მარიამ ჯვართავა — ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ერთ სივრცეში ვცხოვრობთ
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
მე ვარ მარიამ ჯვართავა, 24 წლის, ყოფილი ბიოლოგი, ამჟამად ბარისტა. ცოტა ინტროვერტი ვარ, თუმცა ჩემი ახლანდელი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს, კომუნიკაბელური ვიყო.
ბავშვობა და ბულინგი
არ ვიცი, ამის მიზეზი რაა, მაგრამ ბავშვობა მკაფიოდ არ მახსოვს. ის "ჰაილაითები", რაც მაქვს, სამწუხაროდ, უფრო ტრავმულ გამოცდილებებს და ბულინგს უკავშირდება. კარგი მოგონებები უფრო ზაფხულთან ასოცირდება, როცა ქალაქიდან გავდიოდი — ბავშვებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან მქონდა ურთიერთობა. დანარჩენი, უმეტესი და ძალიან დიდი ნაწილი, თითქოს არც ყოფილა, ვერ ვიხსენებ.
საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, დღემდე ბულინგის მსხვერპლი ვარ სხვადასხვა საკითხში, იქნება ეს გარეგნობა, ჩემი საუბარი, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, ქცევები, ჩაცმულობა თუ სამეგობრო წრე. სულ დამცინოდნენ ჩემი ცხვირის გამო — რამხელა ცხვირი მაქვს, რას მიგავს და ა.შ. ბევრ ნუდ ფოტოსესიაში მიმიღია მონაწილეობა და ულამაზესი ფოტოებიც გადაგვიღია, თუმცა ადამიანები ყოველთვის პოულობდნენ დასაცინს, თითქოს რაღაც სასირცხვილოს ვაკეთებდი.
ფემინიზმი, ცხოვრების წესი და გენდერული თანასწორობა
ფემინიზმის გააზრება 21 წლის ასაკში დავიწყე, როცა ქალების ძალიან კარგ ჯგუფში მოვხვდი ფეისბუქზე, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, მანამდე გარკვეულ საკითხებში მეც საზოგადოების გავლენის ქვეშ ვიყავი მოქცეული. თავიდან სხვის პოსტებს ვკითხულობდი, მერე მეც დავიწყე აქტიურობა, კითხვებს ვსვამდი, ჩემს გამოცდილებას ვაზიარებდი. ეს ჯგუფი იყო ბიძგი, რომ უფრო ფართოდ გამეხილა თვალი, სხვანაირად შემეხედა სამყაროსთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის.
თითქმის ყოველდღე ვარ გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი, თუნდაც იმიტომ, რომ მენსტუაცია მაქვს და ჩემი მენსტრუაცია ხშირად ხდება დასაცინი. მაგალითად, მეკითხებიან — რა ხასიათზე ხარ, მენსტრუაცია ხომ არ გაქვს?! ცუდად ვხდები ამაზე. ისედაც ხომ ტაბუირებული თემაა ეს ჩვენს ქვეყანაში და დასაცინადაც აქციეს.
"შენ ქალი ხარ და არ გაგეგება, ეს ქალის საქმე არაა" — რატომ? ხომ შეიძლება, მეც მქონდეს იმ რაღაც კონკრეტულ საკითხზე ჩემი აზრი?! რას ნიშნავს ქალის და კაცის საქმე?! შენ თუ შეგიძლია, რაღაც გააკეთო, მე თუ მოვინდომე, მეც გავაკეთებ და აუცილებლად გამომივა.
ცხოველები ყოველთვის მიყვარდა და სოფელშიც ყველაზე მეტად ამის გამო მიხაროდა ჩასვლა. თუმცა ხორცის ჭამა იმდენად ნორმა იყო ჩემთვის, ბავშვობაში არასდროს მიფიქრია, რომ, აი, ახლა ამ ძროხას ვეფერები, მაგრამ ერთ საათში მის ხორცს შევჭამ. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა კი ამის თქმაც მიჭირს. პირველი ეტაპი ვეგეტარიანელობა იყო, როცა ხორცზე ვთქვი უარი, შემდეგ რძის პროდუქტებიც ამოვიღე რაციონიდან. ვეგანობის იდეა და ვეგანური ცხოვრების სტილი არის ის, რომ ცოცხალი არსებების ტანჯვით ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ სიამოვნებას. ვფიქრობ, რომ ფემინიზმი და ვეგანობა ძალიან ახლო კავშირშია ერთმანეთთან. ზოგადად, ხორცის, კვერცხისა და რძის ინდუსტრიაში ჯოხი მდედრ ცხოველებზე ტყდება და მე ვფიქრობ, რომ ფემინიზმი მხოლოდ ადამიანების მიმართ არ უნდა იყოს, ის ყველა ცოცხალ არსებაზე უნდა გავრცელდეს.
სოციალურ ქსელებშიც მეტ-ნაკლებად აქტიური ვარ, ძირითადად, ტიკტოკზე მაქვს ჩემი კონტენტი, სადაც ინტენსიურად ვსაუბრობ ფემინიზმსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ინფორმაციას გავცემ, ვიღებ და ასე ვაქტიურობ.
პირველი ურთიერთობა
პირველად გოგო 5 წლის ასაკში მომეწონა და ის ემოციები იმდენად შთამბეჭდავი იყო, ამდენი წლის მერეც ცხადად მახსოვს. რა თქმა უნდა, მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ლგბტქი თემი, ვინ იყო ლესბოსელი, გეი და ა.შ. თუმცა შემდეგ წლებში ნელ-ნელა ვიაზრებდი, რომ ეს საზოგადოებისთვის "ნორმალური" არ იყო. ჩვენ ხომ ჰეტერონორმატიულ გარემოში ვცხოვრობთ და გარშემო ყველგან — ფილმებშიც და რეკლამებშიც კი ამას ვხედავთ. გოგოსა და გოგოს სასიყვარული ურთიერთობა ტელევიზორშიც კი არ მქონდა ნანახი. არც არავინ მელაპარაკებოდა ამაზე, თან, ისიც იყო, რომ მე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი, სადაც ეს თემა საერთოდ ტაბუდადებული იყო, ბიოლოგიაში მენსტრუაციის თემასაც კი გადაახტა ჩვენი მასწავლებელი. მიუხედავად ყველაფრისა, ის განცდა არ მქონია, რომ რაღაც არასწორს ვაკეთებდი და ეს ცუდია, უბრალოდ, იმას ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი განსხვავებული იყო.
17 წლის ვიყავი, როცა მქონდა პირველი სერიოზული ურთიერთობა ქალთან. ჩემს იმდროინდელ მეგობარს როცა ვუთხარი ეს ამბავი, საერთოდ შეწყვეტა ჩემთან ურთიერთობა და მეგობრობა აღარ ისურვა. დღევანდელ მარიამს ესმის ეს ყველაფერი, რადგან ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, არც იყო გასაკვირი, თან ისიც ჩემი კლასელი იყო და რელიგიის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ჩემს მეორე მეგობარს გაეცინა და მითხრა, ახლა ასეთი პერიოდი გაქვს, საკუთარი თავის ძიებაში ხარ, გავა წლები, დამშვიდდები და გაგივლისო. თუმცა იმ დროს მე უკვე ვიცოდი, რომ მხოლოდ კაცები არ მიზიდავდა და იმდენად დარწმუნებული ვიყავი ამ ყველაფერში, ეჭვიც არ მეპარებოდა.
ზუსტად ეს გოგო იყო, რომელმაც შემდეგ დედაჩემს გააგებინა ყველაფერი, როგორც თვითონ მითხრა, კარგი განზრახვით. დედაჩემს მწვავე რეაქცია ჰქონდა. კონსერვატიული შეხედულებების ქალია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრ საკითხში გვერდში მიდგას, იმ პერიოდში ძალიან გაუჭირდა ამის მიღება, დამსაჯა კიდეც. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა შეყვარებულს დავშორდი, ეს დედაჩემისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო და ეგონა, რომ "გადავრჩი". მერე, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა დავიწყეთ ამაზე საუბარი — მის აზრს ვისმენ, მე ჩემს აზრს ვუზიარებ. თუმცა დღეს რომ გოგო შეყვარებული მივიყვანო სახლში, იმის მოლოდინი მაინც არ მაქვს, რომ ამას ნორმალურად მიიღებს. ბიჭი რომ მივიყვანო, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდება.
დღეს უკვე დამოუკიდებელი ვარ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ გვერდით ვინ მეყოლება, თავიდან ბოლომდე ჩემი გადასწყვეტია და ამას არ დავმალავ.
ქამინგაუთი
პირველი არასაჯარო ქამინგაუთი დედაჩემთან მქონდა. მინდოდა, ახლოს ვყოფილიყავი მასთან და არ მქონოდა რამე ისეთი, რასაც დავუმალავდი ან მოვატყუებდი. საჯარო ქამინგაუთი იმიტომ გავაკეთე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავიდან რომ ამეცილებინა მოსაბეზრებელი კითხვები — როდის ვთხოვდებოდი და ბიჭებთან ურთიერთობის მხრივ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ახლო წრემ იცოდა ეს ამბავი, მინდოდა, უფრო ფართომასშტაბიანი ყოფილიყო და სხვებს რაღაც ცრუ შეხედულებები არ ჰქონოდათ ჩემზე. საზოგადოებისთვისაც მინდოდა მეთქვა, რომ მე ვარ ლგბტქი თემის წარმომადგენელი, მეც თქვენ შორის დავდივარ, თქვენთან ერთად რესტორანში ვზივარ, თქვენთან ერთად ვშოპინგობ და ვყიდულობ პროდუქტებს მაღაზიაში, ვმუშაობ თქვენთან ერთად, ზღვაზე ვირუჯები თქვენთან ერთად…
ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ერთ სივრცეში ვცხოვრობთ და თუ ამაზე ფიქრს დაიწყებენ, ამ საკითხსაც უფრო მარტივად შეხედავენ.
ჩემი ქვიარობის გამო, არასდროს მქონია დაბრკოლება. თავისუფლად შემიძლია ამის თქმა. რამდენიმე სამსახურში მიმუშავია, ჩემმა დამსაქმებელმა იცოდა ჩემი ორიენტაციის შესახებ, ჩემმა თანამშრომლებმაც იცოდნენ და ეს არასდროს გამხდარა იმის საბაბი, რომ რამეში ხელი შემშლოდა. შეიძლება ძალიან კარგ გარემოში მოვხვდი და გამიმართლა, თუმცა ჰომოფობიურ გარემოშიც არ მქონია რამე ისეთი პრეცედენტი, რომელსაც გავიხსენებდი.
ამაზე როცა ვფიქრობ, შეიძლება ისიცაა, რომ საქართველოში კაცი კაცთან "არ მოსულა" და ქალი ქალთან იმხელა გაღიზიანებას არ იწვევს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, მაგალითად, ორი ლესბოსელი ქალის შემთხვევაში, როდესაც ერთი სტანდარტულად "ქალურად" გამოიყურება და მეორე შედარებით მასკულინური ტიპია, ამ დროს უფრო მოდის აგრესია, სვამენ კითხვას — თქვენში კაცი რომელია? რასაც ვაკვირდები, ორი ფემინური ქალი ნაკლებად აღიზიანებთ. მიზეზი არ ვიცი, ალბათ, ვიღაცისთვის ეს უფრო "ესთეტიკური" სანახაობაა და ქალების პორნოსთან ასოცირდება.
ძალიან მწყდება გული, რომ სტიგმა არსებობს ბისექსუალების მიმართაც. ამ სტიგმიდან გამომდინარე, მეც მითქვამს საკუთარი თავისთვის — აირჩიე, რა გინდა, ჩამოყალიბდი! აქ ისევ ვახსენებ ქალების ჯგუფს და აღვნიშნავ, რამხელა როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში, იქ მიღებული ინფორმაცია დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ რადგან ბისექსუალი ქალი ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ან ქალი უნდა ავირჩიო, ან — კაცი. არც ის მომწონს, რომ ამბობენ, მაგალითად, 50-50%-ზე ვარ, 70-30%-ზე და ა.შ. არ მგონია სწორი, თუ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, თავიდან ბოლომდე მასთან ვიყავი.
თუმცა ქალთან ურთიერთობა ჩემთვის უფრო კომფორტულია, რადგან უფრო მეტი გვაქვს საერთო. ყველაზე მთავარი რაც არის, დაცულობის შეგრძნება მაქვს ქალთან. რასაც გარშემო ვხედავთ — გაუპატიურების შემთხვევები, ძალადობა, ბრუტალიზმი — უფრო კაცებს ახასიათებთ. მეც მაქვს გაუპატიურების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება და ჩემი გადმოსახედიდან ვსაუბრობ, ეს ყველაფერი კაცებისგან მოდიოდა. კი, არიან მოძალადე ქალებიც, მაგრამ ეს პროცენტული გადანაწილება იმდენად დრამატულია…
"ოჯახის მხარდაჭერა უპირველესია!"
ამ ქვეყანაში ძალიან რთულია იყო ქვიარ ადამიანი და მეც მიჭირს, რამე კონკრეტული რჩევა მივცე ქვიარებს – რაც მე შეიძლება გავაკეთო, ის სხვა ადამიანს შეიძლება არც გამოადგეს. უფრო მშობლებისთვის მაქვს სათქმელი — რაც არ უნდა რთული იყოს, მაქსიმალურად დაუჭირეთ მხარი შვილებს, უფრო ახლო ურთიერთობა გქონდეთ და უფრო მეგობრულები იყავით. ოჯახის მხარდაჭერა უპირველესია და მშობელმა სითბო და სიყვარული შვილს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაანახოს.
კომენტარები