აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს
ფოტო: Jun Seong Yi
სამხრეთ კორეაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათ თავის ქალის ნაწილს მიაგნეს, რომელიც პატარა პრეისტორიულ არსებას ეკუთვნის. ის მეცნიერებმა კორეული მულტფილმის "პატარა დინოზავრი დული" პერსონაჟს მიამსგავსეს, ამიტომ ცხოველის გვარს დულიზავრი დაარქვეს.
ნამარხს სინანში მდებარე ილგსეონგსანის გეოლოგიური ფორმაციის მიმდებარედ მიაკვლიეს. პირველად კიდურებისა და ხერხემლის ძვლები იპოვეს, თუმცა თავის ქალის მიგნებას არ ელოდნენ. საერთო ჯამში ამ ყველაფერმა სპეციალისტებს საშუალება მისცა, დინოზავრის ვიზუალური მახასიათებლების შესახებ წარმოდგენა შეჰქმნოდათ.
ის დაახლოებით ინდაურის ზომის უნდა ყოფილიყო, ასაკი კი მხოლოდ ორ წელს უტოლდებოდა, ანუ ჯერ კიდევ იზრდებოდა. ვარაუდობენ, რომ ზრდასრული ინდივიდები ორჯერ დიდები იყვნენ. ავტორები იმასაც ფიქრობენ, რომ დულიზავრის სხეულს ბუსუსები ფარავდა, რაც მას უფრო პატარა შესახედაობას სძენდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს დინოზავრი "ძალიან საყვარელი" უნდა ყოფილიყო და შეიძლება პატარა ბატკანსაც ჰგავდა. მათი თქმით, კორეაში დულის პერსონაჟი საკმაოდ პოპულარულია, მის შესახებ ყველა თაობამ იცის და ვინაიდან ეს ცხოველიც 2 წლამდე ასაკის იყო, მსგავსი სახელ შეეფერება.
დულიზავრი დინოზავრის ამ კონკრეტული გვარის სახელია, ხოლო სახეობას huhmini ეწოდება. ის პროფესორ მინ ჰოს პატივსაცემად შეარჩიეს, რომელიც დინოზავრთა შემსწავლელი ცენტრის დამაარსებელია და სამხრეთ კორეის ყველაზე მნიშვნელოვან ნამარხებსაც იკვლევდა.
ის ქვა, რომელშიც ძვლებს მიაგნეს, ძალიან მაგარია, ამიტომ ყველა ფრაგმენტის მოპოვებას წლები დასჭირდება. ამის მიუხედავად მათი დეტალურად გამოკვლევა მიკრო კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირების მეთოდით შეძლეს. ასე დაადგინეს, რომ ეს დინოზავრი თესცელოზავრთა ოჯახს მიეკუთვნება. ისინი აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იყვნენ გავრცელებულნი.ახალი ნამარხი კი მიუთითებს, რომ ეს ოჯახი აზიაში წარმოიშვა.
დოლიზავრები, სავარაუდოდ, მცენარეებითა და მწერებით იკვებებოდნენ, ხოლო ზომაში გაზრდის შემდეგ პატარა ხერხემლიან ცხოველებსაც ჭამდნენ. სამხრეთ კორეაში დინოზავრის ნაკვალევი და კვერცხებიცაა მიკვლეული, მაგრამ ახალი სახეობა იქ აქამდე 15 წელი არ იყო გამოვლენილი.
ნაშრომი გამოცემაში Fossil Record გამოქვეყნდა.


კომენტარები