მთიან ყარაბაღში კვირას მიტინგზე ათიათასობით ადამიანი გავიდა
კვირას 10 ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში, რათა გამოეხატათ შეშფოთება მთიანი ყარაბაღისა და მისი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ბედზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კვირას სტეფანაკერტში გამართულ აქციას 40 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო — რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ოფიციალურად დაახლოებით 120 000 ადამიანია.
აქცია დაემთხვა მთიანი ყარაბაღის პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ქალაქის მოედანზე.
ის ასევე უსწრებდა ორშაბათს სოჭის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს შორის.
მთიანი ყარაბაღის პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ განცხადებაში, რომელიც ამტკიცებს რომ გამოხატავს "მოსახლეობის კოლექტიურ ნებას", ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის "იძულებით ანექსიის" ნებისმიერი შესაძლებლობა აზერბაიჯანისთვის, იქნება "მიუღებელი" და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
"არცახი [მთიანი ყარაბაღი] არასდროს ყოფილა და არც იქნება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. სწორედ ეს იდეა უნდა იყოს საფუძველი აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
სიტყვით გამოსვლისას, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ბაბაიანმა უარყო ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც ნიშნავს აზერბაიჯანის კონტროლს რეგიონზე.
"ხალხის ზურგს უკან ფარული თამაშები არ უნდა ითამაშო", — განაცხადა მან.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის როლს რეგიონში", — დასძინა მან.
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსი ხალხი ჩვენი მოძმეა, ჩვენ გვინდა ვაცნობოთ მსოფლიოს, რომ, ეს არ არის მიმართული ნებისმიერი სხვა ერის წინააღმდეგ".
მონაწილეებმა ერთდროულად გამოხატეს მომავლის შიშიცა და იმედიც.
"საქმე კარგად იყო, მერე ჩვენთვის საქმე ცუდად წავიდა, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გავერთიანდებით და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის, მაშინ ჩვენი მომავალი კარგი იქნება", — განუცხადა OC Media-ს ჰარდრუტის ყოფილმა მცხოვრებმა, იურა ბაღიანმა.
"ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, ჩვენი ბედი წყდება მაღალ დონეზე", — განაცხადა შურა პაპიანმა და დაამატა: "არ ვიცი, იქნებ რუსეთი დაგვეხმარება. მეშინია, რომ ჩვენი ბედი კარგი არ იქნება, მაგრამ მინდა კარგი იყოს".
"მე მოხუცი ვარ, უკვე ვიცხოვრე ჩემი ცხოვრება, უბრალოდ ახალ თაობაზე ვნერვიულობ. ახალშობილმა ბავშვებმა უნდა იცოცხლონ, არა?"
"მათ სურთ ჩვენი დაკავშირება აზერბაიჯანთან სხვა გზებით, მაგრამ არ გვჯერა, რომ ეს იქნება გარანტია მშვიდი და სოციალურად უსაფრთხო ცხოვრების, სწორედ ამიტომ გამოვედით და მოვითხოვთ დამოუკიდებლობას საერთაშორისო თანამეგობრობისგან", — განუცხადა ლარისა ჰოვსეფიანმა, მასწავლებელმა მთიანი ყარაბაღიდან OC Media-ს.
მიმართვა სომხეთსა და რუსეთს
მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა განცხადებაში ასევე მოუწოდა რუსეთს, გააგრძელოს "თავისი ვალდებულება არცახის ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველსაყოფად".
მთიან ყარაბაღში დაახლოებით 2 000 რუსი სამშვიდობო განლაგდა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
"მათ გასაძლიერებლად, გთავაზობთ დამატებით პოლიტიკური და სამხედრო მექანიზმების შემოღებას იმ რეალური ეგზისტენციალური საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არცახის სომხებს ემუქრება", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ასევე სომხეთის მთავრობასაც მიემართებოდა, სადაც ნათქვამია, რომ "არცერთ ხელისუფლებას" სომხეთში არ აქვს უფლება, რომ "უარყოს არცახის ხალხისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია, ან მიიღოს რამე დოკუმენტი, რაც ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი არცახის რესპუბლიკის არსებობას".
"ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, რომ დაიცვან ორი სომხური რესპუბლიკის საერთო ინტერესები საერთაშორისო პლატფორმებზე, არსებული ფუნდამენტური დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და უზენაესი საბჭოს 1992 წლის 8 ივლისის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით'" — რაც გულისხმობს სომხეთის ვალდებულებას, უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება და არ აღიაროს იგი აზერბაიჯანის ნაწილად.
სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გახდა შიშის საფუძველი, რომ აზერბაიჯანი რეგიონზე კონტროლს აიღებს.
მოლაპარაკებების საჯარო დეტალები მცირედ, ან საერთოდ არ მოიხსენიებენ მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსს. სომხეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, დათანხმდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საბჭოთა პერიოდის საზღვრების მიხედვით, რომელშიც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი იყო. თუმცა, სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის უფლებების და არა ტერიტორიის შესახებ და მთიანი ყარაბაღის ხალხს კვლავ ექნებათ თვითგამორკვევის უფლება.
მოლაპარაკებებმა ერევნისა და სტეფანაკერტის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გაციება გამოიწვია, მათ შორის სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკა "საშიში" განცხადებების გაკეთების გამო.
კვირის საპროტესტო აქცია ასევე მიმდინარეობდა კონფლიქტში შუამავლობაში რუსეთსა და დასავლეთს შორის აშკარა მეტოქეობის ფონზე.
27 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა მის მიერ "ვაშინგტონის გეგმად" წოდებული ვერსიასსომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაწყვეტაზეე — მისი თქმით, ეს მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის თემას მეორეხარისხოვნად და აზერბაიჯანის საშინაო საქმედ აქცევს.
"თუ ასე ფიქრობს სომხეთი, მაშინ დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ რასაც სომეხი ხალხი აირჩევს", — განაცხადა პუტინმა და დასძინა: "თუ სომეხი ხალხი და სომხეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მთიან ყარაბაღს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს, ესეც შესაძლებელია".
მან ასევე თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე, რუსეთმა შესთავაზა მთიან ყარაბაღს გადაეცა აზერბაიჯანისთვის 7 ოლქიდან 5, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის (NKAO) ფარგლებს გარეთ, სანამ მოგვიანებით აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწევდნენ. მისი თქმით, სომხეთმა "სხვა მიმართულება აირჩია."
ფაშინიანმა მეორე დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა რუსეთის წინადადებებზე მუშაობას და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი "მხარს დაუჭერს მის წინადადებას" ორშაბათის სოჭის შეხვედრაზე.
შეხვედრის საჯარო ნაწილში ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი "რაღაც მომენტში უნდა მოგვარდეს" და მისი აზრით, ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს.
რუსული ხელი?
რეაქციები პროტესტის შესახებ, რომელიც თავისი მასშტაბებით 1988 წლის პროტესტს ჰგავდა, როდესაც დამოუკიდებლობის მოძრაობები დაიწყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღში, განსხვავებული იყო.
"მე არასოდეს მინახავს ამდენი ხალხი ჩემს მშობლიურ სტეფანაკერტში", — დაწერა ერევანში დაფუძნებულმა სტეფანაკერტელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ტიგრან გრიგორიანმა ტვიტერზე, მალევე, რაც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.
ზოგი ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო კვირის დემონსტრაციის ორგანიზებაში ან წახალისებაში და შეიძლება ისე შორსაც წავიდეს, დაიწყოს სპეკულაციები, თითქოს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთთან შეერთება მოითხოვოს.
არმან ბაბაჯანიანმა, პროსამთავრობო პარტიის, "სამშობლოსთვის" ხელმძღვანელმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ აქციას "არანაირი საერთო არ აქვს არცახთან" და ეს რუსეთის მცდელობაა, გააფრთხილოს "არ გააკეთოს სტრატეგიული შემობრუნება, აჩვენოს, თუ საიდან იქნება დარტყმა, საიდან უნდა ელოდეს ზეწოლას".
"სტეპანაკერტმა დღეს უარყო ყველა პერსპექტივა, დაებრუნებინა თავისი ფუნქცია და მიეღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები", — დაწერა ბაბაჯანიანმა და დასძინა: "სტეპანაკერტმა დღეს განაცხადა, რომ თავს უფლებას არ აძლევს იყოს კონფლიქტის ნაწილი".
"თვეებია, რუსი ოფიციალური პირები და ექსპერტები მეუბნებიან, რომ შიშობენ, რომ ბაქო-ერევანის მოლაპარაკებების წარუმატებლობა გამოიწვევს მეტ ძალადობას და თუნდაც ახალ ომს", — წერს ოლესია ვარტანიანი, Crisis Group-ის მთავარი ექსპერტი ტვიტერზე.
"ჩვენ ბორკილებს დაგვადებენ, როცა ეს მოხდება", — თქვა ერთმა რუსმა ექსპერტმა, რადგან რუსეთი უკრაინაშია ჩარჩენილი და კვლავ აქვს სურვილი შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები აზერბაიჯანთან.
"მიაღწევს პუტინი წარმატებას? ძნელი მისახვედრია, რატომ უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანი დათმობას, როცა აქვს სამხედრო და დიპლომატიური უპირატესობა." მაგრამ, "არავინ იცის, რა აქვს პუტინს თავის "პაპოჩკაში" [ფაილში], მითხრა ერთმა რუსმა ექსპერტმა და შემომთავაზა სიურპრიზებისთვის ადგილი დავიტოვო", — დაწერა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები