რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ
ფოტო: Getty Images
ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოს ამოხსნას შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს. 88 წლის შემდეგაც კი, მსოფლიოში ბედნიერების შესახებ ყველაზე ხანგრძლივი კვლევა გრძელდება.
1938 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევა დაიწყეს, რათა შეედარებინათ ახალგაზრდა თეთრკანიანი კაცების ორი ჯგუფი: ერთი, ჰარვარდის სტუდენტების პრივილეგირებული ჯგუფი (მათ შორის ჯონ ფ. კენედი, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა) და მეორე, დიდი დეპრესიის დროს ბოსტონის ერთ-ერთი უღარიბესი უბნის მოზარდების არაპრივილეგირებული ჯგუფი.
ათწლეულების განმავლობაში, ჰარვარდის ზრდასრულთა განვითარების კვლევამ თავის სიას ასობით მონაწილე შემატა, მათ შორის ქალები და ბავშვები, და ის კვლავ გრძელდება.
შესაძლოა, ეს ზრდასრულთა ცხოვრების შესახებ ჩატარებული ყველაზე ხანგრძლივი კვლევა იყოს. კვლევას მეცნიერთა რამდენიმე თაობა და ოთხი ხელმძღვანელი დასჭირდა.
რვა ათწლეულის განმავლობაში შესრულებული ასობით რეცენზირებული ნაშრომის, უამრავი კითხვარის, სამედიცინო შემოწმებისა და მონაწილეებთან პირადი ინტერვიუს შემდეგ, გუნდმა დააგროვა მნიშვნელოვანი მინიშნებები იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას დიდ ასაკში.
აღმოჩნდა, რომ ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრების საუკეთესო განმსაზღვრელი ფაქტორები არ იყო სიმდიდრე, პოპულარობა, შრომისმოყვარეობა, ინტელექტი ან თუნდაც "კარგი" გენები. დაახლოებით 30 წლის წინ, მკვლევრებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს ადამიანის პირად ურთიერთობებსა და იმას შორის, თუ რამდენად კარგად ვგრძნობთ თავს ჩვენს ცხოვრებაში.
კვლევას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ურთიერთობები ცალსახად გვაბედნიერებს ან ჯანმრთელობას გვიუმჯობესებს, მაგრამ ამის ნიშნები ნამდვილად ბევრია.
როდესაც მკვლევრებმა შეაგროვეს 50 წლის მონაწილეების შესახებ არსებული ყველა მონაცემი, მათ აღმოაჩინეს, რომ არა ფიზიკური ჯანმრთელობა, როგორიცაა ქოლესტერინის დონე, იყო ის, რაც საუკეთესოდ პროგნოზირებდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ ის, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ისინი ურთიერთობებით.
ის ადამიანები, რომლებიც საშუალო ასაკში ყველაზე კმაყოფილები იყვნენ მეგობრებითა და ოჯახის წევრებით, 80 წლის ასაკშიც ბევრად ჯანმრთელები იყვნენ. მეტიც, მათ ნაკლებად აღენიშნებოდათ დაავადებები და გამოჯანმრთელების მხრივაც, მათ უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ.
"თავიდან მონაცემების დაჯერება გაგვიჭირდა. აღმოჩნდა, რომ ურთიერთობები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ორგანიზმში აღწევს და ჩვენს ჯანმრთელობას განსაზღვრავს", — აღნიშნა კვლევის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ფსიქიატრმა რობერტ უოლდინგერმა.
უოლდინგერის თქმით, ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან კავშირი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივ, ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას განაპირობებდა.
"ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდით, სხვა კვლევების მონაცემებიც გადავამოწმეთ და ყველაფერი ერთად იმაზე უთითებს, რომ ურთიერთობებს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. მეტიც, ასეთ შემთხვევაში ტვინი უფრო ნელა ბერდება და ინარჩუნებს სიმკვრივეს ასაკის მატების მიუხედავად", — ამბობს უოლდინგერი.
მარტოობის განცდა, პირიქით, გაუარესებული ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად გვევლინება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მარტოობა და სოციალური იზოლაცია ნაადრევი სიკვდილის რისკს 25%-ზე მეტით ზრდის. სხვა კვლევების თანახმად, იზოლაციას შეუძლია შეცვალოს ჩვენი ტვინის ფუნქცია და სტრუქტურაც კი.
მეორე მხრივ, უბრალოდ ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა საკმარისი არ არის. ყველაფერი თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ურთიერთობების ხარისხზეა დამოკიდებული.
2010 წელს ჩატარებულ რეცენზირებულ კვლევაში, უოლდინგერმა და ფსიქოლოგმა მარკ შულცმა, 80 წელს გადაცილებულ 47 დაქორწინებულ წყვილში საინტერესო მაჩვენებელი შეისწავლეს.
ის პირები, რომლებიც უფრო კმაყოფილები იყვნენ ქორწინებით, ჯანმრთელობის პრობლემებსაც უფრო მარტივად უმკლავდებოდნენ. და პირიქით, ისინი ვინც უკმაყოფილო იყვნენ ქორწინებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბევრად უფრო დაუცველები იყვნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერი ურთიერთობები ერთგვარი დამცავია სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ.
კომენტარები