პორტლენდში (მეინი, აშშ) რამდენიმე ათწლეულის წინ "მივიწყებული" დისკი იპოვეს, რომელზეც ვეშაპის სიმღერაა ჩაწერილი.

უფრო კონკრეტულად, ეს ხმა კუზიან ვეშაპს ეკუთვნის. სიმღერა დისკზე მეცნიერებმა 1949 წელს, ბერმუდაში ჩაიწერეს. თავად ზღვის ტალღების ხმაც საინტერესოა, რადგან 1940-იანი წლების ბოლოს ოკეანე გაცილებით "ჩუმი" იყო. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს ვეშაპის სიმღერის მოსმენა ახლა უკვე ნაკლები ხმაურის ფონზე შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩანაწერი ოკეანოლოგებისთვისაც საინტერესოა: მათ უკეთ შეუძლიათ გაიგონ 1940-იანი წლების ოკეანის აკუსტიკა, რომლის რეკონსტრუქციაც ამ დისკის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა.

დისკი, რომელზეც ეს კონკრეტული სიმღერაა ჩაწერილი, საკმაოდ კარგად იყო შემონახული. იგი ათწლეულების განმავლობაში არქივში იყო, მეცნიერებმა მასზე ჩაწერილი მნიშვნელოვანი ხმები შემთხვევით აღმოაჩინეს. დისკი კომპანია Gray Audograph-ის მიერაა შექმნილი. დღესდღეობით წყალქვეშ აუდიოჩანაწერების გაკეთებით ვერავის გააკვირვებთ, თუმცა თავის დროზე ეს უზარმაზარ ტექნოლოგიურ მიღწევად მიიჩნეოდა.

ისიც საინტერესოა, რომ ხმები პლასტმასის დისკზე იყო ჩაწერილი. 1940-იან წლებში ჩანაწერებს ძირითადად ფირზე აკეთებდნენ, ფირები კი მალე ცვდება.

მკვლევრები განმარტავენ, რომ ვეშაპები კომუნიკაციის სტილს ხშირად გარემოდან წამოსული ხმაურის შესაბამისად ცვლიან. ხმის გამოცემის უნარი ამ სახეობის გადარჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ისინი სოციალიზებასა და კომუნიკაციას ამ გზით ახერხებენ. გარდა ამისა, ხმების გამოცემის უნარი ვეშაპებს საკვების მოძიებაში, ნავიგაციაში, ერთმანეთის პოვნასა და გარემოს უკეთ გაგებაში ეხმარება.

ვეშაპი ბევრნაირ ხმებს გამოსცემს, მათ შორის, სტვენისა და ძახილის მსგავს ხმებს. ვეშაპთა ზოგ სახეობას სიმღერის მსგავსი ხმებიც ახასიათებს.

კუზიანი ვეშაპი, რომელიც შეიძლება 24 947 კგ-ზე მეტსაც კი იწონიდეს, ოკეანის ერთ-ერთი გამორჩეული "მომღერალი" სახეობაა. მათ რთული ვოკალიზაციის უნარი აქვთ, რომლებიც ბევრისთვის არაამქვეყნიურად ან მგლოვიარედაც კი შეიძლება ჟღერდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.