1922 წლის ნაკლებად ცნობილი ლიტერატურული შედევრები, რომლებიც მეტ დაფასებას იმსახურებენ
ჯოისის "ულისე" და ელიოტის "უნაყოფო მიწა" დამსახურებულად იწოდებიან შედევრებად, მაგრამ ისინი უსამართლოდ ჩრდილავენ იმავე წელს გამოცემულ სხვა დიდ წიგნებს. ამ უკანასკნელებზე BBC-ის სტატია გვიყვება.
Covid-19-ისა და კლიმატის ცვლილების ეპოქაში ადვილია ვიფიქროთ, რომ ჩვენზე უფრო რთული დრო არავის გამოუვლია. თუმცა ხალხი 100 წლის წინაც მსგავსად ფიქრობდა. პირველმა მსოფლიო ომმა და ესპანური გრიპის პანდემიამ ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ევროპის სოციალური წესრიგი დაარღვია. არც ამ კატაკლიზმურ მოვლენებამდე პერიოდი ყოფილა მარტივი. მზარდი ტექნოლოგიური მიღწევები — მანქანები, თვითმფრინავები, პირველი რადიოგადაცემები — მე-19 საუკუნეში დაბადებულთათვის ისეთივე რევოლუციური იყო, როგორც ინტერნეტი მე-20 საუკუნეში მცხოვრებთათვის.
იმ დროის მხატვრებმა და მწერლებმა ამ ყველაფრის საპასუხოდ საკუთარი ნამუშევრების გარდაქმნას მიჰყვეს ხელი — ეს მათთვის იყო გზა, კონტროლი მოეპოვებინათ უცნაურსა და უმართავზე ან, უბრალოდ, მეტად ზედმიწევნით გადმოეცათ ის. გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ სამყარო ქაოსური და შემაშფოთებელია, მაშინ მუსიკა, ხელოვნება და მწერლობაც ასეთივე უნდა იყოს. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოდერნისტულმა პერიოდმა მოგვცა ბერგისა და შონბერგის ატონალური მუსიკა და პიკასოსა და ბრაკის კუბისტური ნახატები.
ლიტერატურაშიც მე-20 საუკუნის დასაწყისის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე პასუხი მოდერნიზმი იყო — ეს გახლდათ ტრადიციული ხაზოვანი თხრობის უარყოფა და უფრო რთული სტილის გამოყენება ახალი სამყაროს ასახვისთვის. ამ მიმდინარეობის annus mirabilis-ად, როგორც წესი, 1922 წელი მიიჩნევა. ეს შესაფერისი დრო იყო დიდი ცვლილებებისთვის: ამ წელს მომხდარ მსოფლიოს ბედის განმსაზღვრელ მოვლენებს შორის იყო რუსეთში კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად იოსებ სტალინის დანიშვნა და დიაბეტის ინსულინის გამოყენებით მკურნალობა.
ლიტერატურული თვალსაზრისით, ეს წელი აღსანიშნავი გახლავთ, ერთი მხრივ, ჯეიმზ ჯოისის რომანით, ულისე (პირველად გამოქვეყნდა 100 წლის წინ, 2 თებერვალს ჯოისის 40 წლის იუბილეზე) და, მეორე მხრივ, ტომას სტერნზ ელიოტის პოემით, უნაყოფო მიწა, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა. ეს იყო წიგნები, რომლის დარიც — მათი უჩვეულო სტილით, მასშტაბითა და ამბიციით — აქამდე არავის ეხილა. ამ ეპოქის ინგლისურ რომანებში დომინირებდნენ სოციალური რეალიზმის მიმდევრები, რომლებიც აგებდნენ ტრადიციულ ნარატივებს, ხოლო პოეზიაში გავრცელებული იყო ჯორჯიანული მოძრაობის პასტორალური გარითმული ლექსები.
ამ ორ წიგნს ბევრი საერთო ჰქონდა. თემატიკის კუთხით ორივე ნაწარმოები გაბედულად ახლებური იყო: ულისემ გადმოსცა თანამედროვე დუბლინელების ცხოვრების ერთ დღე — გაჰყვა მათ ყველგან, მათ შორის საძინებელსა და აბაზანაში. უნაყოფო მიწა კი ასახავს ომისშემდგომი ევროპის სასტიკ რეალობას: "ლონდონის ხიდზე მოდიოდა პროცესია იმდენი დიდი, / არც კი მეგონა, თუ სიკვდილმა შეიწირა ამდენად ბევრი". ორივე წიგნმა წინა პლანზე წამოსწია თავისი ინოვაციური სტილი. თითოეული გვერდი ავტორისეულ ხმას და უჩვეულო ინტელექტს იტევდა. მათ ბრიკოლაჟის მიდგომა გამოიყენეს და ტექსტებში განსხვავებული ხმები და შეხედულებები წარმოაჩინეს. ისინი კომფორტულად ეწყობოდნენ როგორც მაღალ, ასევე დაბალ კულტურას: ულისე ოდისეის მსგავსად არის აგებული. ავტორი ლათინურ და ბერძნულ პროზას იყენებს. თუმცა, ის საუბრობს მასტურბაციასა და სექსზეც (ამან ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უხამსობის ბრალდებები წარმოშვა). უნაყოფო მიწაში კი მაღალფარდოვნება საბავშვო რითმებს და პაბის მეპატრონის ხმას ერწყმის.
ეს რთული ნაწარმოებები სავსეა ყველასთვის სასიამოვნო ლამაზი, ტრადიციული ლიტერატურული ენით: დაწყებული ჯოისის ფრაზით, "ზაფხულის საღამომ სამყარო იდუმალ მკლავებში მოიქცია", დამთავრებული ელიოტის სიტყვებით, "დინებამ ზღვის ქვეშ / ჩურჩულით ამოირჩია მისი ძვლები". მათ იცოდნენ, როგორ მოეხიბლათ და გამოეწვიათ მკითხველი. ესეც — და არა უბრალოდ ნაწარმოებების ინოვაციურობა — განაპირობებს, რომ მათ დღემდე არაერთგზის კითხულობენ.
ისეთი წიგნების გამო, როგორიც ულისე და უნაყოფო მიწაა, 1922 წელს შეიცვალა მკითხველი საზოგადოების დამოკიდებულება იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ლიტერატურა — მოგვიანებით პოეტმა უისტან ჰიუ ოდენმა თქვა, რომ "კლიმატი" შეიცვალა. ეს წელი ნამდვილად იმსახურებს რეპუტაციას, რომ მის შემდეგ აღარაფერი იყო იმავენაირი. მიუხედავად ამისა, არსებობს საშიშროება, რომ თანამედროვე ლიტერატურის ამ ორი ძეგლის ასი წლისთავის სამართლიანი ზარ-ზეიმით აღნიშვნის ფონზე სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ამ "ახლომხედველობის" საილუსტრაციო მაგალითი იყო კოლმ ტოიბინის რამდენიმე თვის წინ ულისეზე საუბრისას ნათქვამი სიტყვები: "იმ წლის კიდევ ერთი დიდი ლიტერატურული მოვლენა ელიოტის უნაყოფო მიწა იყოო". 1922 წელს სხვა მრავალი მწერალიც ქმნიდა ინოვაციურ, გაბედულ, სასიამოვნო ნაწარმოებებს, რომლებსაც დღეს ნაკლებად ვაფასებთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ნამუშევრები ნაკლებად თვალმომჭრელია სიახლის კუთხით ან უცნაურობას მეგობრული ზედაპირის ქვეშ მალავენ. ამასთანავე, ამ მწერლების უმეტესობას საკუთარი შეხედულებებიც ჰქონდა ულისეს თუ უნაყოფო მიწის შესახებ.
სინკლერ ლუისი შეუდარებელი და ნაყოფიერი შემოქმედი იყო. ის ცოტა მოგვიანებით პირველი ამერიკელი მწერალი გახდა, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ლუისი, ამასთანავე, ულისეს მიმართ გულგრილად განწყობილთა რიცხვსაც მიეკუთვნებოდა და მას "დიდ თეთრ ტახს" უწოდებდა. 1922 წელს მანაც გამოაქვეყნა საკუთარი ინოვაციური რომანი. ბებიტი ახლებური იყო არა მხოლოდ სტილისტურად, არამედ შინაარსობრივადაც: მისი ანტიგმირი — კონფორმისტი ბიზნესმენი, რომელიც მუდმივად თავს იტყუებს, ჯორჯ ბებიტი ებრძვის სიცარიელეს, რომლის ამოცნობაც არ შეუძლია და, შესაბამისად, ვერც მის შევსებას ახერხებს. "ის ხვდებოდა, რომ ცხოვრების ერთადერთი გზა, რომელსაც იცნობდა და ენერგიულად მისდევდა, უშედეგო იყო".
მისი მთავარი თემა — ინდივიდის გამოწვევა, შეიცნოს საკუთარი თავი სამყაროსგან განსაზღვრული როლებისა და გამოცდილებებისგან განყენებულად — სრულიად თანამედროვე და უაღრესად საკამათო იყო. მაგალითად, ბიზნესასოციაციის, The New York Rotary Club-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სინკლერი "ბოლომდე ვერ იყო საღ გონებაზე". თუმცა წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა — გაიყიდა პირველივე გამოცემის 250 ათასი ეგზემპლარი, ხოლო "ბებიტი" შორსმჭვრეტელობის უნარს მოკლებული ბიზნესმენის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.
ბებიტის მეშვეობით მწერალმა ყოფითი დისკომფორტის ამსახველი იმდენად მძაფრი და ნაკლებად წარმოჩენილი გრძნობები გადმოსცა, რომ ამან ლიტერატურის ახალი ჟანრი წარმოშვა, რომელიც საშუალო კლასის წარმატებული კაცების ფარულ უბედურებას აღწერს. მისი მემკვიდრეები არიან სლოან უილსონის კაცი რუხი ფლანელის კოსტიუმში (1955), რიჩარდ იეიტსის ამბოხის გზა (1961), ჯოზეფ ჰელერის მიზანთროპული შედევრი, რაღაც მოხდა (1974) და ბრეტ ისტონ ელისის გროტესკული სატირა, ამერიკელი ფსიქოპათი (1991).
მსოფლიოს მეორე მხარეს, იაპონიაში, რიუნოსკე აკუტაგავამ 1922 წელი ლიტერატურის ახლებურად, საკუთარი გზით განვითარებით დაიწყო. იანვარში ლიტერატურული ჟურნალ Shinchō-ს საახალწლო ნომერში მისი ნაწარმოები, უსიერ ტყეში, გამოქვეყნდა. დღეს ამ ტექსტს მეტწილად იმით იცნობენ, რომ ის აკირა კუროსავას ფილმის, რაშომონის მთავარ წყაროდ იქცა, მაგრამ ამბავი თავისთავად რჩება შედევრად. აკუტაგავამ ძველისა და ახლის შერწყმა იმ დროს მოახერხა, როდესაც იაპონია საუკუნეების იზოლაციონიზმისგან გამოდიოდა: მან ახლებურად გადმოსცა მე-12 საუკუნის ხალხური ზღაპარი და ამისთვის დანაწევრებული თხრობა გამოიყენა. მწერალმა ადამიანის მკვლელობა მრავალი განსხვავებული პოზიციიდან აჩვენა და აღწერა მოწმეების ჩვენებები, რომლებშიც ურთიერთშეუთავსებელი ხედვებია დაფიქსირებული. ამგვარი თხრობა უბიძგებს მკითხველს, თავად აღადგინოს მომხდარი, რის გამოც ეს სტილი პოპულარული გახდა არა მხოლოდ ლიტერატურაში (იქნებ ეს ვლადიმერ ნაბოკოვის ფერმკრთალი ცეცხლი თუ ტომი ორინჯის იქ იქ), არამედ კინოშიც: გავიხსენოთ თუნდაც მაკულატურა, გაუჩინარებული ქალი ან ბოლო დუელი.
უსიერ ტყეში ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოდნა შესაძლებელია და ძირს უთხრის მთხრობლის ავტორიტეტის ცნებას — ისევე, როგორც ჯოისმა და ელიოტმა გააკეთეს ეს თავიანთი ქაოსური კონსტრუქციებით. აკუტაგავას ცხოვრებაც ქაოსური იყო: დედა მისი დაბადების წელს მძიმე ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და სიკვდილამდე სახლის ზედა სართულზე იყო გამოკეტილი. 1927 წელს აკუტაგავას დის სახლს ხანძარი გაუჩნდა. მისმა ქმარმა, რომელიც ცეცხლის გაჩენაში იყო ეჭვმიტანილი, თავი მოიკლა. რამდენიმე თვის შემდეგ აკუტაგავამაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი გარდაცვალება (მისი ნაწერების მთარგმნელის, ჯეი რუბინის მიხედვით) "ბურჟუაზიული მოდერნიზმის დამარცხების სიმბოლოდ იქნა მიჩნეული".
სიმართლეა, რომ მოდერნიზმს ხანდახან საშუალო კლასის პრეტენზიულობის გამოვლინებად აღიქვამდნენ, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ზოგიერთი მიმდევრის სნობიზმი გახლდათ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ვირჯინია ვულფი გახლდათ, რომლის მოსაზრება ჯოისის ულისეს შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი იყო. ის ამ რომანით ერთდროულად "გამხიარულებული, სტიმულირებული, მოხიბლული, დაინტერესებულიც" იყო და — "დაბნეული, მოწყენილი, გაღიზიანებული, იმედგაცრუებულიც". თანაც, ვულფი ამ პოზიციას ერთგვარი ქედმაღლურებით გადმოსცემდა. დღიურში ის წერდა, რომ ეს იყო "ნამუშევარი თვითნასწავლი მუშა კაცისა და ჩვენ ვიცით, რამდენად დამამწუხრებელნი არიან ისინი".
ვულფი იქვე განაგრძობს: "მაღალი დონის მწერალი, ვგონებ, წერას ზედმეტად სცემს პატივს იმისთვის, რომ იყოს ხრიკებით სავსე, შემაშფოთებელი და ტრიუკების გამომყენებელი". მიუხედავად ამისა, მან უარყო ძველი და ტრადიციული მხატვრული ლიტერატურა და მიემხრო მოდერნისტი მწერლების "მსხვრევას და მტვრევას".
და სწორედ 1922 იყო ის წელი, როცა ვულფმა რომანით, იაკობის ოთახი, თავადვე დაარღვია ლიტერატურული ტრადიცია. ეს არის მისი პირველი ექსპერიმენტული ნამუშევარი და გადახვევა ადრინდელი, ჩვეულებრივი რომანებიდან ისეთ ყველაზე ცნობილი წიგნებისკენ, როგორებიცაა მისის დოლოვეი (1925) და გზა შუქურისკენ (1927). რა თქმა უნდა, "ხრიკები" აქ უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე ულისეში, მაგრამ მასში ექსპერიმენტების არსებობა უტყუარია. პირველი გვერდიდან, სადაც პერსონაჟი კითხულობს: "სად არის ის დამღლელი ბიჭი? მე მას ვერ ვხედავ", დასასრულამდე (როდესაც იაკობის დედა მეგობართან ერთად მის ნივთებში იქექება) იაკობი წიგნში იმაზე მეტად არ ჩანს, ვიდრე ჩანს. სიუჟეტში მთავარი გმირისთვის ცენტრალური ადგილის დათმობის ნაცვლად, ვიღებთ 200-ზე მეტ პერსონაჟს და წარმავალი კავშირით შექმნილ მათ შთაბეჭდილებებს მის ცხოვრებაზე. ამით ვულფი გზას უხსნის მრავალ ცნობიერებას, როგორც ეს გააკეთა ელიოტმა უნაყოფო მიწაში და აკუტაგავამ უსიერ ტყეში.
ელიოტმა, რომელიც ვულფის მეგობარი იყო, იაკობის ოთახს "აღსანიშნავი წარმატება" უწოდა. თავად ვულფმა კი — რომელიც გამომცემლობა The Hogarth Press-ს ქმართან, ლეონარდთან ერთად ხელმძღვანელობდა — თავის დღიურში 1922 წლის დასაწყისში აღნიშნა, რომ ელიოტმა "დაწერა 40-გვერდიანი პოემა, რომლის დაბეჭდვასაც შემოდგომაზე ვაპირებთ". ვულფის მიერ უნაყოფო მიწის პირველი დამოუკიდებელი პუბლიკაციის გამოცემა (მიუხედავად იმისა, რომ იგი "დარწმუნებული არ იყო", ლექსის ნაწილები რამდენად უკავშირდებოდა ერთმანეთს) მისი, როგორც მოდერნისტული წრის მთავარი დამაკავშირებლის, როლის მხოლოდ ერთი მაგალითია.
ვულფზე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ამდენადვე მნიშვნელოვანი იყო მეი სინკლერი. მისით მოხიბლული გახლდათ ელიოტი (გრძნობა ორმხრივი იყო: სინკლერი ელიოტის 1915 წლის პოემის, ჯეი ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა, ერთ-ერთი პირველი დამცველი გახლდათ). ამასთანავე, სინკლერი მფარველობდა ეზრა პაუნდს, რათა ის მოდერნიზმის ცენტრში მდგომ, ნაყოფიერ შემოქმედად ქცეულიყო.
1922 წელს კრიტიკოსმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და რეალისტმა სინკლერმა გამოაქვეყნა ჰარიეტ ფრინის ცხოვრება და სიკვდილი — მოკლე რომანი, რომელიც ლამაზად, მაგრამ სასტიკად აღწერს მთავარი გმირის გაფლანგულ ცხოვრებას. ეს არის ინოვაციური, მაგრამ არცთუ რთული წიგნი (ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სინკლერს "წაკითხვადი მოდერნისტი" უწოდა), რომელიც ჰარიეტის ცხოვრების ფრაგმენტებს ასახავს. სინკლერ ლუისისადმი მიწერილ წერილში მან ამას "შეკუმშვის ექსპერიმენტი" უწოდა. ჰარიეტის ცხოვრებამ აჩვენა, რომ ინგლისში ქალების მიერ ხმის მიცემის უფლების მოპოვებიდან რამდენიმე წელში მათი ყოფა კვლავ შეზღუდული გახლდათ საზოგადოების მოლოდინებით, თითქოსდა ქალები ვალდებულნი იყვნენ, "ლამაზად მოქცეულიყვნენ". სინკლერი ჰარიეტის ცხოვრების გზის აღწერისას არაერთგზის ართმევს მას ბედნიერების შანსს. "განვლო თვეებმა, გავიდა წლები, თითოეული მათგანი წინაზე ოდნავ უფრო სწრაფად მიდიოდა. ჰარიეტი 39 წლის იყო".
სინკლერის ნაწერი განასახიერებდა ახალი საუკუნის დადგომასთან დაწყებულ "ახალი ქალის" მოძრაობას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქალის ტრადიციულ როლებს ოჯახში და ეკონომიკაში. მისი 1910 წლის რომანი, შემქმნელები: კომედია, გულახდილად საუბრობდა ქალის სექსუალობის შესახებ და გახდა პირველი რომანი, რომელიც წერას ქალისთვის შესაფერის კარიერად წარმოაჩენს. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ სინკლერს დაიმახსოვრებენ არა მისი წიგნებით, არამედ მის მიერ სხვების შესახებ გამოთქმული მოსაზრებებით: 1918 წელს დოროთი რიჩარდსონის ეპიკური რომანების ციკლის, პილიგრიმობის მიმოხილვისას სინკლერმა შემოიღო ლიტერატურული ტერმინი, "ცნობიერების ნაკადი".
ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა იმ საუკუნეში — განსაკუთრებით, ჯოისისა და ვულფის რომანების აღწერისას. ისინი თხრობისას გადმოგვცემდნენ პერსონაჟის შინაგან ფიქრებს და შთაბეჭდილებებს, რომლებიც ისევე ქაოსურად მიედინებოდა, როგორც აზრები ჩვენს თავში. ცნობიერების ნაკადის ტექნიკამ, წერდა სინკლერი, რიჩარდსონს საშუალება მისცა, "უფრო მიახლოებოდა რეალობას, ვიდრე ის ჩვენი ნოველისტები, სასოწარკვეთით რომ ცდილობენ იმავეს".
"ახალი ქალის" მოძრაობის წარმომადგენელთა შორის ყოფნის გაბედული სურვილი ამოძრავებდა 1922 წლის ბოლო დაუფასებელ გენიოსს — ქეთრინ მენსფილდსაც. იგი 1903 წელს მშობლიური ახალი ზელანდიიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და პიროვნული თვისებებისა და ნიჭის წყალობით ლიტერატურული სამყაროს ცენტრალური დამაკავშირებელი ფიგურა გახდა. მენსფილდი ჯეიმზ ჯოისთან ერთად პარიზში ჩაის სვამდა; მერყევი, მაგრამ გრძელვადიანი მეგობრობა აკავშირებდა ვირჯინია ვულფთან; და — მენსფილდის ბიოგრაფის, კლერ ტომალინის მიხედვით — დევიდ ჰერბერტ ლორენსისგან ტუბერკულოზი გადაედო. ის ამ დაავადებას სიცოცხლის ბოლო წლებში ებრძოდა და მასვე შეეწირა 34 წლის ასაკში, 1923 წელს. როცა მენსფილდი გარდაიცვალა, ვულფმა თავის დღიურში ჩაწერა: "როდესაც წერა დავიწყე, მომეჩვენა, რომ წერას აზრი არ ჰქონდა. ქეთრინი ამას არ წაიკითხავს. ქეთრინი ჩემი მეტოქე აღარ არის".
მენსფილდი უკომპრომისო იყო სხვა მწერლების მიმართ, იქნებოდნენ ეს მოდერნისტები (ელიოტი მისთვის "ენით აუწერლად მომაბეზრებელი" გახლდათ), თუ ტრადიციული მწერლები. მას მიაჩნდა, რომ ედვარდ მორგად ფორსტერის მხატვრული ლიტერატურის დახვეწილ ზედაპირს შინაარსი აკლდა. "[ის] არასოდეს მიდის უფრო შორს, ვიდრე ჩაიდნის გათბობაა. ის ამაში დახელოვნებულია. შეეხეთ ამ ჩაიდანს. არ არის სასიამოვნოდ თბილი? დიახ, არის, მაგრამ ჩაი არ იქნება". არსებობს მოსაზრება, რომ ვულფის 1919 წლის რომანის, ღამე და დღე, მენსფილდისეული მიმოხილვა დაეხმარა მწერალს, იაკობის ოთახის და სხვა გვიანდელი ნამუშევრების ექსპერიმენტებისთვის მიემართა.
თავად მენსფილდის შემოქმედება საუკეთესოდ არის წარმოდგენილი მის წიგნში, ბაღის წვეულება და სხვა ისტორიები. ეს იყო ბოლო წიგნი, რომელიც მის სიცოცხლეში, 1922 წელს გამოიცა. ეს მოთხრობები, — მას რომანი არასდროს დაუწერია, — ცვალებადი, ცოცხალი და მხიარული ღია დასასრულების მქონე ნაწარმოებებია. მათ სიმსუბუქე ახასიათებთ: პერსონაჟები წარმოდგენილია მინიმალური ინფორმაციით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, თავად შეავსოს დეტალები. ნარატივები ცვლიან პერსპექტივას — როგორც მენსფილდმა თქვა, მას სურდა, "გაეძლიერებინა ე.წ. უმნიშვნელო დეტალები იმგვარად, რომ ისინი მართლაც მნიშვნელოვანი გამხდარიყო". გარდა მოდერნისტული სტილისა, პირველივე მოთხრობის, ყურეში, ღირებულება ისიცაა, რომ ის დღეს განსაკუთრებით აქტუალური ჩანს: ერთ-ერთი პერსონაჟი ასახავს ოფისში დაბრუნების საშინელებას: "მე მწერს ვგავარ, რომელიც თავის ნებით შემოფრინდა ოთახში — კედლებს ვეჯახები, ფანჯრებს ვეჯახები, ჭერს ვეხლები, ფაქტობრივად ყველაფერს ვაკეთებ, გარეთ ხელახლა გაფრენის გარდა".
1922 წლის ეს მოთხრობები და წიგნები — მენსფილდის, სინკლერის, ვულფის, ლუისისა და აკუტაგავასგან — ახლისა და ბრწყინვალების ბეჭედს ნაკლებად თვალშისაცემად ატარებენ, ვიდრე ელიოტი ან ჯოისი (ელიოტმა მსუბუქად შეაქო მენსფილდის ნაწერი და დაურთო, რომ ის "მშვენივრად ამუშავებს მინიმალურ მასალას — მე მჯერა, რომ ამას ეწოდება ქალური"). თუმცა, ისინი მღელვარე წლების არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოძახილი იყო და ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ მათი გავლენა დღევანდელი მწერლობის სტილსა და თემატიკაზე.
პრაქტიკოსები ყოველთვის თავდაჯერებულნი არ ყოფილან. მენსფილდს ეშინოდა, რომ "დიდი ხანი არ ვიქნები მოდური. ისინი გამომააშკარავებენ; მათ ზიზღი მოიცავთ; მათ გაოგნებისგან ააკანკალებთ". ვირჯინია ვულფმა კი 1922 წლის ბოლოს (შობის დღეს) თავის მეგობარ ჯერალდ ბრენანს მისწერა, რომ წუხდა, მწერლების მათი თაობა მხოლოდ საფეხური არ აღმოჩენილიყო შემდგომთათვის: "გეთანხმები, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. შესაძლოა, დარჩეს ამონარიდები — აბზაცები — შესაძლოა, გვერდი: მაგრამ მეტი არაფერი". საბედნიეროდ, 100 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ ის სრულებით ცდებოდა.
კომენტარები