რა გავიგეთ სოსო გოგაშვილის გავრცელებული ფაილებიდან — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

15 ივლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ფეისბუქზე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო მისიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. რამდენიმე საათში, 16 ივლისს, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციით დააკავეს და როგორც თქვეს, არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

იმავე დღეს ადვოკატმა თქვა, რომ გოგაშვილი რამდენიმე დღეში დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებდა, თუმცა დაკავების მიუხედავად, ეს ფაილები დღის სინათლეს მაინც იხილავდა.

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს, 3 მუხლით. პროკურატურის თქმით, გოგაშვილის სახლიდან სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.

გუშინ, 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა მათ არასერიოზულიც უწოდა, თუმცა დოკუმენტებში გვხვდება დეტალები ისეთ, სავარაუდო დანაშაულებზე, რაზეც მედია და NGO-ები აქამდეც საუბრობდნენ. გარდა ამისა, ორგანიზაციები ამბობენ, რომ წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით.

სავარაუდოდ, სუს-ის ახალი ფაილებიდან კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური დოსიეები აქვთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებსა და ე.წ. ქუჩის ბიჭებს კი ხმების მობილიზებისთვის იყენებენ.

პირობითი მსჯავრის მოხსნა წინასაარჩევნოდ "ოცნებისთვის" მუშაობის სანაცვლოდ

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი [email protected] ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სქემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან, რომელიც გოგაშვილის განმარტებით, ქართული ოცნების რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: [email protected], [email protected], [email protected].

ანგარიშის მიხედვით, ამ სამი მეილიდან ყველა მონაცემი თავს სწორედ [email protected]-ზე იყრიდა, წერილები კი სავარაუდოდ, შეიცავდა ასეულობით ადამიანისგან შემდგარ სიებს, რომელთაც გარკვეული სამართლებრივი საჭიროებები ჰქონდათ.

დოკუმენტის მიხედვით, ამ მეილზე შემოსული სიები შემდეგ, როგორც წესი, ორ მისამართზე იგზავნებოდა, ესენია: [email protected] და [email protected]. გოგაშვილის განმარტებით, პირველი მისამართი გიორგი პატარიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, მეორე მისამართი კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით, სავარაუდოდ, პატარიძის მეილზე 20 წერილი გაიგზავნა, სავარაუდოდ, ხოჯევანის მეილზე კი 18, ხოლო თემატიკა, როგორც წესი, მათი საქმიანობის სფეროს ემთხვეოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა სამართლებრივი საჭიროებები ჰქონდათ ამ პირებს და როგორ უკმაყოფილდებოდათ — ანგარიშში მითითებულია, რომ პრობაციონერები, მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნოდ, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, შემდეგ პარტია მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა (პატარიძეს) იმისათვის, რომ პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლეობა მოეხსნათ.

არასამთავრობოების განცხადებით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მუდმივმოქმედმა კომისიამ წინა თვეებთან შედარებით ბევრად მეტი ოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ისინი პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ მუდმივმოქმედი კომისია 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 13-ჯერ შეიკრიბა, როდესაც მანამდე თვეში ერთხელ იკრიბებოდა.

მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება

გარდა პრობაციონერების სიისა, დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ [email protected]დან გიორგი პატარიძისთვის გაგზავნილ წერილებში, სავარაუდოდ, იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდებულზე, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ან თავად მსჯავრდებულები გათავისუფლების შემთხვევაში, სავარაუდოდ, პირობას დებდნენ, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის იმუშავებდნენ, პარტია კი მათ სიებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა.

ხმების მობილიზება ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების სანაცვლოდ

დოკუმენტების მიხედვით, ამ საქმეშიც უკვე ნაცნობი სახელი და მეილი ფიგურირებს — ხოჯევანიშვილი და [email protected]. კერძოდ, ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის შუალედში, სავარაუდოდ, ხოჯევანიშვილთან 900-მდე პირის სია გაიგზავნა, რომელთაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდათ მართვის უფლება.

მოქმედების სქემა იგივე იყო — სავარაუდოდ, პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ ქართული ოცნება ამ ადამიანებისთვის შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების საკითხს აგვარებდა.

ამ სურათზე ასახული ინფორმაციის მიხედვით, პირი მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, მართვის უფლების დაბრუნებისთვის საჭირო დინამიური-ნარკოლოგიური შემოწმების გვერდის ავლაში სთხოვს დახმარებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარტიამ ეს თხოვნა შსს-ს მაღალჩინოსანს გაუგზავნა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენაზე დადებითი გადაწყვეტილებების განსაკუთრებით დიდი ოდენობა სწორედ აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა, ანუ 2018 წლის ნოემბერში გაცემული თანხმობები ბევრად აღემატება წინა და შემდეგი თვეების მაჩვენებლებს.

ზემოქმედება სისხლის სამართლის საქმეებზე

ანგარიშიდან ირკვევა, რომ უკვე ნაცნობ სახელებს — გიორგი პატარიძესა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საქმეებზეც ჰქონდათ გავლენები. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში [email protected]დან გაიგზავნა 20-მდე ადამიანის სია, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. წერილებით მათი სასჯელის შემსუბუქება, ძირითადად საპროცესო შეთანხმება იყო მოთხოვნილი.

დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს [email protected]დან [email protected]ზე, წერილი გაიგზავნა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ორი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა, რათა სანაცვლოდ ისინი ე.წ. ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებასა და საარჩევნოდ ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ.

ორგანიზაციები უთითებენ, რომ მათ ხელთ არსებულ კორესპონდენციაში არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პირებზე ინფორმაცია პატარიძეს, ხოჯევანიშვილს ან სხვა თანამდებობის პირის მიაწოდეს, თუმცა რადგანაც ასეთი დოკუმენტები შიდა მიმოწერაში არსებობს, შესაძლოა, შესაბამის უწყებებს სხვა გზით მიაწოდეს.

ამას გარდა, დოკუმენტებში იძებნება, სავარაუდოდ, მცხეთის მერისა და პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი ირაკლი კობახიძისა და დიმიტრი სამხარაძის სახელზე, რითაც კაპანაძემ მათ 9 პრობაციონერისგან შემდგარი სია გაუგზავნა და მათთვის "სათანადო დახმარების" გაწევა სთხოვა.

სიაში ერთ-ერთ პრობაციონერს 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, ანუ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

შემოსავლების სამსახურის საარჩევნო მიზნებით გამოყენება

ანგარიშში შეყვანილია დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, რომელშიც 28 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი იყო ჩამოთვლილი. განმარტების მიხედვით, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, ამ ადამიანებმა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მიმართეს, აქ კი საყურადღებო შენიშვნის გრაფაა. დოკუმენტებში ჩანს, რომ გრაფაში აღნიშნული იყო პირს რაიმე სახის კავშირი თუ ჰქონია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ორგანიზაციების განმარტებით, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პროცედურისთვის ისეთი ინფორმაციის დამუშავებას, როგორიც პოლიტიკურ პარტიებთან კავშირია, კანონიერი საფუძველი ვერ ექნებოდა. მათი თქმით, დოკუმენტის ანალიზი აჩენს ეჭვს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძვლებით იღებდა მმართველ პარტიასთან და სუს-თან შეთანხმებით.

ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე მარნეულში

დოკუმენტებში იძებნება 2018 წლის 11 ნოემბერს გადაგზავნილი წერილი, რომელიც 9 ნოემბერს [email protected]დან მივიდა [email protected]სთან. სავარაუდოდ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე, მამუკა ნავერიანი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობებზე აგზავნის წერილს.

ორგანიზაციების განცხადებით, წერილს თან ორი დოკუმენტი ახლავს. პირველი 18 გვერდისგან შედგება და მასში დეტალურად არიან აღწერილი მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მიხედვით ის პირები, რომლებიც ქართულ ოცნებას არ უჭერენ მხარს. მათივე თქმით, დოკუმენტში, ასევე, აღწერილია ამ პირების საქმიანობა, ნათესაური კავშირები, სოციალური კავშირები, გავლენები, განსაკუთრებით კი ხაზი გასმული აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პირს ან მის ოჯახს აქვს ბიზნესი ან მუშაობს საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

პოლიტიკური დოსიეები სკოლის დირექტორებზე

ორგანიზაციები განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა 1 003 დირექტორს გაუვიდა, სამინისტრომ 891 მათგანი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, 112 კი არა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ერთგვარი სადამსჯელო ზომა იყო მათ მიმართაც, ვინც მმართველი გუნდის შეხედულებებს არ იზიარებდნენ, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას თავს არიდებდნენ ან პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირდებოდნენ.

გოგაშვილის დოკუმენტებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, განათლების ადგილობრივი რესურს-ცენტრი, ქართული ოცნება და სუს დირექტორებს გარკვეული კრიტერიუმებით აფასებდნენ, რაშიც შედიოდა დირექტორების პოლიტიკური ორიენტაციაც.

ანგარიშის მიხედვით, იმ 112 დირექტორიდან, რომელიც 2021-ში განათლების სამინისტრომ გაათავისუფლა, 95 ამ დოკუმენტებში იყო შეფასებული. კერძოდ, რესურს-ცენტრს 29, პარტიას 80, ხოლო სუს-ს 89 დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული. NGO-ების განცხადებით, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სავარაუდოდ, სუს-ისა და პარტიის შეფასებებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

დოკუმენტის მიხედვით, სუს დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იძლეობდა, თუ:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;
  • არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ
    დირექტივებს;
  • დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;
  • "ფარულად თანაუგრძნობდა" ოპოზიციურ პარტიას;
  • "პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო" პირი იყო;
  • მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;
  • მას არ გააჩნდა "საარჩევნო რესურსი" და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სუს-ის მხრიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესახებ მსგავსი ინფორმაციის სავარაუდო დამუშავება სამსახურის მანდატსა და ფუნქციებს მნიშვნელოვნად სცდება.

პოლიტიკური დოსიეები საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე

დოკუმენტებში, სავარაუდოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულების განწყობა მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიმართ დამაკმაყოფილებლადაა შეფასებული. ასევე ხაზგასმულია სამართალდამცავ, თვითმმართველობის ორგანოებში, სსიპ-ებში დასაქმებულების კეთლგანყობილი დამოკიდებულება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, რესუტს-ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა პრობლემადაა ნახსენები.

არასამთავრობოების განცხადებით, გოგაშვილის დოკუმენტში არის ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, საჯარო უწყების მიერ ამავე სამსახურში დასანიშნ კანდიდატთა პოლიტიკურ სანდოობაზე გადასამოწმებლად გაგზავნილი სიაა.

რას ამბობენ სავარაუდო ფიგურანტები

დირექტორები, რომლებიც უკვე ხსენებულ სიაში ვერ მოხვდნენ, ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათთან კომუნიკაცია ჰქონდა და ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ როცა იკითხა, რატომ არ დაურეკეს, რათა უფლებამოსილების გაგრძელებაზე განცხადება დაეწერა, უთხრეს, სიაში არ წერიხართო.

"სულ მაინტერესებდა რა იყო ეს სია", — ამბობს ის.

კიდევ ერთი ყოფილი დირექტორის თქმით, უთხრეს, რომ მის ფეისბუქგვერდს ამონიტორინგებდნენ და არ მოსწონდათ ის, თუ როგორ კომენტარებს წერდა.

ბექა მიქაუტაძე, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, სავარაუდოდ, ორი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა, ფაილებზე საუბრისას ხუმრობის ხასიათზე დგება.

"უცხოპლანეტელები ჩამოვიყვანე ზემოდან, რომ გლდანში ამომრჩევლების რაოდენობა გამეზარდა. ვიღაცამ რაღაც შემითითხნა და მე ვამტკიცო, რომ ასე არაა? ვიღაცამ მითხრა ჩაიდანი ხარო და არა ვარ-მეთქი ეგ დავამტკიცო?", — ამბობს ის ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.

მარნეულის საკრებულოს ყოფილი წევრი მთავარი არხთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ამ კითხვის დასმაც კი შეურაცხმყოფელია და ჟურნალისტს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.

"ეს ზღაპრები, თქვენ რაც ბრძანეთ, მაგის კითხვის დასმაც კი ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თქვენგან, როგორც ჟურნალისტისგან, არ მაქვს სურვილი, რომ ამ აღნიშნულ ბრალდებაზე მე და თქვენ მოგვიწიოს სამართლებრივ ჭრილში პასუხის გაცემა ერთმანეთისთვის", — ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები

ორგანიზაციების შეფასებით, ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო და სამართლიანი არჩევნები აცხადებენ, რომ მათ გოგაშვილის მიერ გადმოცემული მასალები პროკურატურას სრულად მიაწოდეს, რაც ეფექტიანი გამოძიების წინაპირობა უნდა გახდეს.

მათივე თქმით, მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ნება ცხადად უნდა გამოხატოს და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით ამომრჩევლის მოსყიდვის, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის უკანონო და მანკიერ პრაქტიკაზე უარი თქვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
  2. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  3. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  4. ვინ (არ) მიულოცა პუტინს დაბადების დღე?!
  5. აშშ-ში სანგუ-ს დელეგაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახა კალაძე: 25-30 წელი კი არა, უფრო მეტიც არის საჭირო, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეს

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს დედაქალაქის მერი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საპატიო თავმჯდომარის,…