ევოლუციის შედეგად მიკრობები პლასტმასის ჭამას იწყებენ — ბუნება ანთროპოგენური დაბინძურების წინააღმდეგ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიკრობები ევოლუციის შედეგად პლასტმასის ჭამას იწყებენ. კვლევა, რომელიც გარემოზე ადამიანის გამანადგურებელ ზეგავლენას უსვამს ხაზს, ჟურნალ Microbial Ecology-ში გამოქვეყნდა.
კვლევა-ძიების შედეგად მიკრობთა მზარდი რიცხვი აღმოაჩინეს, რომლებიც ევოლუციის შედეგად პლასტმასის გამანადგურებელ ენზიმს დაატარებენ. შესაძლოა, სწორედ ამგვარი მიკრობები აღმოჩნდეს ისეთ ენზიმთა შექმნის გასაღები, რომლებიც პლასტმასის კონკრეტულ სახეებს დაშლიან და ანთროპოგენური დაბინძურების დამღუპველ შედეგებს შეამსუბუქებენ.
ასევე იხილეთ: როგორ აზიანებს პლასტმასი გარემოს და რატომ არ არის გადამუშავება პასუხი პრობლემაზე.
"არაერთი მტკიცებულება მოწმობს, რომ გლობალური მიკრობიომის პლასტმასა-გამანადგურებელი პოტენციალი პლასტმასით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებთან ძლიერ კორელაციაშია, ეს კი მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა იმისა, თუ როგორ რეაგირებს გარემო ჩვენ მიერ მიყენებულ წნეხზე", — The Guardian-თან საუბრისას განაცხადა ალექსეი ზელეზნიაკმა, ბიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა.
პლასტმასისმჭამელი მიკრობების საპოვნელად მეცნიერებმა ნიმუშები ოკეანის 67 განსხვავებული ადგილიდან, სამ განსხვავებულ სიღრმეზე აიღეს. ყველაზე ღრმა და, შესაბამისად, პლასტმასით მეტად დაბინძურებულ ადგილებში პლასტმასის გამანადგურებელი ენზიმების უფრო მაღალი დონეები აღმოაჩინეს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ენზიმთა თითქმის 60 პროცენტი აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა. ისინი პლასტმასას აქამდე არნახული გზით შლიან, გუნდი კი იმედოვნებს, რომ ამ მიგნების საშუალებით ენზიმებს შექმნიან, რომლებიც პლასტმასის მეტად გამძლე ტიპებს გაანადგურებენ.
"შემდეგი ნაბიჯი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატების ლაბორატორიული შემოწმება იქნება, რათა მათი თავისებურებები დაკვირვებით შევისწავლოთ და დავადგინოთ, პლასტმასას რა დონეზე ანადგურებენ", — განაცხადა ზელეზნიაკმა — "აქედან უკვე მიკრობული თანასაზოგადოებების შექმნა იქნება შესაძლებელი, რომელთაც პოლიმერთა კონკრეტული ტიპებისათვის მიზანმიმართული გამანადგურებელი ფუნქციები ექნებათ".
კომენტარები