უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვის გამო, ორ რუს სამხედროს 11 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მათი თქმით, ალექსანდრე ბობოკინისა და ალექსანდრე ივანოვის მიერ დასახლებული არეალის დაბომბვამ ორ სოფელში დააზიანა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის, კერძო სახლები.

გამოცემა წერს, რომ სამხედროები დამნაშავედ ცნეს ომის კანონებისა და წესების დარღვევაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გრადის რაკეტები ისროლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტების ეს კოლონა დაამარცხა, რის შემდეგაც ბრალდებულები 3 დღის განმავლობაში იმალებოდნენ, თუმცა მოგვიანებით უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დააკავეს. 26 მაისს სამხედროებმა დანაშაული აღიარეს.

23 მაისს ომის დანაშაულის გამო რუს სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს. ლონდონში ვიზიტისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.