იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ისინი მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებას არ ითხოვენ, არამედ, ჯერჯერობით საბჭო ამაზე მსჯელობას იწყებს, თუ როგორ შეიძლება არსებული სიტუაციიდან გამოსვლა. ეს განცხადება ლევან მურუსიძემ დღეს, 28 აპრილს, მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა:

"საბჭო ითხოვს ერთ რამეს, რომ ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება და აქედან გამომდინარე ვითხოვთ დახმარებას. გვინდა, რომ მრგვალ მაგიდასთან ყველა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. თუ ეს ნაბიჯი, ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავილაპარაკებთ, თუ არა და გვეცოდინება, რომ უნდა გავაგრძელოთ ისევ ამ ლანძღვის რეჟიმში. მაშინ უნდა მოვიფიქროთ სხვა სიტუაცია, რომ რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ".

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე დიალოგის დაწყება აუცილებელია და ამის შემდეგ გადაწყდება რეგულაციების დაწესების საკითხი:

"ცალსახაა რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ ეს არ არი გამოხატვის თავისუფლება, მაშინ ეს არის ქმედება, რომელიც არის შეურაცხმყოფელი ქმედება. ასე რომ, თუ ჩვენ ცალსახად გავმიჯნავთ, რა არის შეურაცხყოფა და რა არის თავისუფლება, აქ საუბარიც არ შეიძლება იყოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე".

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. წერილის ადრესატი, ზოგადად, მედიასთან ერთად, იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ ქარტიის რეაგირებას ითხოვს. ამავე განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. საბჭომ ქარტიას სწორედ ამ კრიტიკული გამონათქვამების შეფასებისკენ მოუწოდა. ასევე, იუსტიციის საბჭოს მოსაზრებით, ჟურნალისტები უნდა იცავდნენ "თვითცენზურის ვალდებულებას". ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია არ ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის სანქციის დაწესებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღნიშნული წერილი ცენზურის დაწესების მცდელობად შეაფასა. "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება."