ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან უკრაინის კონტრშეტევაზე, დასავლეთსა და საქართველოზე
ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, ბენ ჰოჯესი უკრაინის გადაწყვეტილებას კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უყურებს, მაგრამ ამბობს, რომ დასავლეთმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და კიევს დაპირებული დახმარება გაუწიოს.
ომის მსვლელობაზე ჰოჯესმა On.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა და გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც — მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, როცა რუსეთი დამარცხდება, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსული ომი იქნება. უკრაინამ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყო. იყო თუ არა ეს სწორი დრო კონტრშეტევის დასაწყებად და რას უნდა ველოდოთ, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
ცხადია მე არ ვიცი ყველა ფაქტორი, რამაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვია, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია მათი უნარი, რომ დაიცვან ინფორმაცია. ეს ძალიან კარგი რამაა — თუ ჩვენ არ ვიცით, რუსებმაც არ იციან. ამიტომ, მე ვენდობი მათ შეფასებას, რომ აარჩიეს ისეთი დრო, როცა სწორი პირობები იყო და საკმარისად დიდი ძალა ჰქონდათ. ოპტიმისტური ვარ იმის მიხედვით, საქმე როგორც მიდის ახლა, თუმცა ჯერ ყველაფერი არ ვიცით.
ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთს უკრაინის მძლავრ წინააღმდეგობასთან უწევდა გამკლავება და ახლა, როცა კონტრშეტევა დაიწყეს, როგორ ჩანს ეს რუსული ჯარის გადმოსახედიდან? ელოდნენ და იყვნენ თუ არა ამისთვის მზად?
რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, რომ რაღაც დროს, რაღაც მომენტში ეს მოხდებოდა. თუმცა ის პრობლემები, რაც არსებობდა, ახლაც აქვთ — ლოგისტიკა, დაგეგმვის კონტროლი, დისციპლინა. მე ყოველ დღე ვუყურებ ვიდეოებსა და ფოტოებს, რა გაანადგურეს რუსებმა და რა პოზიციები აქვთ და ვხედავ ძალას, რომელსაც არ აქვს კარგი დისციპლინა. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პერსონალმა რაღაცების შეცვლა სცადა, მაგრამ ახლა ცუდ სიტუაციაში არიან.
რამდენად გადამწყვეტია დასავლური იარაღი იმისთვის, რომ უკრაინამ ეს შეტევა გააგრძელოს?
დიახ, ეს აუცილებელია, აბსოლუტურად აუცილებელი. უკრაინა წარმატებული იქნება, თუ ჩვენ იმ ყველაფერს მივაწვდით, რაზეც ვთქვით, რომ ვაპირებდით. თუ ამას არ ვიზამთ, თუ ერთად არ დავდგებით, სანქციებს არ შევინარჩუნებთ, არ მივაწოდებთ საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას, უკრაინისთვის რთული იქნება იგივე ინტენსივობა შეინარჩუნონ — ეს რუსეთს გაჭიანურების საშუალებას მისცეს, რაც შემდეგ მათ აძლევს დროს, რომ ძალები აღიდგინონ.
რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა? ჩვენ ვხედავთ, რომ ძალის სადემონსტრაციოდ რუსეთი კვლავ იყენებს ენერგორესურსებს.
დასავლეთი, ფაქტობრივად, შორდება რუსულ გაზს. მე გერმანიაში ვცხოვრობ და რუსულ გაზსა და ენერგიაზე დამოკიდებულების დასასრულებლად გერმანელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, იქნება გარდამავალი პერიოდი და ეს იქნება რთული ამ წელს. არა იმიტომ, რომ ხალხს სცივა, არამედ იმიტომ, რომ ინდუსტრია ძალიან ბევრ გაზს მოიხმარს.
ომის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?
ეს იმაზეა დამოკიდებული მივაწვდით თუ არა საჭირო დახმარებას. თუ იმ ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ სწრაფად მივაწვდიდით, წლის ბოლომდე რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზს დაუბრუნდებოდნენ, ანუ მომდევნო 3-4 თვეში და შემდეგ წელს იქნებოდა ყირიმი. მაგრამ თუ ამას არ დავაჩქარებთ და არ გავაძლიერებთ, ეს გაჭიანურდება.
და ახლა ჩვენ როგორ ვმოქმედებთ?
არასაკმარისად სწრაფად. გვჭირდება, რომ ადმინისტრაციამ, თეთრმა სახლმა თქვას: "ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მოგებისთვის სჭირდებათ". ჯერ კიდევ გარკვეული ყოყმანია, რომ შესაძლოა, რუსეთმა გაამწვავოს ეს და რაღაც გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაჭარბებულია.
საქართველოზეც რომ ვისაუბროთ — ომის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია. როგორ უნდა მოქცეულიყო თბილისი, რომ კიევთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა?
არ მესმის, როგორ არ გმობს საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც აგრესორს, არ უერთდება სანქციებს. იმას ვგულისხმობ, რომ როცა უკრაინა რუსეთს დაამარცხებს დიდ სარგებელს მოიტანს ეს, საქართველოს ექნება სარგებელი უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი გვერდზე დგანან. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მტკიცედ არ უჭერდა მხარს ყოველმხრივ.
დიახ, ბოლოს სწორედ ამის კითხვა მინდოდა — რა არის მთავარი უსაფრთხოების რისკები საქართველოსთვის და იქნება თუ არა ომის დასრულების შედეგი გარდამტეხი საქართველოსთვისაც?
საქართველოს 20% უკვე აქვთ ოკუპირებული რუსულ ჯარებს. როგორ იღებს საქართველოს მთავრობა იმას, რაც უკრაინაში ხდება. ეს არ მესმის. თუ უნდათ, რომ სხვა ერები დაეხმარონ საბოლოოდ საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაში, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ეხმარებიან უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენაში. ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დაეთანხმება ჩემს ნათქვამს, არ მესმის, რატომ არ ეთანხმება ხელისუფლება.
კომენტარები