7 საბჭოთა ტყუილი მეორე მსოფლიო ომზე
საბჭოთა კავშირში, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, პროპაგანდა ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი იყო. დღეს მას რუსეთი მრავალი მიმართულებით იყენებს, მათ შორისაა, ისტორიის საკუთარ თავზე მორგების და მასების კონტროლის მცდელობა. სწორედ ამიტომ, დღეს ვისაუბრებთ მეორე მსოფლიო ომზე, მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ მოვლენაზე და ვიტყვით სიმართლეს ყველაზე ცნობილ საბჭოთა ტყუილებზე.
საბჭოთა კავშირი 1939-45 წლებში მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ რუსეთი ცდილობს მისი როლი განადიდოს და ისტორია გადაწეროს ისე, თითქოს სსრკ არათუ ერთ-ერთი, არამედ ერთადერთია, ვისი დამსახურებაც არის ნაცისტური გერმანიის დამარცხება.
რუსული პროპაგანდა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებებით ცდილობს ომის დანაშაულების დაფარვას და სხვა ქვეყნების როლის დაკნინებას, ამიტომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 77 წლის შემდეგ საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა იყო სიმართლე.
1. საბჭოთა კავშირისა და გერმანიის თანამშრომლობა
ძალიან ცდილობენ ეს დაგვაჯერონ, მაგრამ გერმანია ყოველთვის საბჭოთა კავშირის მტერი არ იყო. რეალურად, მიუხედავად იდეოლოგიური მტრობისა, ჰიტლერსა და სტალინს გარკვეული პერიოდი საერთო ინტერესები ჰქონდათ, რის საფუძველზეც 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის, ანუ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი.
თავის მხრივ, ეს შეთანხმება გარკვეულწილად მეორე მსოფლიო ომის წინაპირობა იყო, რადგან ამ დოკუმენტით საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია ევროპაში გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, თუმცა შეთანხმების ეს ნაწილი საიდუმლო იყო.
საგულისხმოა, რომ სსრკ-სა და გერმანიის თანამშრომლობის რამდენიმეწლიან პერიოდში საბჭოური პრესა ნაცისტურ პოლიტიკას არ აკრიტიკებდა, კინოში ანტიფაშისტურ ფილმებს არ აჩვენებდნენ, თეატრში კი ანტინაცისტური შინაარსის წარმოდგენებს არ მართავდნენ.
"გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხალხების სისხლით შედუღებული მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და მტკიცე", — ასეთი იყო იოსებ სტალინის საშობაო მილოცვა 1939 წელს ადოლფ ჰიტლერისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი.
რამდენიმე წლიანი მოკავშირეობის შემდეგ, "სისხლით შედუღებული მეგობარი" გერმანია 1941 წლის 22 ივნისს სსრკ-ს თავს დაესხა. "მოკავშირეს" საბჭოთა კავშირმაც გაუხსნა ცეცხლი, რაც წითელი არმიის მიერ ბერლინის აღებითა და გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა.
2. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იძულება არ ყოფილა
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები დღესაც კი ცდილობენ განავითარონ ნარატივი, თითქოს სსრკ-ს მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების დადება არ სურდა და "მოუწია", ისტორიული ფაქტები სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. სინამდვილეში, დიქტატორების ამ ისტორიული გარიგებით მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში საბჭოთა კავშირმაც იხეირა და ნაცისტურმა გერმანიამაც.
პაქტთან ერთად გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით სსრკ გერმანიას სამხედრო აღჭურვილობას, ბუნებრივ რესურსებს აწვდიდა და საწვავის ტრანზიტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ნაცისტური გერმანია კი სსრკ-ს საბრძოლო თვითმფრინავებით, ბომბებით, რადიო სადგურებით ამარაგებდა.
მეტიც, სტალინი "დაძმობილებული" ჰიტლერის საამებლად გერმანელ და ავსტრიელ ხალხს, რომლებიც ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გესტაპოს გადასცემდა.
3. სსრკ-ის პოლონეთში შეჭრა
საბჭოთა კავშირისთვის ომი 1941 წელს არ დაწყებულა, ის ამ პროცესში მანამდეც უდიდესი მოთამაშე იყო. სინამდვილეში, მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება პოლონეთის გაყოფას ითვალისწინებდა და სწორედ თავდაუსხმელობის გარანტიის მიღების შემდეგ შეიჭრა გერმანია ამ ქვეყანაში პაქტით განაწილებული ტერიტორიის ასაღებად.
ეს პირველ სექტემბერს მოხდა, 17 სექტემბერს კი, სსრკ შეიჭრა პოლონეთში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის დასაკავებლად. პოლონეთი, როგორც ორი იმპერიის პირველი სამხედრო სამიზნე ომის დასაწყისშივე ძალიან დაზარალდა.
22 სექტემბერს პოლონეთის ქალაქის, ბრესტის აღების შემდეგ საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს. აღლუმი გენერალმა ჰაინც ვილჰელმ გუდერიანმა და სიმიონ კრივოშეინმა ჩაიბარეს.
1940 წლის თებერვალში პოლონეთიდან 140 000 ადამიანი გადაასახლეს საბჭოთა კავშირის უკიდურეს ჩრდილოეთში. ბევრი მგზავრობისას დაიღუპა, ათასობით მათგანი აღარასდროს დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.
4. რომ არა ლენდლიზი, სსრკ ვერ აწარმოებდა საკმარის იარაღს
რატომღაც, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები და მათი მხარდამჭერები თითქმის არასდროს ახსენებენ ლენდლიზის პროგრამის როლს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაზე საუბრისას, ან ამბობენ, რომ ამას გადამწვეტი როლი არ ჰქონია გამარჯვებაში.
რას ნიშნავდა ეს პროგრამა — ლენდილიზით 1941 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთს, სსრკ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს ამარაგებდა საბრძოლო მასალით.
სწორედ ლენდლიზის პროგრამით ამერიკისგან სსრკ-მ 11,3 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. მათ მიერ მიცემული ლოკომოტივები 2,4-ჯერ, ვაგონები კი 10,2-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირს შეეძლო, ეწარმოებინა. ამასთან, აშშ-ის მიერ გაგზავნილი საკვების რაოდენობით 10-მილიონიანი არმიის გამოკვება იყო შესაძლებელი 1 688 დღის განმავლობაში.
რეალურად, სსრკ-ს მაშინდელი ლიდერი ლენდლიზის პროგრამის როლს ხედავდა და აღნიშნავდა კიდეც მის მნიშვნელობას.
"მინდა ვისაუბრო, თუ რა გააკეთეს, საბჭოთა კავშირის თვალსაზრისით, პრეზიდენტმა რუზველტმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამარჯვებისთვის, მთავარი ამ ომში — მანქანები. შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თვეში 8-დან 10 ათასამდე თვითმფრინავის წარმოება.
ინგლისი თვეში 3 ათას თვითმფრინავს აწარმოებს, ძირითადად — მძიმე ბომბდამშენებს. ამიტომ შეერთებული შტატები მანქანების ქვეყანაა. ლენდლიზით მოწოდებული ეს მანქანები გვეხმარება ომის მოგებაში", — განაცხადა სტალინმა 1943 წელს.
5. წითელმა არმიამ ომის დანაშაულები ჩაიდინა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მუდმივად უარყოფს იმ ძალადობრივი ქმედებების სერიას, რაც სსრკ-ს სამხედროებმა მოაწყვეს გერმანიაში, ამას წყაროები ადასტურებენ. საბჭოთა ფიზიკოსის, ანდრეი სახაროვის ახლო მეგობარი, ნატალია გესე, რომელიც აკვირდებოდა წითელი არმიის მოქმედებებს 1945 წელს, როგორც საბჭოთა კორესპონდენტი, ამბობდა, რომ რუსი ჯარისკაცები 8-დან 80 წლამდე ყველა გერმანელ ქალს აუპატიურებდნენ.
"ეს იყო მოძალადეთა არმია", — აცხადებდა ნატალია გესე.
მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მაგალითი იყო კატინის ტყის ტრაგიკული ისტორია. როდესაც წითელი არმია 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთში შევიდა, იქ პოლონელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 1940 წელს წითელი არმიის ჯარისკაცებმა დაკავებული პოლონელები ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანეს და კატინის ტყეში დახვრიტეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა 20 000-ზე მეტი პოლონელი დახოცეს, შემდეგ კი ეს გერმანელებს დააბრალეს.
1941 წლის ივნისში NKVD-მ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა) 34 000 ადამიანი ლიეტუვიდან, 15 500 ლატვიიდან (მათშორის, 2 400 ბავშვი) და 10 000 ესტონეთიდან დააპატიმრა ან გადაასახლა.
1940-41 წლებში საბჭოთა სხვადასხვა სახის რეპრესიების მსხვერპლთა სრული რაოდენობა შემდეგი იყო:
- ლატვიაში — 34 000 ადამიანი;
- ესტონეთში — 60 000 ადამიანი;
- ლიეტუვაში — 75 000 ადამიანი.
1944 წელს ესტონეთის ხელახალი ოკუპაციისთანავე საბჭოთა ძალებმა დაიწყეს იმ ადამიანების დევნა, ვინც გერმანულ, ფინურ ჯარში მსახურობდნენ. ერთ წელზე ნაკლებ დროში მათ 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
1944-45 წლებში წითელმა არმიამ დაახლოებით 2,2 მილიონი გერმანელი მოკლა, გააუპატიურეს 2 მილიონზე მეტი გერმანელი ქალი, რასაც 240 000 მათგანის სიკვდილი მოჰყვა, ბევრმა მათგანმა ამის შემდეგ თავი მოიკლა, ზოგიერთი კი ვენერიულმა დაავადებამ იმსხვერპლა.
6. საბჭოთა კავშირს ომი მარტოს არ მოუგია
საბჭოთა კავშირის ლიდერები და იმპერიის მემკვიდრეები ავრცელებენ/ავრცელებდნენ ნარატივს, რომ სწორედ სსრკ-მ გადაარჩინა ევროპა ნაციზმისგან და სწორედ მათი როლი იყო გადამწყვეტი გერმანიის დამარცხებაში.
შევხედოთ, რა ხდებოდა რეალურად — მაშინ, როდესაც, თავდაუსხმელობის პაქტის გათვალისწინებით, ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა, პირველი, ვინც პოლონეთს დახმარება აღმოუჩინა, სწორედ ევროპა იყო, სსრკ კი ამ დროს ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.
ამას გარდა, მას შემდეგ, რაც კონტექსტი შეიცვალა და ჰიტლერმა საბჭოთა კავშირში შეჭრა გადაწყვიტა, 1941 წლიდან 1945 წლამდე ბრიტანეთმა სსრკ-ს სრულად 3 000 საჰაერო ხომალდი, 5 000-ზე მეტი იარაღი, 27 საზღვაო ხომალდი, 4 338 რადიომოწყობილობა, 4 მილიონ ტონამდე საკვები და სამედიცინო დახმარების ნივთები გაუგზავნა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ საბჭოთა კავშირს 427 284 სატვირთო, 13 303 საბრძოლო მანქანა, 2 670 371 ტონა ნავთობი, ბენზინი და 4 478 116 ტონა საკვები გადასცა, სრულად კი ამ დახმარებაზე აშშ-მ 11,3 მილიარდი დახარჯა.
რაც შეეხება სრულ დანახარჯებს, ამერიკის მიერ გაწეული ხარჯი აღემატებოდა კიდეც საბჭოთა კავშირის მიერ გაწეულ ხარჯებს — ქვეყანამ დაახლოებით 341 491 მილიარდი დოლარი დახარჯა, საბჭოთა კავშირმა კი 192 000.
7. ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისია
8 და 9 მაისზე დავაც სწორედ იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ ნაციზმზე გამარჯვებაში მთავარი როლი საბჭოთა კავშირს ეკუთვნის. რეალურად, ისტორიული ქრონოლოგია იყო შემდეგი — პირველად გერმანიის მხრიდან კაპიტულაციას ხელი მოეწერა 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში, თუმცა იოსებ სტალინს სურდა, რომ დამარცხების დეკლარირება ბერლინში მომხდარიყო. მეორე დღეს, 8 მაისს, გვიან ღამით გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია, საბრძოლო მოქმედებები კი შეწყდა 23:01 საათზე, ამ დროს სსრკ-ში 9 მაისი თენდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასაათო სარტყლით გამოწვეული გაუგებრობის გადაჭრა მარტივადაც შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის მიზანი ეს არ ყოფილა. მათ ამ თარიღის დამკვიდრებითაც სწორედ საკუთარი თავის, როგორც ნაციზმზე გამარჯვების მთავარი როლის შემსრულებლის წარმოჩინება სურდათ, რასაც აგრძელებს სსრკ-ს პირდაპირი მემკვიდრე — რუსეთი.
მოსკოვში ყოველ წელს, 9 მაისს უკვდავი პოლკის მსვლელობა იმართება, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. ის ამბობს, თითქოს პოლკი "ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება", რომელმაც "საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს".
დღეს ნაციზმზე გამარჯვება 9 მაისს მხოლოდ რუსეთსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში აღინიშნება, მათ შორის, საქართველოში. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ საქართველომ ეს დღე 8 მაისს აღნიშნოს, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილმა, ჯერჯერობით პროცესი არ დაძრულა.
კომენტარები