეას, რომ მომავლის ადამიანებს აქვთ მორალური ღირებულება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მათ ცხოვრებას საფრთხე არ შევუქმნათ.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მცირე ბირთვულ კონფლიქტსაც კი შეუძლია გლობალური შიმშილობის გამოწვევა და ჩვენი ოკეანეების ფუნდამენტურად ახალ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელიც გაცილებით მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ მოველით, ლოგიკურია, მხედველობაში მივიღოთ ბირთვული იარაღის გამოყენების მორალურობის საკითხი.
კომენტარები