შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბირთვული "არმაგედონის" ამჟამინდელი რისკი ყველაზე მაღალია, რაც კი ყოფილა 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ. მისი აზრით, ეს გამოწვეულია რუსეთის შეჭრით უკრაინაში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიერ ღია საუბრით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ბაიდენის განცხადება ასევე მოჰყვა პუტინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მ შექმნა პრეცედენტი იაპონიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ბაიდენის თქმით, პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღისა თუ ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი სამხედროები, შეიძლება ითქვას, საგრძნობლად უძლურები არიან".

ბევრს, მათ შორის, CIA-ს ექსპერტებს, მიაჩნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად დასრულდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინა მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო რუსული სამხედრო ცოდნა და უნარები — პირიქით. ძვირადღირებული და ნელი გამარჯვების ან კიდევ უფრო ძვირადღირებული დამარცხების პირისპირ, რუსეთის პერსპექტივა ბირთვული იარაღის გამოყენებისა, უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

მაგრამ, როგორც CNN იუწყება, ამ საკითხზე ინფორმირებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს ახალი სადაზვერვო მონაცემები, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ გაზიარებული, ბაიდენის აზრის გასამყარებლად.

ადმინისტრაციისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა პრესას განუცხადეს, რომ შეშფოთების მიზეზი ამჟამად არ არსებობს. პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადად საუბრობს და რაიმე კონკრეტულ სადაზვერვო მონაცემებს არ ეყრდნობა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს კომენტარი ემთხვევა პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ წინა განცხადებებს.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა", — განუცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს. "თუ რაიმე ახალი საგანგაშო ინფორმაცია იქნებოდა, ჩვენი პოზიცია აშკარად შეიცვლებოდა."

ევროპაში ბირთვული კრიზისის მოდელები აჩვენებს, რომ რამდენიმე საათში ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპება, ხოლო თუკი ამ სურათს მთელ მსოფლიოზე განვაზოგადებთ, ასობით მილიონი შეიძლება დაიღუპოს წუთებში, 5 მილიარდი ადამიანი კი, სავარაუდოდ, დაიღუპება შემდგომი შიმშილისგან.

ასევე იხილეთ: