ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლს მიშელის ოდესაში ვიზიტისას ოკუპანტებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც, მას თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სარაკეტო იერიშისას ის უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა. შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოზარით მონაწილეობდა.

"მონაწილეებს თავის შესაფარებლად შეხვედრის შეწყვეტა დასჭირდათ, რადგან ოდესაზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს", — აღნიშნა მან.

როგორც BBC წერს, მიშელს უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურმა იმ ზღვიდან გასროლილი რუსული რაკეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც ქალაქს ზიანი მიაყენა. ამასთან, მიშელმა დანგრეული კორპუსები და ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე საკუთარი თვალით ნახა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში დღეს, 9 მაისს ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ზე გაავრცელა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში