ვენესუელა ქაოსის ზღვარზე – დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ვენესუელა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 32 მილიონს აღწევს, უკვე რამდენიმე თვეა ქაოსის ზღვარზეა. საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, უშუქობა, უმუშევრობა, გაკოტრებული ბიზნესი და ავტორიტარული მმართველობა – რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება აღიწეროს ვითარება ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის, ძირითადად, ე.წ. საპნის ოპერებთან, ასევე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

ვენესულის დაცემა რამდენიმე თვის წინ არ დაწყებულა. პოპულარული და ოდიოზური უგო ჩავესი დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის უპირობო ლიდერი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მისი ახლო მეგობარი ნიკოლას მადურო გახდა. მან, როგორც ჩავესის თანაგუნდელმა, ადვილად შეძლო დაემარცხებინა მთავარი მეტოქე ენრიკე კაპრილესი. მადურო პრეზიდენტად 2013 წლის მარტში აირჩიეს.

რა ხდებოდა კრიზისამდე?

ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდეს რეზერვებს ფლობს, რომლის ოდენობაც, დაახლოებით, 290 მილიარდ ბარელს შეადგენს. ქვეყანა ასევე მდიდარია ბუნებრივი აირითა და სხვადასხვა წიაღისეულით, თუმცა როგორც ბოლო წლების მდგომარეობა აჩვენებს, ამ სიმდიდრეს ქვეყნის მოქალაქეები საერთოდ ვერ გრძნობენ.

ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი გასული საუკუნის 70-იან წლებზე მოდის, როცა ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით, იგი უსწრებდა ესპანეთს, ისრაელს, საბერძნეთსა და ახლოს იყო პირველ ოცეულთან, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა. სახელმწიფოს როლის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკაში, აქტიურმა სუბსიდირებამ, დეფიციტურმა ხარჯვამ და ნავთობზე ფასის დაცემამ, ქვეყანა მძიმე კრიზისამდე მიიყვანა. შედეგად, 1989 წელს ინფლაცია 85%-ს გაუტოლდა.

რა გავლენა მოახდინა ჩავესის არჩევამ კრიზისზე?

ეკონომიკური ვარდნა და სიღარიბის ზრდა გაგრძელდა 1990-იან წლებში. 1999 წელს, როდესაც ჩავესი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა.

ჰუგო ჩავესი

ფოტო: Reuters

ჩავესი გაპრეზიდენტებიდან გამოირჩეოდა ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკით. იგი სოციალისტური პარტიის ლიდერი გახლდათ და როგორც თავად აცხადებდა, ის აშენებდა ახალ, 21-ე საუკუნის სოციალიზმის, საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოებას. მისი ეკონომიკური ხედვები მსოფლიოში 2010 წლამდე საკმაოდ პოპულარული იყო, ბევრი ეკონომისტი, მათ შორის, ნობელიანტი ჯოზეფ სტიგლიცი ვენესუელის ეკონომიკურ სასწაულსა და არნახულ პერპექტივებზე საუბრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს იდეები შორს იდგა რეალობისგან.

მთავარი საექსპორტო პროდუქტის, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე 1999 წლიდან იზრდებოდა და დროთა განმავლობაში, ერთ ბარელზე, არნახულ, $145-იან ნიშნულსაც მიაღწია. ნავთობზე ფასის ზრდამ ჩავესს მისცა შესაძლებლობა, გაეზარდა მთავრობის ხარჯვითი წილი და იგი აქტიურ სუბსიდირებას ეწეოდა თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, უმთავრესი იყო სუბსიდიები საკვებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე.

ჩავესის მმართველობის პერიოდში ქვეყანას ნამდვილად ჰქონდა წინსვლა სიღარიბის დაძლევის კუთხით, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელმისაწვდომობა განათლებასა და ჯანდაცვაზე, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა.

როგორ გაღრმავდა კრიზისი ჩავესის მმართველობისას?

უგო ჩავესის მიერ აგებული სისტემა და მისი მოქმედების პრინციპი არ იყო მდგრადი და იგი ბევრ გარე ფაქტორზე იყო დამოკიდებული შესაბამისად, ვერ მოხდა მისი შენარჩუნება. დღესდღეობით, ვენესუელაში ჯანდაცვა, პრაქტიკულად, არ არსებობს. პირველადი მოხმარების წამლების დეფიციტის გამო, მოსახლეობა მის შესაძენად მეზობელ კოლუმბიაში გადადის.

ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად იზრდებოდა საგარეო ვალიც და ბიუჯეტის დეფიციტიც. ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, გაეკონტროლებინა ფასები ყველა საზოგადოებრივ პროდუქტზე, მათ შორის, უმთავრესად საკვებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტზე. შესაბამისად, ფასი ფიქსირებული იყო და მწარმოებელს მისი გაზრდის უფლება არ ჰქონდა. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყო. მსგავსმა პრაქტიკამ, დროთა განმვალობაში, ინფლაციასთან ერთად, ქვეყნის მთლიანი წარმოება მოიცვა და გაანადგურა. ამ პოლიტიკის შედეგად ქვეყანა თითქმის სრულად გახდა დამოკიდებული იმპორტზე.

იმპორტის ზრდამ ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტა ბოლივარის მსყიდველობითი უნარის დაკარგვას, ნაღდი ფულის მოცულობის ზრდას და ეროვნული რეზერვების უკონტროლო ხარჯვას.

პარალელურად, აქტიური სახე მიიღო საწარმოების ნაციონალიზაციამ და ექსპროპრეაციამ, მთავრობა ხისტი მეთოდებით ცდილობდა ფიქსირებული ფასის შენარჩუნებასა და გაცვლითი კურსის კონტროლს, რათა დოლარის რაოდენობა შეემცირებინა. შედეგად, ბევრმა საერთაშორისო ბრენდმა, როგორებიცაა Pepsi, Delta, General Motors, თავისი საქმიანობა ვენესუელაში მინიმუმამდე შეამცირა, ან სულაც გავიდა ბაზრიდან.

2005 წლიდან, ჩავესის მმართველობის ბოლომდე, ვენესუელა აქტიურად იმატებდა საგარეო ვალს. ქვეყანამ, მხოლოდ ჩინეთისგან, $45 მილიარდი ისესხა, ასევე უმძიმეს პრობლემას წარმოადგენდა ფულის უკონტროლო ბეჭდვა, ხშირი იყო შემთხვევა, როცა მოსახლეობა ფულს ჩანთებით ატარებდა, დღეს კი, ანგარიშსწორებისას, დათვლის ნაცვლად, ფულს წონიან.

ჩავესმა ლათინური ამერიკის უმდიდრესი და ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკა ფუნდამენტური პრობლემების წინაშე დატოვა. მძიმე ავადმყოფობის შედეგად, უგო ჩავესი 2013 წელს გარდაიცვალა.

2014 წელს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ჩავესის მთავრობის წევრი ნიკოლას მადურო გახდა, თუმცა ვითარება მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. 2014 წლიდან ნავთობის ფასის კლებამ ქვეყნის ეკონომიკას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა.

რა მდგომარეობაშია ეკონომიკა დღეს?

ამ დროისთვის ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. ინფლაცია 2013 წელს 57%-ს უტოლდებოდა, ხოლო საგარეო ვალი, მშპ-ს თან მიმართებით, 50%-ს აღწევდა.

სიტუაცია წლიდან წლამდე უარესდებოდა. ინფლაციის მაჩვენებელმა 2016 წელს 481%-ს მიაღწია, მშპ-მ დაიკლო 8%-ით, ხოლო უმუშევრობა გაიზარდა 20%-მდე.

ვენესუელისთვის განსაკუთრებით დრამატულია მიმდინარე, 2017 წელი. ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელია 1 481%, მშპ-ს მოსალოდნელი კლებაა 13,9%, უმუშევრობა კი გაიზრდება 28%-მდე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლიციის მაჩვენებელი 2020 წელს 2 000%-ს გადააჭარბებს

გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა ბოლივარი. ოფიციალურად, ერთი დოლარი 710 ბოლივარი ღირს, რეალურად კი მისი შეძენა 5 383 ბოლივარად არის შესაძლებელი.

საზოგადოებრივი კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 72% პერმანენტულად შიმშილობს, 2016 წელს, ვენესუელის საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ, შიმშილის გამო, 9 კილოგრამი დაიკლო.

ვენესუელის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, სავალუტო რეზერვი $10 მილიარდს შეადგენს, აქედან $7,2 მილიარდი ფინანსურ დავალიანებას წარმოადგენს. ცხადია, ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში განვითარდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომლის პიკიც სწორედ 2017 წლის დასაწყისშია.

როგორია პოლიტიკური ვითარება?

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო 20 არჩევნებიდან, პირველად დამარცხდა სოციალისტური პარტია და პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ოპოზიციისა და მისი ლიდერის, კაპრილესის მიერ კონტროლდება.

ნიკოლას მადურო

ფოტო: REUTERS/Marco Bello

პარლამენტმა პრეზიდენტ მადუროს იმპიჩმენტიც კი გამოუცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მადუროს მიერ კონტროლირებადმა უზენასმა სასამართლომ დაბლოკა. პრეზიდენტმა ძალაუფლება შეინარჩუნა.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ვენესუელის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მადურომ აქციებს პოლიცია და მძიმე შეიარაღება დაუპირისპირა. თებერვლიდან დღემდე, პოლიციასთან შეტაკებებში, სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 100-მდე ადამიანი, დაპატიმრებულია 5 ათასამდე.

ქვეყანაში დამძიმებულია კრიმინოგენული ვითარება. სხვადასხვა მონაცემებით, ვენესუელაში წინა წელს, დაახლოებით, 25 ათასი მკვლელობა მოხდა, ანუ 68 მკვლელობა დღეში.

ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში პერმანენტულად მიმდინარეობს ანტისამთავრობო აქციები და თითქმის ყოველთვის, ის პოლიციასთან მძიმე შეტაკებითა და მსხვერპლით მთავრდება.

28 ივნისს პოლიციის ყოფილ ოფიცერი, ფსევდონიმით, ოსკარ პერესი, შეიარაღებულ ნიღბიან პირებთან ერთად, ვერტმფრენით თავს დაესხა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს და შენობაში რამდენიმე ხელყუმბარა შეაგდო. მსხვერპლი არ ყოფილა.

პერესის განცხადებით, იგი წარმოადგენს პოლიციელებისა და ჯარისკაცების დიდ ჯგუფს, რომლებიც მზად არიან, შეიარაღებულ ბრძოლაში აღადგინონ სამართლიანობა და გადააყენონ ლეგიტიმაციის არმქონე პრეზიდენტი.

ქვეყნის საპარლამენტო ოპოზიაციამ შეაგროვა მილიონ ხელმოწერაზე მეტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ეს მხედველობაში არ მიიღო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის, მინიმუმ, ოთხი მილიონი ხელმოწერა ითხოვა.

თავის მხრივ, მადურომ ახალი საკონსტიტუციო ორგანოს, საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანა და მისმა იდეამ გაიმარჯვა კიდეც.

საკონსტიტუციო ასამბლეა საკანონმდებლო ორგანოს ერთგვარი ალტერნატივაა, რომელსაც პარლამენტზე მეტი ძალაუფლება ექნება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ანსამბლეის არჩევნებში მოსახლეობის 88 პროცენტს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა.

როგორია სიტუაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით?

ვენესუელაში დღითიდღე იზრდება დაპატიმრებულთა რიცხვი. ოპოზიციის ლიდერ კაპრილესს უმაღლესმა სასამართლომ 15 წლით აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა, ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის "ხალხის ნების" პოპულარული ლიდერი ლეოპოლდო ლოპესი 2014 წელს მკვლელობის და ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის მიერ ლოპესის დაპატიმრება შეფასებული იქნა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და იგი დღემდე პოლიტპატიმრად მიიჩნევა. ლოპესი არ არის ერთადერთი პოლიტპატიმართა შორის, რადგან მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ვენესულეაში პრობლემები არსებობს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც. აპატიმრებენ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიხურა არაერთი ოპოზიციური გამოცემა. ქვეყანა, ავტორიტარული რეჟიმიდან, ტრანსფორმირდება დიქტატორულში.

ქვეყნის უმთავრეს პრობლემად რჩება დიდი მიგრაცია. ხალხი ყოველდღიურად გადადის მეზობელ კოლუმბიაში საკვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების შესაძენად, ასევე, ძალიან მძიმეა კრიმინოგენული ვითარება და მომრავლებულია უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ძარცვისა და მარადიორობის შემთხვევები.

ვენესუელაში უმძიმესი ენერგოკრიზისია. ამის დასაძლევად, მადუროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაწესებულებების სამუშაო კვირა ორ დღემდე შემცირდა. საკვები პროდუქტის დეფიციტს მთავრობა ტალონების სისტემით ებრძვის. ყოველ მოქალაქეს აქვს ორი კონკრეტული დღე კვირის განმავლობაში, როდესაც მას შეუძლია ამ ტალონით რაიმე შეიძინოს, თუმცა ეს სისტემა არ მუშაობს და როგორც წესი, ხალხი მაღაზიებიდან ხელცარიელი ბრუნდება.

საკვების გარდა, ქვეყანაში ასევე არის მედიკამენტების მწვავე დეფიციტი. ამის შესახებ თავად მადურომაც განაცხადა გაეროში მისი ბოლო გამოსვლისას. ვენესუელა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და მისი რამდენიმე სატელიტი ქვეყნის გამოკლებით, მხარს არ უჭერს მადუროს ხელისუფლებას და გმობს მის მოქმედებებს.

როგორია პროგნოზი?

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელსაა ჩანიშნული, თუმცა რთულია ითქვას, მივა თუ არა საქმე არჩევნებამდე. მადურომ მოუწოდა უმაღლესს სასამართლოს, ქმედუუნაროდ სცნოს პარლამენტი, იგი ითხოვს ლეგიტიმაციას ახალი კონსტიტუციის შესაქმნელად. ოპოზიცია აცხადებს, რომ მადურო არალეგიტიმური პრეზიდენტია და ისინი გააგრძლებენ მასთან ბრძოლას ქუჩის აქციების მეშვეობით.

უახლოესი მასშტაბური აქცია ვენესუელაში 2 აგვისტოსაა დაგეგმილი. ოპოზიცია გააპროტესტებს ახალი საკონსტიტუციო ორგანოს, საკონსტიტუციო ასამბლეის შეკრებას. მადუროს ხელისუფლებამ, აღნიშნული ასამბლეა, რეფერენდუმის საშუალებით, ოპოზიციური პარლამენტის გასანეიტრალებლად შექმნა. საპროტესტო აქცია სწორედ ახალი ორგანოს შენობასთან გაიმართება.

კარაკასის ქუჩებში ყოველდღიურად მატულობს ძალადობა და სისხლისღვრა, ქვეყანა ქრონიკულად შიმშილობს, იზრდება შეიარაღებული ადამიანების რიცხვი და რადიკალური განწყობები. ვენესეულა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსის მიჯნაზეა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…