NASA-ს 10 ყველაზე პოპულარული ფოტო, რომელიც ნანახი უნდა გქონდეთ
კონი მური, NASA-ს უფროსი ფოტო-მკვლევარი, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზიარებდა საზოგადოებას სააგენტოს სურათებს. მას ხანდახან "გუგლის გოგონას" (Google Girl) უწოდებენ ნასას დიდი არქივიდან თითქმის ყველაფრის პოვნის გამოცდილების გამო. კონიმ გამოსახულებები მოიპოვა წიგნებისთვის, განათლებისთვის, ტელევიზიისა და ფართო საზოგადოებისთვის და დაადგინა NASA-ს 10 ყველაზე მოთხოვნადი ფოტო მისი 30-წლიანი მუშაობისას.
1. მერკურის შვიდეული (1960)
მერკურის შვიდეული იყო შვიდი ასტრონავტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეარჩიეს კოსმოსური ხომალდის საფრენად პროექტ მერკურისთვის. მათ ასევე მოიხსენიებენ როგორც თავდაპირველ შვიდეულს და ასტრონავტების ჯგუფ 1-ს. მათი სახელები საჯაროდ გამოცხადდა NASA-ს მიერ 1959 წლის 9 აპრილს; ეს ამერიკელი ასტრონავტები იყვნენ სკოტ კარპენტერი, გორდონ კუპერი, ჯონ გლენი, გას გრისომი, უოლი შირა, ალან შეპარდი და დეკე სლეიტონი.
2. დედამიწის ამოსვლა (1968)
ბილ ანდერსის მიერ Apollo 8-ის ბორტზე გადაღებული ეს საკულტო სურათი გვიჩვენებს მთვარის ზედაპირიდან დანახულ დედამიწას, როდესაც პირველმა ეკიპაჟით დაკომპლექტებულმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეს შემოუარა. ეკიპაჟის წევრები იყვნენ ბილ ანდერსი, ფრენკ ბორმანი და ჯიმ ლოველი.
კონის თქმით, დედამიწის ამოსვლის სურათი, რომელიც 1968 წლის 24 დეკემბერს გადაიღეს, წარმოუდგენლად პოპულარულია. მას ყოველწლიურად ურეკავენ ამ სურათზე ადამიანები, რომლებსაც სურთ მისი გამოყენება სასაჩუქრე ბარათებისა და სხვა ტიპის საჩუქრებისთვის.
3. კაცი მთვარეზე (1969)
ამ ფოტოზე გამოსახულია ასტრონავტი ედვინ ე. (ბაზ) ოლდრინი უმცროსი, რომელიც დადის მთვარეზე Lunar Module-ის მახლობლად.
კონი აღნიშნავს, რომ "ამაზე მეტად მოთხოვნადი სურათი არ არსებობს. წლების განმავლობაში ხალხი ფიქრობდა, რომ ეს იყო ნილ არმსტრონგი, რადგან ის პირველი იყო მთვარეზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ბაზ ოლდრინია. თქვენ ვიზორში სწორედ ნილის ანარეკლს ხედავთ."
4. ლურჯი მარმარილო (1972)
ფოტოზე აპოლო-17-ის ჯგუფის მიერ დანახული დედამიწაა, რომლის სურათიც, კონის მტკიცებით, ხალხს ძალიან უყვარს.
5. კოსმოსური გასეირნება (1984)
ფოტოზე ბრიუს მაკკენდლეს II ატარებს ექსტრავეკულარულ აქტივობას (EVA), იგივე — კოსმოსურ გასეირნებას, რაც აღნიშნავს აზოტით მოძრავი, ხელით კონტროლირებადი მოწყობილობის პირველ გამოყენებას.
კონის თქმით, ამ ფოტოს პოპულარობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იგი გვიჩვენებს მარტო მყოფ ადამიანს კოსმოსის უსაზღვრო სივრცეში.
6. შემოქმედების სვეტები (1995)
ეს სვეტების მსგავსი სტრუქტურები ვარსკვლავთშორისი წყალბადის გაზისა და მტვრის ღრუბლებია, რომლებიც მოქმედებს როგორც ინკუბატორი ახალი ვარსკვლავებისთვის.
კონი ამბობს, რომ ეს ჰაბლის ყველაზე პოპულარული სურათია, რადგან მასში ხალხი ბიბლიურ პარალელებს ხედავს.
ასევე იხილეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ცნობილი შემოქმედების სვეტების უაღრესად დეტალური ფოტო გადაიღო
7. დღე, როდესაც დედამიწამ გაიღიმა (2013)
2013 წლის 19 ივლისს გადაღებულ ამ იშვიათ სურათზე, ნასას კასინის კოსმოსური ხომალდის ფართო კუთხიანმა კამერამ, სატურნის რგოლებთან ერთად, დააფიქსირა ჩვენი პლანეტა დედამიწა და მისი მთვარე იმავე ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დედამიწის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მათ უზარმაზარი დისტანციიდან გადაუღებდნენ ფოტოს. მოვლენის აღსანიშნავად უამრავი ღონისძიება დაიგეგმა და სახელიც სიმბოლურად შეირჩა.
კონის აზრით, ხალხს სატურნი ლამაზი რგოლების გამო უყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ვოიაჟერის მიერ გადაღებული სატურნის სხვა ბევრი ფოტო არსებობს, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქმება.
8. ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტო (2022)
ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ეს პირველი სურათი შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულებაა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკები, რომლების დანახვაც აქამდე შეუძლებელი იყო.
9. ლურჯი მარმარილო (2012)
ესაა ლურჯი მარმარილოს ახალი ვერსია, რომელიც დამზადებულია კომპოზიტური თანამგზავრის მონაცემებით.
კონის მიხედვით, დედამიწის ეს სურათი გვიჩვენებს აშშ-საც და ნასას Flickr-ის ანგარიშზე 6 მილიონზე მეტჯერ არის ნანახი.
10. დედამიწის განათებების ბრტყელი რუკა (2012)
დედამიწის კიდევ ერთი კომპოზიტური სატელიტური სურათი კოსმოსიდან, მაგრამ ამჯერად, ღამით.
"ეს სურათი მეტოქეობას უწევს ლურჯი მარმარილოს ფოტოებს — ჩვენ ვიღებთ მასზე უამრავ მოთხოვნას. ის ლამაზი და გასაოცარია და აჩვენებს მომხიბვლელ დეტალებს პლანეტაზე, რომელსაც ჩვენ სახლს ვუწოდებთ", — თქვა კონიმ.
კომენტარები