რატომ ჰქონდა ტირანოზავრს ციცქნა წინა კიდურები? — რას ამბობს მეცნიერება
ტირანოზავრი მონადირე ხორცისმჭამელი ცხოველი იყო, რომელსაც ხმელეთზე მოსიარულე ცხოველებს შორის ყველაზე ძლიერად შეეძლო კბენა. მხეცი 66 მილიონზე მეტი წლის წინ დაძრწოდა გვიანი ცარცული პერიოდის უკაცრიელ ადგილებში და ნადირობდა ტრიცერატოფსებსა და ედმონტოზავრებზე.
ტირანოზავრის ერთადერთ "არამრისხანე" ნაწილს მისი ციცქნა ზედა კიდურები წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ტირანოზავრი არ იყო ერთადერთი დინოზავრი ციცქნა წინა კიდურებით, არამედ ბევრი მისი თეროპოდი ბიძაშვილი — ორფეხა, ძირითადად ხორცისმჭამელი დინოზავრები — იზიარებდნენ ამ თვისებას. მაგრამ რატომ განვითარდნენ თეროპოდები ამგვარად? მეცნიერებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ.
2021 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Acta Paleontologica Polonica-ში, ვარაუდობს, რომ თეროპოდებმა, როგორიცაა ტირანოზავრი, განივითარეს პატარა წინა კიდურები, რათა კვებისას ერთმანეთისთვის წინა კიდურები არ მოეჭამათ. პალეონტოლოგიური მტკიცებულებების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ცხოველებმა, შესაძლოა, განივითარეს კიდურები, რათა თავიდან აეცილებინათ დაზიანებები, როცა თეროპოდების ჯგუფი თავს ესხმოდა ტრიცერატოფსს. თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა.
ჰაჩინსონი, რომელიც სწავლობს ხმელეთის დიდ ცხოველებში მოძრაობის ბიომექანიკას, დინოზავრის წინა კიდურის ევოლუციას სხვაგვარად უყურებს: მისი თქმით, თეროპოდების ევოლუციაში "მკლავები ნამდვილად არ შემცირებულა, თუმცა ფეხები დაგრძელდა".
"ცხოველის ზრდასთან ერთად, წინა კიდურების ზომა მცირდება და თავი იზრდება", — დასძინა მან. ტირანოზავრების შემთხვევაში, მათი მთავარი უნარი, ძვლებისმსხვრეველი კბენის შესაძლებლობა, თავთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამგვარად ადაპტირდნენ და წინა კიდურების ზომა შეიმცირეს.
ამ იდეის მიხედვით, რადგან ტირანოზავრებმა და მათმა თეროპოდმა ბიძაშვილებმა უფრო დიდი თავები და ორფეხა პოზა განივითარეს, ისინი ნაკლებად იყენებდნენ წინა კიდურებს. მათ უფრო მეტად დაიწყეს თავის გამოყენება ნადირის დასაჭერად და მოსაკლავად. შედეგად, წინა კიდურები არ იზრდებოდა ისე, როგორც მათი დანარჩენი სხეული.
"ცხოველმა საკუთარი სხეულის მოცულობა ან ერთ რამეს უნდა დაუთმოს, ან — მეორეს. მას არ შეუძლია, ერთდროულად ყველაფერი აკეთოს. ამიტომ ან აქვს განზოგადებული სხეული, რომელშიც ყველაფერი თანაბრად სპეციალიზებულია ზოგადი ეკოლოგიური ნიშესთვის, ან სპეციალიზებულია მსგავსად ტირანოზავრისა, რომელიც მტაცებლად განვითარდა", — აღნიშნა ჰაჩინსონმა.
ტირანოზავრის წინა კიდურები მეტისმეტად მოკლე იყო იმისთვის, რომ მას ნადირობასა თუ მოკვლაში დახმარებოდა. ეს მტაცებლები იყენებდნენ მეთოდს, რომლის საშუალებითაც მსხვერპლს დიდ ნაწილს აჭამდნენ, ხოლო მათი დიდი და გრძელი ფეხები სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კომოდოს დრაკონებიც (Varanus komodoensis) სწორედ ასე ნადირობენ.
მაცდურია, ვივარაუდოთ, რომ ცხოველის ყველა თვისებას აქვს გარკვეული ევოლუციური როლი მის გადარჩენაში. მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ჩნდება (ან ქრება) თვისებები, რომლებიც სულაც არ იძლევა მკაფიო ევოლუციურ სარგებელს. ამ შემთხვევაში, ეს თვისება — წინა კიდურის სიგრძე — არ შეცვლილა მაშინ, როცა სხვა ნიშნები შეიცვალა. ტირანოზავრის სხეულის სხვა ნაწილები გაიზარდა კოლოსალურ ზომებამდე, რომ მათ თავიანთ ეკოლოგიურ ნიშეში გადარჩენაში დახმარებოდა.
თუმცა, შეიძლება, არც ეს იყოს სრული სურათი და ტირანოზავრები და სხვა თეროპოდები, შესაძლოა, მართლაც იყენებდნენ თავიანთ წინა კიდურებს. თუმცა როგორ და რისთვის — ამის გარკვევას მეტი კვლევა და კარგად შენახული ნამარხი დასჭირდება.
კომენტარები