ცხოვრებაში უამრავჯერ გვიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ადგილს, გარემოებასა და დროს შორის — ბავშვობიდან თინეიჯერობამდე, თინეიჯერობიდან ზრდასრულობამდე, სკოლიდან უნივერსიტეტამდე, უნივერსიტეტიდან ოფისამდე. ამ წლებს შორის კი ვინ მოთვლის, რამდენი სიძნელით თუ ბედნიერებით სავსე გზა, მთა, ტბა ანდა ზღვა მოგვივლია მარტოს თუ სხვა ადამიანებით გარშემორტყმულს. ზოგჯერ მეგზურობაც გვითავია, ზოგჯერ ჩვენზე უფრო გამოცდილებისთვის მინდობა და მათთვის რჩევის კითხვა აგვირჩევია. ხანდახან კი, როცა სწორ მიმართულებას ვერც საკუთარი თავი და ვერც გარშემომყოფები ვერ გვკარნახობენ, შესაძლოა, ლიტერატურას, ხელოვნებას, კინოს ანდა ჩვენთვის საყვარელ სხვა რომელიმე სფეროს მივაკითხოთ, რათა მათი დახმარებით საკუთარი თავი და გზა ისევ ვიპოვოთ.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტისთვის ასეთი მეგზური ლიტერატურა აღმოჩნდა და თავადაც ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურის წყალობით მოსინჯა მგზავრისა თუ მეგზურის ამპლუა.

— ბატონო დათო, შეგიძლიათ, გაიხსენოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო მოგზაურობა როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებში, ისე ცხოვრებაში?

ჩემი პირველი ლიტერატურული მოგზაურობა იყო ტომ სოიერთან ერთად, მარკ ტვენის იმ წიგნში, რომელიც პირველად წავიკითხე და რადგან ბავშვობის შთაბეჭდილება არის დაუვიწყარი და ძალიან ტკბილი, ახლაც კარგად მახსოვს იმ მოგზაურობის გემო და ფერი, რასაც მერე ვერაფერი შეედრება ხოლმე.

რაც შეეხება არალიტერატურულ მოგზაურობას, ასეთი მძაფრი ალბათ იყო ჰიმალაის მთებში ნავით დაშვება მდინარე კალი-განდაკზე, რომელიც აღწერილი მაქვს წიგნში "ტიბეტი არ არის შორს."

პირველად იყო ტიბეტი, როგორც შორეულზე შორეული ოცნება — ჯერ მხოლოდ შემთხვევით ამოკითხული ბავშვობის წიგნებში და მერე კი მონდომებით შესწავლილი იმავე წიგნებიდან. ყველა სასწაული წიგნებიდან იწყებოდა კიდეც და ინტერესთან ერთად დაიბადა სურვილიც — საკუთარი თვალით მენახა სასწაული, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.

დათო ტურაშვილი, "ტიბეტი არ არის შორს"

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

— არსებობს თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ანდაც ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც თვალდახუჭული გაჰყვებოდით თუნდაც ქვეყნიერების ბოლოს? და თუ კი, მისი რა თვისებების გამო მოიქცეოდით ასე?

ალბათ გავყვებოდი დონ კიხოტსა და ავთანდილს, რადგან ორივესთვის მთავარია ის, რაც ასე ძალიან მიყვარს; მიყვარს — სიკეთე. მართალია, ავთანდილს შეყვარებული აგზავნის ტარიელის და შემდეგ ნესტანის მოსაძებნად, მაგრამ მერე ავთანდილი ხვდება, რომ სიკეთის გარეშე სიყვარულს აზრი არა აქვს.

ალბათ გავყვებოდი დონ კიხოტსა და ავთანდილს, რადგან ორივესთვის მთავარია ის, რაც ასე ძალიან მიყვარს; მიყვარს — სიკეთე.

— როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორი, თქვენი ნაწარმოებებით ხშირად უწევთ ქართველ საზოგადოებას მეგზურობას, ცხოვრებაში რომელი გირჩევნიათ — მეგზურად ყოფნა თუ მეგზურის ყოლა?

მადლობა გადასარევი შეკითხვებისთვის და მეგზურობა ცხოვრებაშიც ხშირად მიწევს და ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს.

— თავად ვინ გაგიწიათ მეგზურობა ლიტერატურამდე თუ თქვენ იყავით მგზავრიც და მეგზურიც?

რამდენჯერმე, სხვადასხვა ასაკში, შემხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი წიგნები და მწერლები მირჩიეს და მადლობა მათ. არ მავიწყდება ადგილი და დროც კი, როცა კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში ლევან რამიშვილმა მირჩია სერგეი დავლატოვის წიგნების წაკითხვა. ის, ლევან რამიშვილი, რამდენი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ ის დღე სულ მახსოვს, რადგან დავლატოვის კითხვამ ძალიან ბევრი სიამოვნება მომიტანა სწორედ იმ დღის შემდეგ.

ცხოვრების რთულ ეტაპებზე რამდენად იყო ლიტერატურა თქვენი მეგზური და გეხმარებოდნენ თუ არა წიგნები სიმშვიდისა და ძალის პოვნაში? ანდა, ლიტერატურის გარდა სხვა სფეროს ხომ არ გამოარჩევდით?

ყოველთვის, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად წიგნები მეხმარებოდნენ და ახლაც მეხმარებიან.

ყოველთვის, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად წიგნები მეხმარებოდნენ და ახლაც მეხმარებიან.

— როგორ ფიქრობთ, ადამიანი თვითონ ხომ არ უნდა იყოს ნებისმიერ მოგზაურობაში საკუთარი თავის მეგზური?

თუ ადამიანი ასეთ მეგზურობას ახერხებს, გადასარევი, მაგრამ ყველანი და ყოველთვის ვერ ახერხებენ და სხვების დახმარებაც სჭირდებათ.

— დაბნეულად ანდა სევდიანად როცა გრძნობთ თავს, გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი, პერსონაჟი ან გყავთ თუ არა ადამიანი, რომელსაც ყოველთვის აკითხავთ, რათა საკუთარი თავი და გზა ისევ იპოვოთ?

პირიქით, ვცდილობ ხოლმე, სხვა და ახალი, ჩემთვის უცნობი ავტორები და წიგნები აღმოვაჩინო, რომ იქ ვიმოგზაურო, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ.


დათო ტურაშვილი ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი უამრავი ნაწარმოების ავტორია. მას ეკუთვნის ისეთი ბესტსელერები, როგორიც ჯინსების თაობა, სხვა ამსტერდამი, ჩაძირული ქალაქი და ტყეების მეფეა. მწერალი არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი თავგადასავლების შესახებაც გულახდილად უყვება მკითხველს და რომანში ტიბეტი არ არის შორს საშუალებას აძლევს, წარმოსახვით შორეულ მიწებსაც ესტუმროს მასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დათო ტურაშვილი მომავალშიც არ შეწყვეტს შთამბეჭდავი ადგილების მონახულებას, შემდეგ კი თავისი მრავალფეროვანი მოგონებების კარს ჩვენც გაგვიღებს ახალ-ახალი ტექსტებით.

"მეგზურსაც გააჩნია" ახალი მესიჯია სოკარისგან. კამპანია გვიამბობს ადამიანებზე, პერსონაჟებსა თუ პროფესიებზე, რომლებიც ცხოვრებაში საუკეთესო მეგზურობას გვიწევენ, გვეხმარებიან საინტერესო გზების აღმოჩენასა და დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნაში.