ამ ჭიის ნერწყვს პლასტმასის დაშლა შეუძლია — დაბინძურებასთან ბრძოლის ახალი მეთოდი?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცვილის ჭიების ნერწყვს პოლიეთილენის დაშლა შეუძლია — ნივთიერებას უმეტესად ცელოფნების დასამზადებლად იყენებენ და პლანეტის დაბინძურებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს, ახალი კვლევა კი ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
ცვილის ჭია ცვილის დიდი ჩრჩილის მუხლუხისებრი ლარვაა. სახეობა სკებში არსებული ფუტკრის ცვილით იკვებება. პოლიეთილენი წარმოებული პლასტმასის 30%-ს შეადგენს, თუმცა მისი გადამუშავების ტრადიციული მეთოდები მექანიკურ დაშლას მოიცავს, შედეგად კი ნაკლებად სუფთა და ღირებული მასალა მიიღება.
სწორედ ამიტომ, თუკი ჭიების რეალიზებად კომერციულ პროცესში ჩართვა მოხერხდება, შესაძლოა, ამან პლასტმასის გადამუშავების გლობალურ ტენდენციაზე ძალიან დადებითად იმოქმედოს.
ცვილის ჭიათა ნერწყვში არსებულ ენზიმებს პოლიეთილენში არსებული გრძელი პოლიმერული ჯაჭვების დაშლა შეუძლია. განსხვავებით პლასტმასის გადამუშავების ტრადიციული მეთოდებისგან, ამისათვის მაღალი ტემპერატურა და მჟავიანობის ზედმიწევნით გაკონტროლება სულაც არაა საჭირო — ზემოხსენებული ფერმენტები პოლიეთილენს წყალში, ოთახის ტემპერატურასა და ნეიტრალურ pH-ზეც შლის.
ასევე იხილეთ: ევოლუციის შედეგად მიკრობები პლასტმასის ჭამას იწყებენ — ბუნება ანთროპოგენური დაბინძურების წინააღმდეგ
მეცნიერებმა ნერწყვის ეს თვისება შემთხვევით აღმოაჩინეს.
"ჩემს სკებს ცვილის ჭიები შეესია, ამიტომაც მათი გაწმენდა და ჭიების ცელოფნის პარკში მოთავსება დავიწყე", — განაცხადა ფედერიკა ბერტოჩინიმ, ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის (მადრიდი) მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა — "გარკვეული დროის შემდეგ ბევრი ხვრელი შევნიშნე და აღმოვაჩინეთ, რომ ადგილი არა მხოლოდ ღეჭვას, არამედ ქიმიურ დაშლას ჰქონდა".
საგულისხმოა, რომ მკვლევრებს ჯერაც ბევრი აქვთ სამუშაო, სანამ ცვილის ჭიათა ნერწყვი პლასტმასით დაბინძურებასთან საბრძოლველად პერსპექტიული საშუალება გახდება. ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ქიმიური ნივთიერებების სინთეზირება ამჟამად მეტისმეტად ძვირია.
"ბევრი უნდა ვიკვლიოთ და მოვიფიქროთ, როგორ დავხვეწოთ ახალი სტრატეგია პლასტმასის ნარჩენებთან გასამკლავებლად", — განაცხადა კლემენტე არიასმა, კვლევის თანაავტორმა.
კომენტარები