ჩვენ საშიშ დროებაში ვცხოვრობთ და ხშირად გვიჩნდება იმის განცდა, რომ ნაცნობი სამყარო ხელიდან გვისხლტება. თუმცაღა, ამ ყველაფრის ფონზე, მაინც ჰორორს ვეძებთ: ვკითხულობთ, ვუყურებთ და ვზეიმობთ კიდეც. რატომ ვეძებთ შიშის მძაფრ შეგრძნებებს მაშინ, როცა თავად რეალობაა შემაძრწუნებელი? რას ამბობს ჰორორისადმი ეს საერთო მიზიდულობა იმ კულტურულ შფოთვებსა და კოლექტიურ იმედებზე, რომლებიც ჩვენს დროს აყალიბებს?

მოდით, გულწრფელები ვიყოთ — სამყარო საშიში ადგილია. მსოფლიოს ყოველ კუთხეში კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისი ან მასშტაბური კონფლიქტი მძვინვარებს, რაც უამრავ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარი სახლი დატოვოს და მიგრაციის გაურკვევლობასა და საფრთხეებს თვალი გაუსწოროს. ხოლო ამ მიგრანტების ჩამოსვლა ზოგიერთ ადამიანში თავისი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე წუხილს იწვევს, რაც შფოთვისა და შიშის ციკლს ქმნის. მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე თუნდაც მცირე ხნით ჩაფიქრებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს საკუთარ ლოგინში დარჩენა და გადასაფარებლის ქვეშ დამალვა მოუნდეს.

და მაინც, იმის პარალელურად, რომ რეალურ დროში მსოფლიოს ნამდვილ საშინელებებს თვალს ვადევნებთ, გამოგონილი ჰორორი, როგორც ჟანრი, ყვავის. შესაძლოა იკითხოთ: რატომ უნდა მოინდომოს ვინმემ გამოგონილი მონსტრის მოძებნა მაშინ, როდესაც საღამოს ახალი ამბები ისედაც სავსეა შემზარავი, რეალური საშინელებებით? თუმცა მაინც, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღევანდელი სამყარო პოპულარული ჰორორ-ნარატივებით არის გაჯერებული. მაგალითად, აშშ-ის ბესტსელერების სიაში საშიში რომანები წამყვან ადგილს იკავებს. ისეთი სერიალები, როგორებიცაა The Walking Dead და American Horror Story, უფრო და უფრო მეტ მნახველს იზიდავს. არც ფილმებია გამონაკლისი, რადგან გასულ წელს The Sinners და Weapons ყველაზე მაღალშემოსავლიანი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაც უფრო საშიში ხდება რეალური სამყარო, მით უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ჰორორს, რათა ამ ქაოსში რამე აზრი იპოვოს.

რატომ დგება ჰორორის ოქროს ხანა შავბნელი ეპოქების შუაგულში?

სოციალურ შფოთვასა და ჰორორის ნარატივების პოპულარობას შორის კავშირი ახალი არ არის. დიდი დეპრესიისას 1931 იყო ყველაზე მძიმე წელი, როდესაც ბევრ ამერიკელს ჰქონდა განცდა, რომ მათი სამყარო თავდაყირა დადგა. თუმცა, სწორედ ამ წელს დაიბადა საშინელებათა ფილმი, როგორც ჟანრი. რა თქმა უნდა, მონსტრებისა და მოჩვენებების შესახებ ფილმებს 1931 წლამდეც იღებდნენ. თუმცა, მოსაზრება, რომ ასეთი ფილმები ცალკე ჟანრს ქმნიდა, სწორედ ამ წელს დამკვიდრდა, როდესაც Dracula და Frankenstein გამოვიდა. გაურკვეველი მიზეზის გამო, პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის შუაგულში, ამერიკელები ჩაბნელებული კინოთეატრებისკენ მიილტვოდნენ, რათა სისხლისმწოველ გრაფსა და უკვდავ გვამს დაეფრთხოთ. ამ ყველაფერმა კი დასაბამი მისცა გოტიკური ურჩხულების შექმნას და სწორედ მაშინ დაიწყო ჰორორის პირველი ოქროს ხანა, რომელიც 1930-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

ფოტო: Universal Pictures

იგივე სცენარი გამეორდა 1968 წელსაც, რომელსაც ბევრი ჰორორის მეორე ოქროს ხანად მიიჩნევს. შუალედურ ათწლეულებში ჰორორი პოპულარობას ინარჩუნებდა, თუმცა 1950-იან წლებში აქცენტი უფრო კოსმოსურ არსებებზე გადაიტანა. საშინელებათა ჟანრის ფილმების დიდი პროდუქტიულობისა და პოპულარობის მომდევნო პერიოდი 1968 წელს დაიწყო, როდესაც Rosemary’s Baby და Night of the living dead გამოვიდა. ეს ორი ფილმი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა: პირველი ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმი იყო, რომელიც უკვე ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო. მეორე კი დაბალბიუჯეტიანი ფილმია, რომელსაც დამწყები მსახიობები და გადამღები ჯგუფი ჰყავდა. თუმცა, ორივემ კარგად ასახა ის შავბნელი ამბები, რომელიც იმ დროს შეერთებულ შტატებსა და ზოგადად, სამყაროში ტრიალებდა. ზუსტად 1968 წელს იხილა სამყარომ მარტინ ლუთერ კინგისა და ბობი კენედის მკვლელობები. ამავე წლის მაისში პარიზი მძვინვარე საპროტესტო ტალღამ მოიცვა, ხოლო პრაღის გაზაფხული საბჭოთა ტანკებმა სასტიკად ჩაახშო.

1970-იანი წლები კიდევ უფრო დიდი გლობალური არეულობით გამოირჩეოდა: ვიეტნამის ომის სამარცხვინო დასასრულით, პოლიტიკური პროტესტებითა და გლობალური ეკონომიკით, რომელსაც ერთდროულად სტაგნაციაც აფერხებდა და ინფლაციაც. და მაინც, მთელი ამ ძალადობებისა და არეულობისა ფონზე, ხალხი მაინც რიგში იდგა, რათა საშინელებათა ჟანრის ფილმები ენახა. სწორედ ამ ეპოქაში ვიხილეთ კლასიკური ჰორორ ფილმები, როგორებიცაა The Exorcist (1973), The Texas Chainsaw Massacre (1974), Carrie (1976), Halloween (1978), Alien (1979), Friday the 13th (1980), The Shining (1980) და ა.შ.

მაშ, რატომ ვართ ჰორორით აღტაცებულნი უბედურების დროს?

გლობალური დაძაბულობის ფონზე, თანამედროვე ეპოქის ჰორორით გატაცება უპრეცედენტო მოვლენა სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის გადახედვა გვეხმარება, დავინახოთ საკმაოდ მკაფიო კავშირი ჰორორის ნარატივების პოპულარულობასა და სოციალურ მღელვარებას შორის, მაინც ჩნდება კითხვა — რატომ? რატომ მივილტვით საშიში, გამოგონილი ამბებისკენ ისედაც შფოთვით აღსავსე პერიოდებში? გასაკვირი არ არის, რომ არაერთმა მკვლევარმა დასვა ეს კითხვა და არც ის არის გასაკვირი, რომ მათ სხვადასხვაგვარი პასუხები შემოგვთავაზეს.

ზოგიერთი, მაგალითად, მატიას კლასენი ორჰუსის უნივერსიტეტიდან, შიშისგან მიღებულ სიამოვნებას ჩვენს ევოლუციას უკავშირებს. ათასობით წლის განმავლობაში, ადამიანებმა წარმოსახვითი საშინელებებისგან სიამოვნების მიღება ისწავლეს, რაც გაურკვეველ და საშიშ სამყაროსთან ადაპტირების ნაწილი იყო. სხვები ჰორორისადმი ჩვენს ლტოლვას იმ ღრმად ფესვგადგმული სოციალური სტრუქტურების ნაწილად მიიჩნევენ, რომლებიც აგებულია აკრძალული ადგილებისა და ე.წ. "გუდიანი კაცების" შესახებ არსებულ მითებზე, რაც, თავის მხრივ, კულტურულ ტაბუებს განამტკიცებს. და, რა თქმა უნდა, არსებობს ფსიქოანალიტიკური თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც, ჩვენი გამოგონილი მონსტრები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე ჩახშობილი სურვილები, რომლებიც ჩვენს შესაშინებლად ფარულად მოიპარება.

ჩემი აზრით, ყველა ეს მოსაზრება ღირებულია იმის ასახსნელად, თუ რატომ აქვს ადამიანს შოკისა და მძაფრი შეგრძნებების განცდის მუდმივი სურვილი. თუმცა ეს თეორიები იმ კითხვაზე ვერ სცემს პასუხს, რომლითაც დავიწყე. კითხვა არ მდგომარეობს იმაში, თუ რატომ ვიღებთ სიამოვნებას ჰორორიდან, არამედ იმაში, თუ რატომ მივილტვით ამგვარი სიამოვნებისკენ სტრესისა და შფოთვის პერიოდებში. კერძოდ, რატომ დგება გამოგონილი ჰორორის ოქროს ხანა შავბნელი ეპოქების დროს?

ჰორორის სოციალურ ფუნქციაზე დასაფიქრებლად რიტორიკას მივმართავ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი სათავეს საჯარო დისკუსიებიდან იღებს, რიტორიკა შესაძლებელია იმის გამოსაკვლევ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, თუ როგორ ანიჭებს საზოგადოება მოვლენებს მნიშვნელობას და როგორ ხდება შემდგომში ამ მნიშვნელობებზე შეთანხმება, მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ან უარყოფა. ჩემთვის რიტორიკა გამოსადეგი გზაა იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ აზროვნებს კულტურა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს ერთობლივ აზროვნებას ჩვენივე ერთობლივი წარმოსახვის უნარი აყალიბებს. ამერიკელი რიტორიკის მკვლევარი, კენეტ ბურკი ამტკიცებდა, რომ სიმბოლოებითა და მნიშვნელობებით სავსე სამყაროში ლიტერატურა "ცხოვრებისთვის საჭირო აღჭურვილობას" გვაძლევს. გამოგონილ ისტორიებს იმიტომ ვყვებით, რომ სამყაროში გზის გაკვლევის სხვადასხვა ვარიანტზე დაფიქრებაში დაგვეხმაროს. ამავე ლოგიკით, საშიში ზღაპრების მოყოლაც საჭირო აღჭურვილობას გვაწვდის იმ მოვლენებზე დასაფიქრებლად, რომლებიც გვაშინებს. ასევე, ეს მეთოდი ჩვენთვის შემაძრწუნებელი მოვლენების ბუნების გამოსაკვლევად მნიშვნელოვან სივრცესაც გვიქმნის.

ფოტო: Allied Artists Pictures

ზოგჯერ ეს რიტორიკული რეფლექსია ალეგორიების სახით გვეჩვენება. ფილმში Invasion of the Body (1965) დედამიწაზე შემოჭრილი უცხოპლანეტელი "კაფსული ადამიანები" შეგვიძლია აღვიქვათ იმის მეტაფორად, თუ როგორ ესახებოდათ ამერიკელებს კომუნიზმი ცივი ომის პერიოდში — უემოციო და საფრთხის შემცველი მტერი, რომელსაც მათი ინდივიდუალობისა და საზოგადოების წართმევა სურდა. სხვა შემთხვევებში, ჰორორი საშუალებას გვაძლევს, შიშის განცდაზე უფრო სიღრმისეულად დავფიქრდეთ. კერძოდ, იმ შეგრძნებაზე, რომ სამყარო თავდაყირა დადგა; რომ ჩვენს გარშემო მყოფებს და საკუთარ თავსაც კი არ უნდა ვენდოთ. ჰორორ-ნარატივები ზოგჯერ მხოლოდ იმ მონსტრებზე კი არ გვაფიქრებს, რომლებიც ჩვენივე შიშებს განასახიერებს, არამედ საშუალებასაც გვაძლევს, გავარკვიოთ, თუ როგორ გაჩნდნენ ისინი. ხშირად კი ჰორორ-ნარატივები გვახსენებს, რომ ის, ვისიც გვეშინოდა, შეიძლება სულაც არ იყოს მონსტრი; რომ ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ, თუ როგორ ვწყვეტთ რომელი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არის საშიში და თუ რატომ ვართ ასე მიდრეკილნი მარტივად შევუშინდეთ იმას, რაც უბრალოდ განსხვავებულია.

ჰორორის მესამე ოქროს ხანა

ზოგიერთის აზრით, ჩვენ ახლა ჰორორის მესამე ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. მას შემდეგ, რაც ჯორდან პილის Get Out (2017) გამოვიდა, კინოთეატრები გაივსო პროვოკაციული და ხშირად წარმატებული საშინელებათა ჟანრის ფილმებით. ამიტომ, თუ წინარე ანალიზს რაიმე ჭეშმარიტების მარცვალი უდევს საფუძვლად, უნდა შეგვეძლოს დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, თუ რას გვეუბნება ეს ჰორორ-ნარატივები თანამედროვე გლობალურ კულტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მოცულობა ამ საკითხის სიღრმისეულად განხილვის საშუალებას არ მაძლევს, ჩვენს თანამედროვე ჰორორში მაინც შეინიშნება ტენდენციები, რომლებიც ასე თუ ისე მიგვანიშნებს მოცემულ მომენტში თუ რა "ცხოვრებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე" გვაქვს წვდომა.

ბოლოდროინდელ ჰორორში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტენდენციაა იმის შეგრძნება, რომ ჩვენი სოციალური ინსტიტუტები არა მხოლოდ კრახს განიცდიან, არამედ ზოგჯერ თავისი არსით კორუმპირებულნი და მანკიერნი არიან. ჩემს ახალ წიგნში, სახელად უიმედობის კინო, გამოვიკვლიე ინსტიტუციურ ჰორორზე ფოკუსი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Cabin in the Woods (2011) და The Purge (2013). ამ ფილმებში ნამდვილი ურჩხული მთავრობაა, რომელიც მთავარ პერსონაჟებს ტკივილსა თუ ტანჯვას ატეხს თავს. ჯორდან პილის Get Out-იც მსგავს ლოგიკას მიჰყვება, თუმცა მთავრობაზე ნაკლებად აკეთებს აქცენტს და უფრო მეტად სისტემური რასიზმის ფართო სტრუქტურებზე ფოკუსირდება. რაიან ქუგლერის The Sinners კი კრიტიკის იმავე ლოგიკას იზიარებს, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს კომუნის საპირწონე ძალაზე — შეეცადოს, წინ აღუდგეს იმ ინსტიტუტებს, რომელთა მიზანიც ექსპლუატაცია და დატერორებაა. თუ ჰორორ ფილმებს დავუჯერებთ, ჩვენ სულ უფრო სკეპტიკურად ვართ განწყობილნი ჩვენივე ოფიციალური ინსტიტუციების მიმართ, ზოგ შემთხვევაში კი გვეშინია კიდეც მათი. ბოლო პერიოდში მემარჯვენე-პოპულისტურმა მოძრაობებმა იმატა. მათ მიერ გლობალური თანამშრომლობისა და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს უარყოფა, შესაძლოა, მმართველობითი ინსტიტუტების მიმართ მზარდი უნდობლობისა და შიშის დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენდეს.

ფოტო: Universal Pictures

გასაგები რომ იყოს, მე არ ვამბობ, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმები იმ გაკვეთილებად იყო ჩაფიქრებული, რომლებიც სამოქალაქო ღირსებებს უნდა გვასწავლიდეს. არც იმას ვამბობ, რომ ასეთი ფილმები სოციალური მეცნიერებების სასწავლო კურსებში უნდა შევიტანოთ. თუმცა გირჩევთ, რომ შემდეგ ჰელოუინზე ობობას ქსელებს როცა ჩამოკიდებთ, გოგრებს გამოჭრით და თქვენს საყვარელ ჰორორს ჩართავთ, იქნებ ორი წუთით გაჩერდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რისი სწავლება შეუძლია ამ ჟანრს ჩვენთვის.