სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

მე ვარ ანასტასია კარტოზია, იგივე ტასა, 19 წლის. ვსწავლობ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვარ ქვიარი, აქტივისტი და ამბიციური ადამიანი.

ბულინგი

11 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ გოგოები მომწონდა. არ მახსოვს, რას ვგრძნობდი ამ დროს, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ სირცხვილი ან მიუღებლობა არასდროს მქონია. ძალიან ბუნებრივად მივიღე ეს ამბავი და მაშინ არ წარმომედგინა, რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ამაზე გარე სამყაროს. საბოლოოდ, ამ რეალობას ძალიან მწარედ დავეჯახე.

ხშირად, როდესაც ჩემზე ასაკით უფროს ქვიარ ადამიანებს ვესაუბრები, მეუბნებიან, რომ ქვიარობაზე ფიქრი და ქამინგაუთი გვიან დაიწყეს. მე ძალიან ადრე მომიწია – მე-8 კლასში ვიყავი, როცა "დამააუთეს" და ყველაფერი ერთდროულად დამეჯახა. იმ დროს უკვე საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა ჩემს თანატოლებთან და კლასელებთან, ჩემი ქვიარობის ამბავი მაშინ არავინ იცოდა, მაგრამ მათ არ მოვწონდი. მაბულინგებდნენ გარეგნობის გამო, იმის გამო, რომ "ზანუდა" ვიყავი…

პირველი ქამინგაუთი ჩემი კლასელის პატარა დასთან მქონდა, რომელსაც ძალიან ვენდობოდი. კარგად მიიღო და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ჩემს პატარა კომფორტის ზონაში. მერე ისე მოხდა, რომ მთელმა სკოლამ გაიგო ამის შესახებ. 12 წლის ახალი გამხდარი ვიყავი და მეკითხებოდნენ, როგორ მქონდა სექსი, მისვამდნენ რელიგიასთან დაკავშირებულ კითხვებს. გაშტერებული ვიდექი და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეპასუხა. წამოვიდა ძალიან დიდი ბულინგი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ფორმის. ეს იყო ჩემი ყოველდღიური რეალობა – მივდიოდი სკოლაში და მხვდებოდა ძალიან ნეგატიური გარემო. მაშინ ამასთან გასამკლავებლად არანაირი რესურსი არ მქონდა და არც არავინ იყო ჩემ გარშემო, ვინც მაგალითი იქნებოდა ჩემთვის, ვისზეც ვიტყოდი, რომ, აი, ეს ჩემნაირია და მაინც კარგი ცხოვრება აქვს, ამაყია საკუთარი თავით… ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. სხვათა შორის, ჩემს სკოლაში სწავლობდნენ სხვა ქვიარებიც, რომლებიც მაშინ დაქამინგაუთებულები არ იყვნენ. დღეს, როცა მათთან ვსაუბრობ, საინტერესოა, როგორ განსხვავდება მათი გამოცდილება ჩემი გამოცდილებისგან — იმ დროს ფენომენი ვიყავი სკოლისთვის, ჩემნაირი ბავშვები "აუთ" არ იყვნენ და ნანახი არ ჰყავდათ. თავს იზოლირებულად ვგრძნობდი.

აგრესიული და გულჩათხრობილი გავხდი. მენტალურად ცუდად ვიყავი და საკუთარი თავის დაზიანებაც დავიწყე. შევწყვიტე სკოლაში სიარული — მთელი მერვე კლასის განმავლობაში, ჩავალაგებდი ჩანთას, სახლიდან გავდიოდი, მაგრამ სკოლაში არ მივდიოდი. ეს იცოდა დირექციამ, ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ზრდასრულმა ადამიანებმა, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, არაფერი მოიმოქმედეს, პირიქით — მიჩქმალეს. მერე, როდესაც უკვე ამ სკოლიდან გადავდიოდი, დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ მიუხედავად მთელი წლის გაცდენისა, მაინც ყველაფერში 10-იანებს დამიწერდნენ. მაშინ ვიფიქრე, რომ კეთილი ჟესტი იყო მისი მხრიდან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ, უბრალოდ, არ უნდოდა, მესაუბრა.

ოჯახი

მაშინ ამ თემაზე ოჯახთან არ მისაუბრია. ჩავთვალე, რომ მარტოს უნდა ამეტანა ყველაფერი და ამას დღემდე ვნანობ — ვნანობ, რომ დახმარება არ ვითხოვე და სიმართლე არავის ვუთხარი. ვდისტანცირდი ჩემი ოჯახისგან, ბევრი წელი არ ველაპარაკებოდი და ზედაპირული ურთიერთობა გვქონდა. მათთვის "ცოტა პრობლემური" ბავშვი ვიყავი და ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ჩემს თავს და ჩემ გარშემო.

დედაჩემმა ეს ამბავი მოგვიანებით სხვებისგან მაინც გაიგო და ძალიან მძიმედ მიიღო. იმიტომ კი არა, რომ თურმე ლესბოსელი ვიყავი, უფრო იმიტომ, რომ არ მივედი და არ დაველაპარაკე. მან იმ სიტუაციაში ვერაფერი გააკეთა და ვიცი, რომ ეს დღემდე ვერ აპატია საკუთარ თავს, ამ წარსულს ვერაფრით შორდება. მე პატარა ვიყავი და ყველაფერი ჩემი ბრალი მეგონა, ვთვლიდი, რომ თავად უნდა გავმკლავებოდი და არ მინდოდა, მის თვალში ცუდი ადამიანი გამოვჩენილიყავი. როცა ვფიქრობ, რას გააკეთებდა დედაჩემი, სიმართლე რომ მეთქვა, პირველ რიგში, ალბათ, გარემოს შეცვლაში დამეხმარებოდა. მერე, როცა მართლა შევიცვალე სკოლა და გარემო, ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ — უკვე აღარ ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ იმ სკოლაში ვიქნებოდი გაჭედილი და ეს არასდროს დამთავრდებოდა.

პატარაობისას მთელი ოჯახისთვის ძალიან ბედნიერი, ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, ვგიჟდებოდი ლაპარაკზე, რაღაცების კეთებაზე, ყოველთვის პოზიტიურ ენერგიას ვასხივებდი. მერე აღარასდროს ვიცინოდი, უბედურად ვგრძნობდი თავს. თუ რამე წამართვეს, ესაა — ბუნებრივი სილაღე. ახლა მგონია, რომ ნელ-ნელა დავიწყე ამ ტრავმების გაშვება, საკუთარ თავს ვიბრუნებ და მიხარია.

საკუთარი თავის ყველაზე დიდი მხარდამჭერი

ქვიარობის გამო არავინ დამიკარგავს. მეგობრებიც ღიად ქვიარობის პერიოდში გავიჩინე, მანამდე უფრო მარტოსული ვიყავი. ყველა ურთიერთობა, რომელიც შევიქმენი, შევიქმენი უკვე ამ მოცემულობაში. არ მინდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ისეთს არ მიმიღებს, როგორიც ვარ.

რეალურად, ყველაზე რადიკალური, რაც შეიძლება გააკეთო, არის ის, რომ შეიყვარო საკუთარი თავი, რაღაცების მიუხედავად კი არა, ამ რაღაცებით, აბსოლუტურად ყველაფრით. ხალხისთვის რამის თქმა თუ მინდა, სწორედ ესაა. როცა მე მომიწია, და როგორც დედაჩემი ამბობს — ავირჩიე, ეს გზა მარტოს გამევლო, გავხდი საკუთარი თავის ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ვამბობდი, თუ სხვას არ მოვეწონები, მე მომეწონება საკუთარი თავი-მეთქი. ზუსტად ამან გადამარჩინა — არავის მივეცი უფლება, ეკარნახა, რომ რომელიმე სივრცეში ჩემი ადგილი არ იყო. დღეს მე თვითონ ვიქმნი საკუთარ ადგილს.

ჩემი ქვიარობის შესახებ ყველამ იცის და არავისთან ვმალავ, არავის გამო თავს არ ვიკავებ. ჩემი გამოცდილებებიც ამის გარშემო აეწყო — როდესაც მაგიდაზე თავიდანვე ყველაფერი აწყვია, ყველას ნამდვილი სახე ჩანს. თან, საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ვარ, დაჩაგრულის როლში ყოფნა არ მომწონს და მგონია, რომ სივრცეები, სადაც მე ვარ, ჩემ გარშემო ეწყობა. მაგალითად, პირველ კურსზე რომ შევედი, მე თვითონ შევქმენი სიტუაცია, სადაც ჰომოფობია "არ მოსულა" და ახლა ისეა, რომ თუ ვიღაც ჰომოფობიურ რამეს იტყვის, ეს სხვებისთვისაც უსიამოვნო იქნება. შესაბამისად, უნდა მოითხოვო, რომ შენ გარშემო სივრცე დაფიქსირებული იყოს და გარეთ არ დარჩე.

სხვათა შორის, ხშირად ვაკვირდები, რომ უფროსი ასაკის ქვიარ ადამიანებს უფრო უჭირთ თავის დამკვიდრება. მაგალითად, მე არ მიყვარს კლუბების კულტურა, არადა თითქოს როგორი რელევანტურია — ამბობენ, რომ ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც შეგიძლია, სრულად იყო საკუთარი თავი. მე ეს არ მომწონს, რადგან მინდა, ყველგან საკუთარი თავი ვიყო.

ჩვენ მხოლოდ ჩვენი სივრცეები კი არ უნდა შევიქმნათ, საჯარო სივრცეებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.

ანასტასია კარტოზია

სექსიზმი და ჰომოფობია

როდესაც ვფიქრობ, რა ბარიერები ხვდებათ ქალებს ცხოვრებაში, პირველ რიგში, მახსენდება ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ჩაგვრა. რამდენი საუკუნეა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი აქტუალურია, ჯერ კიდეც როდის წერდნენ ამაზე და დღემდე დგას პრობლემა, დღემდე მყავს ნაცნობი, რომელსაც ეუბნებიან, სად უნდა ჩააბაროს, შეიძლება ფეხმძიმე ქალი გააგდონ სამსახურიდან, ან ამის გამო არ დაასაქმონ და მსგავსი შემთხვევები, რომლებისგანაც წესითა და კანონით დაცულები ვართ, მაგრამ ხშირად ეს კანონი პრაქტიკაში არ მუშაობს.

თავს ქალად არ ვაიდენტიფიცირებ, უბრალოდ, საზოგადოება აღმიქვამს ასე და გამოცდილებებიც შესაბამისი მაქვს. ოჯახში ძალადობასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სულ ვფიქრობ, როგორი განსხვავებულია ეს ჩვენს შემთხვევაში — იმ სამყაროში, სადაც ქალობა ასე პირდაპირაა დაკავშირებული კაცებთან და მეტიც, სადაც ქალობა კაცების გარეშე ვერ განისაზღვრება, ჩვენი ცხოვრება კაცებს არ უკავშირდება. შენ შენს ქალობას კაცებისგან განყენებულად განიხილავ და ამის გარშემო დიდი ბრაზია. ლესბოსელი თუ ხარ, აუცილებლად გკითხავენ, გიცდია თუ არა კაცთან ურთიერთობა. მუდმივად კითხვის ნიშნებია, რომ როგორ ბედავ, კაცები არ მოგწონდეს. სულ იგრძნობა სექსიზმისა და ჰომოფობიის ეს საინტერესო ნაზავი.

ქვიარების რეპრეზენტაცია

მე ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა, ყველაფერი მქონდეს ამ ქვეყანაშიც. ჩემთვის თავისუფალი ცხოვრება იქნებოდა, წარმატებული კარიერა რომ მქონდეს, თუნდაც პოლიტიკური, და ჩემს სექსუალურ ორიენტაციას არ ჰქონდეს ამაზე გავლენა; მყავდეს ოჯახი, ბავშვები; არ ვნერვიულობდე იმის გამო, რომ თუ ჩემს პარტნიორთან ერთად ქუჩაში გავალ, ვინმე რამეს მეტყვის ან დამიშავებს; არ მქონდეს შიში, რომ პროფესიულ წარმატებას ვერ მივაღწევ იმიტომ, რომ ხალხი არ მიმიღებს.

გამოსავალი ქვიარ ადამიანების რეპრეზენტაცია მგონია. ვკითხულობ კონსტიტუციას და ვხედავ, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის და "სხვა ნიშნების" მიხედვით. მე არ მინდა, გავდიოდე "და სხვაში". ამისთვის, პირველ რიგში, მყარი უნდა გახდეს ამ საკითხებზე სახელმწიფოს პოზიცია. თუმცა, სამწუხაროდ, პოპულისტები არიან, მათთვის ზედმეტი თავის ტკივილი ვარ და ამ თემაზე საუბარსაც თავს არიდებენ. ქვიარ ადამიანებზე თავდასხმის რამდენი ქეისია, რომლებიც ნორმალურად არც აღირიცხება, ან თუ აღირიცხება, სათანადო რეაგირება არ მოჰყვება. ამ საკითხს უფრო მკაცრად უნდა მიუდგნენ და არა ისე, თავდამსხმელებს 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ გარეთ რომ უშვებენ. ასეთი შემთხვევები ჩემზე ძალიან მოქმედებს, ძალიან განვიცდი.

ქვიარ თემზე რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ ძალიან არ მომწონს, დაყოფილი რომ ვართ. ხშირად მესმის, რომ ვიღაცებს ერთმანეთი არ მოსწონთ, არ მოსწონთ ერთმანეთის მიდგომა, ქვიარ პოლიტიკა და ა.შ. ეს ძალიან მაწუხებს. თემის შიდა დაპირისპირებებს უნდა მოვეშვათ და ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ, დანარჩენი ბუნებრივად მოვა. რასაც ვხედავ, ახალი თაობები ნაკლებად ეგუებიან სტიგმას, ბევრად უფრო მიმღებლები, საკუთარ თავშიც მეტად გარკვეულები და თავდაჯერებულები არიან. თავისი დრო მოჭამა იმ ხალხმა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ამას არ დაუშვებს. ჯერ თუ არა, მალე ასე იქნება. მოდის ახალი თაობა, რომლის ღირებულებებიც რადიკალურად განსხვავებულია. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ხელოვნური შეზღუდვებით ვერ შეაჩერებ.

"მხოლოდ გადარჩენა არ მინდა — მინდა, ვიცხოვრო"

ახლა სხვა ბავშვებს ვეხმარები, რომ არ გამოიარონ ის საშინელებები, რაც მე და რისგანაც საკუთარი თავის ამოთრევა მომიწია. მინიმუმ, რომ გაუმარტივდეთ მაინც ამ პოზიციაში ყოფნა. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი შევიყვარე, ჩემთვის ტრავმებთან გამკლავების ერთ-ერთი მეთოდი ესეც იყო – ბოლო ოთხი წლის მანძილზე უამრავ ბავშვთან მილაპარაკია და იმდენს უთქვამს ჩემთვის მადლობა, რომ ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით. რაც არ მქონდა და მჭირდებოდა, ის გავხდი სხვებისთვის. ენერგია, რომელიც ბრაზისგან და გაბოროტებისგან მქონდა, ჩავდე რაღაცაში, რაც სხვებს ეხმარება.

ძალიან მარტივი მიზანი მაქვს — მაინტერესებს ქვიარ საკითხები, ამაზე ვმუშაობ. ყველაფერს ვეჭიდები და საკუთარ თავს დანებების უფლებას ვერ მივცემ. ვერ დავჯდები და ხელს ვერ ჩავიქნევ. მე თუ არ გავაკეთებ, სხვა ვინ გააკეთებს?! კი, გარემოში ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გზღუდავს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ინდივიდია პასუხისმგებელი თავის ცხოვრებაზე და მას შეუძლია ცხოვრება იმ მიმართულებით წაიყვანოს, საითაც უნდა.

როდესაც ვხედავ, როგორი შიშით, კომპლექსებით, საკუთარი თავის დათრგუნვით ცხოვრობს ხალხი, ერთადერთი სიტყვა, რომელიც თავში მიტრიალებს, არის — "გაბედე!"

ანასტასია კარტოზია

უნდა იპოვო შინაგანი ძალა, რომ გარემოს მიუხედავად, საკუთარ თავს ლიმიტები არ დაუწესო. მე მხოლოდ გადარჩენა არ მინდა — მინდა, ვიცხოვრო.

ჩვენი ცხოვრების ნარატივი

ყველაფერი ნარატივის საკითხია. ჩვენი ცხოვრების ნარატივს ჩვენ თვითონ ვქმნით და მე მსხვერპლის ნარატივი ძალიან არ მომწონს. კი, სიმართლეა, რომ ვიჩაგრებით და ეს საკუთარ თავზე ძალიან მწარედ გამოვცადე, თუმცა მე მომწონს საკუთარი თავი, მომწონს ჩემი ქვიარობა, მელამაზება და ძალიან ბევრ მაგარ რაღაცას ვპოულობ ამაში. მომწონს ქვიარ თემატიკის რეპრეზენტაცია ფილმებსა და ანიმაციებში, ნამდვილ ადამიანებში, მათ ისტორიებში, ქვიარ მოძრაობებში… შეიძლება რომანტიზებას ვახდენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტა რომანტიზება ამასაც სჭირდება. მინდა, ადამიანებმა თავიანთ ქვიარობას ისე კი არ შეხედონ, როგორც რაღაც დამამძიმებელს და ისეთს, რაც მათ უკან ხევს, არამედ პირიქით. მეც ვერ ვიტყვი, რომ არასდროს მიფიქრია, ნეტავ "სთრეითი" ვიყო-მეთქი და რომ არ დავფიქრებულვარ, რა მარტივი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ დღეს ასე ვუყურებ – რას მმატებს ჩემი იდენტობა. ეს არის ჩემთვის მთავარი ხაზი.

ხშირად მიგრძნია, რომ ხალხისთვის ზედმეტად "ჩემი თავი" ვარ. მაგრძნობინებდნენ, რომ ცოტა უნდა დავმშვიდებულიყავი, ჩემი გამოხატვის სიმძაფრისთვის უნდა ჩამეწია, თორემ გარემოს ვერ მოვერგებოდი. მეც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ თბილისი პრაიდმა ქვიარ შეკრებაზე გამიშვა და იქ ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი ეს ყველაფერში ექსტრა გამოხატვა. ისე მინდა გამოვიყურებოდე, როგორც თავს ვგრძნობ – ჩემი გაკეთებული ძალიან დიდი სოკოს ქუდი მეხურა.

მინდა, ყოველთვის ამ დონეზე საკუთარი თავი ვიყო.