უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში. მათივე თქმით, ეს "არჩევნები" მიზნად ისახავს ოკუპაციის ლეგიტიმაციას, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უკანონო „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები.

რუსეთის არალეგალურმა არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის საგარეოს თქმით, უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათივე განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებები და გააუქმოს ე.წ. აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა", ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარეობს. მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებს.

გაიგე მეტი: